თბილისი, 6 ოქტომბერი – Sputnik. თურქული საფეხბურთო კლუბ „ტრაბზონსპორის“ მთავარმა მწვრთნელმა შოთა არველაძემ განაცხადა, რომ აუცილებლობის შემთხვევაში მზადაა, გადადგეს.
არველაძემ ეს განცხადება მეშვიდე ტურში „კონიასპორთან“ 1:2 წაგების შემდეგ გააკეთა, რომელიც „ტრაბზონისთვის“ თურქეთის ჩემპიონატში ზედიზედ მესამე წაგება იყო.
42 წლის შოთა არველაძე „ტრაბზონს“ ამა წლის ზაფხულში ჩაუდგა სათავეში, მას თურქულ კლუბთან 2–წლიანი კონტრაქტი აქვს. არველაძე თურქეთში მანამდეც მუშაობდა, ის „კაისერისპორსა“ და „ქასიმფაშას“ მწვრთნელი იყო.
„მივმართავ გულშემატკივრებს: ნუ უსტვენთ ფეხბურთელებს და ნუ ადანაშაულებთ მათ დამარცხებაში. წაგებაზე მთელ პასუხისმგებლობას ჩემს თავზე ვიღებ. უფრო მეტიც, თუ საჭიროა, გადავდგები“, – განაცხადა არველაძემ „კონიასპორთან“ წაგების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.
მანამდე „ტრაბზონმა“ გასვლით თამაშში „ოსმანლისპორთან“ ანგარიშით 1:3 და „გალათასარაისთან“ სახლში 0:1 წააგო. ასევე, არველაძის ხელმძღვანელობით „ტრაბზონსპორმა“ მაკედონიურ კლუბ „რაბოტნიჩკისთან“ ორი მატჩის ანგარიშით 2:1 წააგო და უეფას ევროპის ლიგის ჯგუფურ რაუნდში გასვლა ვერ შეძლო.