მარგველაშვილი: გაეროში სიტყვით პრეზიდენტის დელეგაციაც უნდა გამოსულიყო

© facebook.com/Margvelashviliგიორგი მარგველაშვილი
გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ აშშ-ში ვიზიტისას საქართველოს სამთავრობო დელეგაციის გაძლიერებას.

თბილისი, 6 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტის დელეგაციას გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ქვეყანა უნდა წარმოედგინა, — განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა „რუსთავი 2-ის“ პირდაპირ ეთერში. 

საკითხი, თუ ვის უნდა წარმოედგინა ქვეყანა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე, ჯერ კიდევ 2014 წელს იქცა განხეთქილების ვაშლად პრეზიდენტ მარგველაშვილსა და პრემიერ ღარიბაშვილს შორის. 

„მიმაჩნია, რომ ყველა წესითა და კანონით, როცა ქვეყანაში ვიყავი მე და იყო საპრეზიდენტო დელეგაცია, სწორედ საპრეზიდენტო დელეგაციას უნდა მისცემოდა გაეროსთვის მიმართვის შესაძლებლობა, მით უმეტეს, რომ ეს არ იყო კონკრეტული მოლაპარაკება კონკრეტულ დეტალებზე, ეს იყო ქვეყნის წარმოჩენის შესაძლებლობა", — აღნიშნა პრეზიდენტმა.

ნიუ-იორკში გაეროს 70-ე გენერალური ასამბლეის მიმდინარეობისას, რომელშიც ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით საქართველოს დელეგაციაც მონაწილეობდა, აშშ–ში სამუშაო ვიზიტით საქართველოს პრეზიდენტიც იმყოფებოდა. მარგველაშვილმა ვიზიტის ფარგლებში  მთელი რიგი მაღალი დონის შეხვედრები გამართა. 

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, აშშ-ში ვიზიტისას იგი შეეცადა  საქართველოს სამთავრობო დელეგაციის გაძლიერებას.

„ქართული დელეგაციის გაძლიერება ბუნებრივი ნაბიჯია ნებისმიერი ქართველისგან, როცა დელეგაცია ცდილობს საქართველოს საკითხი წინ წაწიოს საერთაშორისო დღის წესრიგში. ამიტომაც მივესალმე პრემიერის გამოსვლის არა ფაქტს, არამედ თვითონ პათოსს და ჩემი რწმენით გავაძლიერე მათი მდგომარეობა იმ მომენტისთვის ნიუ-იორკში. მიმაჩნია, რომ ეს ჩემი გასაკეთებელი იყო. ბუნებრივია, სადაც იქნება საქართველოს ინტერესებზე საუბარი, მე ყოველთვის ქართულ ინტერესს წავწევ წინ, მიუხედავად იმისა, რომ რაღაც დეტალები შეიძლება არასწორად მიმაჩნდეს", — აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0