რუბრიკა- გამხელილი ფიქრები
სულხან მელაძე
ზუსტად არავინ უწყის, როდის, სად და რა ვითარებაში დაიწერა, რომ "ზოგჯერ თქმა სჯობს არა თქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდების".
ამბობენ, რომ ეს ფრაზა, დაახლოებით, რვაასი წლის წინათ უთქვამს რუსთველს, რომელსაც მომავალ წელს რვაასორმოცდაათი წელი უსრულდება. არც ეს თარიღია ალბათ ზუსტი. თუმცა ახლა ამ მოვლენის ზუსტი დათარიღება არ არის ჩემი მიზანი და გპირდებით, რომ ამას არც მომავალში გავბედავ. მსგავსი ამბიციები განსაკუთრებულად განსწავლულთა ხვედრია. მხოლოდ იმის თქმა მსურს, რომ მაშინაც და მას შემდეგაც ადამ და ევას ჩამომავალთ მართებდათ და ახლაც მართებთ დაფიქრება, განჭვრეტა იმისა თუ როდის და სად რა სჯობს.
თქმა-არათქმის დილემაზე ბევრი თუ ცოტა მეც მიფიქრია. ვიცი, რომ დუმილის გამო ჩვენში ძალიან იშვიათად განუკიცხავთ ვინმე. უფრო მეტიც, დუმილი ოდითგან იყო და ახლაც არის დაფასებული.
„ენას კბილი დააჭირე!“ — ჩვენთვის ასე ხშირად მოუმართავთ და თავადაც მრავალგზის ვყოფილვართ ამგვარი მოწოდების ავტორი. დუმილის დარღვევის გამო ბევრი დაუსჯიათ და კიდევ უფრო ბევრს მომავალში დასჯიან. ახლა რა სჯობს, არ ვიცი და ვეჭვობ, ამ ცოდვილ დუნიაზე იცოდეს ვინმემ. „არცოდნა არცოდვაა“, ასეც რომ არ იყოს, მოსალოდნელი ქილიკი, განსჯა და შემდეგ რისხვა მე არ მაფიქრებს. არსად მეჩქარება, თუმცა არ მინდა სათქმელი უთქმელი დამრჩეს და დუმილს ახლა მე, ღაღადი ვამჯობინე. შესაძლოა, ვცდები. ეს ჩემი არჩევანია! — გონიერი თუ უგუნური, თავად განსაჯეთ.
აქვე… წინასწარ ბოდიში თუ ნაღაღადარი არც იმსახურებს თქვენს ესოდენ შეწუხებას. „აბა, ულია“, როგორც დედულეთში იტყვიან ხოლმე. ქვეყნის საგარეო ამბებს, ანუ მდაბიო, თუმცა გასაგებ ენაზე, რომ ვბრძანო — პოლიტიკას "ჩვენ" არავინ გვეკითხება!
გულს ნუ მოიკლავთ, არც საშინაო ფუსფუსია „ჩვენი“ გასარჩევი.
სამშობლო დაემსგავსა ერთ დიდ "სასტუმროს", სადაც "ჩვენ" ყველანი „სტუმრები“ ვართ და თანაც ძალიან მოხდენილად მოვერგეთ და შევეგუეთ ამ ამპლუას. შესაძლოა, კიდეც ვიფიქრო, რომ მივაგენით „მისიას“, რომელიც უფალმა გვარგუნა, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ არ არის ასე. "სასტუმროს დირექტორი“ და „ადმინისტრაცია" ახლა დიღომში სხედან. სულ უფრო და უფრო ხშირად გვიქნევენ საჩვენებელ თითს და გვტუქსავენ ხოლმე, უკვე ისე, როგორც „მასპინძლები“ მობეზრებულ "სტუმრებს". "სასტუმროს“ ადრე სხვა „დირექტორი“ და „ადმინისტრაცია" მართავდა. ისინი სხვაგან ისხდნენ. დისლოკაციის ადგილი გემოვნებისა და შესაძლებლობის საკითხია. კარგია, როცა პირველს ემთხვევა მეორე. ამ განსხვავებულობის მიუხედავად, მათაც იცოდნენ თითის დაქნევა და მათრახის მოქნევაც.
„ჩვენ“, მაშინაც „სტუმრები“ ვიყავით. არა, არის კიდევ ერთი განსხვავება. თავი ვერ მოვაბეზრეთ „მასპინძლებს“. ეს არა მხოლოდ იმიტომ, რომ არ, ან ვერ შევძელით, არა, უბრალოდ მათ დაივიწყეს მობეზრების განცდა. შესაძლოა, მათთვის ეს „სასტუმრო“ უფრო მიმზიდველი იყო. არც „სასტუმროს დირექტორისა“ და „ადმინისტრაციის“ ცვლილება უკითხავთ „ჩვენთვის“ და ახლო, თუ შორეულ მომავალშიც არავინ გვკითხავს.
ასე იქნება მარად და მარად, ვიდრე „სასტუმროს დირექტორისა“ და „ადმინისტრაციის“ ძიებაში ვიქნებით. თვალი გავუსწოროთ სიმართლეს და ვთქვათ, რომ ახლა სწორედ ასეა. ვეძებთ და ვარჩევთ თითისა, თუ რაიმე სხვა საგნის ქნევის სიხშირისა და სისასტიკის მიხედვით. ქვეყანას თავად უნდა ვუპატრონოთ! ვიცი, რომ ახლა ამ სიტყვების წამკითხავს, ბევრს გაეცინება და შესაძლოა, აღმოხდეს — „ავოიე“, ან „კაროჩე, რა“, შესაძლოა სულაც იკითხოს „სადა ბანაობს“?
ასეა, ასე, რადგან ყველა სხვა სიკეთესთან ერთად ილიას სიტყვები — „ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნეს“ დავივიწყეთ, ისე, როგორც ეს — „სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა-პაპათაგან: მამული, ენა, სარწმუნოება. თუ ამათ არ ვუპატრონეთ, რა კაცები ვიქნებით, რა პასუხს გავსვემთ შთამომავლობას?…“ მხოლოდ ეს როდი მიეცა დავიწყებას.
არც ის გვახსოვს, რანი ვიყავით, არც ის ვიცით, რანი ვართ და რა გასაკვირია, რომ თავად ვერაფრით ჩამოვყალიბდით, რანი გვსურს რომ ვიყოთ. „ჩვენ“ ამაზე ფიქრიც „სასტუმროს დირექტორსა“ და „ადმინისტრაციას“ მივანდეთ. დისკუსიები ამ საკითხზე ყალბი და ერთი დიდი სპექტაკლის ნაწილია, სახელწოდებით — ფარისევლობა. მათ, ვინც „ჩვენ“ მაგივრად ზომავენ და ჭრიან, იმდენი გონი კი ყოფნით, რომ ილუზია შეგვიქმნან, თითქოს „ჩვენ“ ვფიქრობთ და გადაწყვეტილებებსაც ვიღებთ… გლობალური პრობლემა სწორედ ეს არის. სხვა ყველაფერი ლოკალურია.
საფიქრალია, როგორ ვაქციეთ ქვეყანა „სასტუმროდ“ და თავად როგორ ვიქეცით სამშობლოში „სტუმრებად“. რაც კარგები ვართ, ჩვენ ვართ და მოვახერხეთ!.. ფსევდოპრობლემებით ვცხოვრობთ, ვერაფრით გავრკვეულვართ რა ხდება, რა არის მთავარი და რატომ? სტერეოტიპებით ვაზროვნებთ, ზოგი თავსმოხვეულია და ზოგი „შედევრიც“ „ჩვენივე შემოქმედებაა“. ეროვნული ფასეულობები დავივიწყეთ, მას ვისაც ჯერ კიდევ შემორჩა „გოიმი“ და დროსა და სივრცეში ჩარჩენილი და ჩარეცხილი ვუწოდეთ.
დროებით ღირებულებების მარადიული ერთგულება დაგვჩემდა. ვერ გავაცნობიერეთ, რომ ტრადიცია და ინოვაცია მტრები არ არიან და პირდაპირი მნიშვნელობით არც ანტონიმები. პირველი არ ებრძვის მეორეს და მეორე პირველს. გონიერი საზოგადოება სწორედ ტრადიციებზე დაყრდნობით მიისწრაფვის პროგრესისკენ. ვმღერით, რომ „თავისუფლება ლომთა ხვედრია“, მაგრამ ამ თავისუფლებისთვის მებრძოლმა „ლომებმა“ დღესაც არ ვიცით რა არის ეს თავისუფლება და რაც მთავარია სად მთავრდება თავისუფლება და სად იწყება თავნებობა. პოლიტიკა ხელმოცარულთა ხელობად ვაქციეთ. პროცესების მართვა ემოციებს მივანდეთ. ქარიზმა ვაქციეთ პოლიტიკოსის საზომად. ჩამოყალიბდა პოლიტიკანების ერთობა, სადაც თავად ვერ გაურკვევიათ ვინ არის მემარცხენე, ცენტრისტი და მემარჯვენე?
ერთხელ, როცა ჯერ კიდევ ტელეწამყვანის მქონდა სტატუსი, ცნობილ დასტაქარს, პროქტოლოგს ბატონ გელა მუხაშავრიას ვკითხე — რას ხედავთ პოლკიტიკურ სპექტრში? სხარტად მიპასუხა — აქ, რომ ვხედავ, მსგავსი არსად არასოდეს მინახავსო. მეზობელი სახელმწიფოს ეკონომიკის ბლოკირებით და ნგრევით გართულებს ჩვენი დაგვემხო თავზე. საბჭოთა საქართველოს ქონება ჯერ რამდენიმე „ოჯახმა“ გაიყო, შემდეგ რაც გადარჩა ე.წ უცხოელ ინვესტორებზე ხან სიმბოლურ და ხანაც სიმბოლურთან ძალზედ მიახლოებულ ფასად გავასხვისეთ.
ითქვა, რომ ყველაფერი შეიძლება გაიყიდოს სინდისის გარდა. ნათქვამი ავიტაცეთ და ქვეყანა გავიტანეთ აუქციონზე. არავინ დაფიქრებულა, რომ ამ ტოტალური ვაჭრობის ხანაში მავანთა სინდისზე გაცილებით ძვირფასი გაიყიდა და თანაც ჩალის ფასად.
სამართლიანობის განცდა დავკარგეთ. თემიდას მრავალჯერ ავყარეთ პატივი და ახლა ჩვენ მიერ გაბახებული სამართლის იმედად ვართ. მხოლოდ ეს როდია… მოყვასის სიყვარული დავივიწყეთ და ტკივილის განცდაც დავკარგეთ. ძალიან უნდა გვტკიოდეს. „ჩვენი“ დროების შემხედვარე ეს ტკივილი არ უნდა ნელდებოდეს, რადგან საამისოდ არაფერი გვიღონია… ისევ გათითოკაცებული და ხშირად სქესწაშლილი მრავალი "მე" ცდილობს მისივე ლოკალური პრობლემების მარტო, ეულად დაძლევას. ლოკალურად წოდებული პრობლემების მიღმა უმრავლეს შემთხვევაში სტომაქის აღლუმი და სულგამოცლილი სხეულის შემოსვა მოიაზრება.
აი ასე, ნაბიჯ-ნაბიჯ და გულმოდგინედ „ვაშენეთ“ ქვეყანა. თითო აგური ყველამ დადო ამ „სასტუმროს“ მშენებლობისას. ვიღაცამ მეტი, ვიღაცამ ნაკლები. ასეთია ოცდახუთი წლის მანძილზე სახელმწიფოს "ქართულად მშენებლობის" შედეგი.
ახლა მრავალმა კითხვამ გამიელვა. იყო, თუ არა ეს შედეგი პროგნოზირებადი? იყო! იმთავითვე, როცა „შენება“ დავიწყეთ, იყვნენ, თუ არა პიროვნებები, რომელთაც წინასწარ იცოდნენ "ქართული გონივრული ძალისხმევის" შესაძლო შედეგი? იყვნენ! ვიცი იკითხავთ რატომ დუმდნენ? მთქმელს გამგონი უნდა და თანაც ყველა როდი სდუმდა. ვიღაცეებმა გაბედეს, ხმა ამოიღეს და სათქმელი თქვეს. ზოგი პირდაპირ მოვკალით, ზოგსაც დავეხმარეთ სიკვდილში, ზოგიც ერისა და სამშობლოს მოღალატეებად და მტრებად შევრაცხეთ. არავინ დაგვრჩენია „უყურადღებოდ“, ყველას „მივაგეთ საკადრისი პატივი“.
სულ ეს როდია, რაც ორი ათეული წლის მანძილზე ჩავიდინეთ, მაგრამ ნამოქმედარის არაკს ხომ უნდა ჰქონდეს საზღვარი და მეც დროებით აქ დავსვამ წერტილს.
ნაღაღადარს თავს არავის ვახვევ. ყველას გაუმარჯოს ვინც სხვაგვარად ფიქრობს, ხედავს და ღაღადებს. მაინც რა მრჯიდა?
მახსოვს, ერთხელ ბატონ ჭაბუა ამირეჯიბს ინტერვიუ ვთხოვე. მოწიწებით უარი მითხრა. არ ჩავძიებივარ, არ მიკითხავს რატომ? რამდენიმე წამი იყო პაუზა. მივხვდი ორიოდე სიტყვას დასძენდა უთუოდ. „სიტყვამ დაკარგა ძალა, სიტყვამ დაკარგა ფასი“, — გულდაწყვეტილმა ბრძანა ბატონმა ჭაბუამ. ვიცი, ახლაც ასეა, მაგრამ მე ჯიუტად მინდა სხვაგვარად იყოს.
არ მინდა სათქმელი დარჩეს უთქმელი.
ვიცი ვიყავი ძალზედ მკაცრი და სასტიკი.
გამოხმაურებას არ ველი.
P.S ღმერთო ჩემო, ლამის დამავიწყდა — ბოდიში, რომ არ ვიყავი კიდევ უფრო მკაცრი და სასტიკი. დრო ამას ითხოვს…