თბილისი, 5 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ყოფილმა უშიშროების მინისტრმა ირაკლი ბათიაშვილმა განცხადება გააკეთა საქართველოს ექს-პრემიერ, მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელზე, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილზე თავდასხმის მზადების შესახებ.
"სანდო წყაროდან, რომელთანაც ურთიერთობა მქონდა ჯერ კიდევ იმ პერიოდიდან, როდესაც მე ვიყავი საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახურის თავმჯდომარე, მივიღე ეს ინფორმაცია. ყოფილი ხელისუფლების ემიგრაციაში მყოფ გარკვეულ წრეში მიდის მოსამზადებელი საკმაოდ სერიოზული სამუშაო ბიძინა ივანიშვილის ფიზიკური ლიკვიდაციის, ტერორისტულ აქტთან დაკავშირებით. რაც ჩემთვის ყურადსაღები მომენტია, გარკვეული ჯგუფი უკვე ჩამოსულია აქ წინასწარი სადაზვერვო სამუშაოებისთვის", — განაცხადა ბათიაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში ორშაბათს, 5 ოქტომბერს. ამასთან ბათიაშვილს ინფორმაციის წყარო არ დაუსახელებია.
ყოფილი მმართველი პარტიის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა აღნიშნულ განცხადებას არასერიოზული უწოდეს და კომენტარისაგან თავი შეიკავეს.
ტელეკომპანია „იმედის“ მონაცემებით, აღნიშნულ განცხადებასთან დაკავშირებით ბათიაშვილი პროკურატურაში დაიბარეს, მაგრამ გადაწყვეტილება გამოძიების დაწყებაზე არ მიუღიათ.
ირაკლი ბათიაშვილი სპეცსამსახურს ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს მეთაურობდა. ამჟამად ბათიაშვილი პარტია „დემოკრატიული მოძრაობა — ერთიანი საქართველოს“ წევრია.