თბილისი, 5 ოქტომბერი — Sputnik. მიმდინარე წლის 5 ოქტომბერს სასტუმრო,,ქორთიარდ მერიოტში“ საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, მინისტრის მოადგილეები ლაშა ხუციშვილი და ცოტნე ყავლაშვილი PEMPAL-ის საერთაშორისო ღონისძიებას დაესწრნენ.
PEMPAL-ი სახელმწიფო ხარჯების მართვის სფეროში მოღვაწე საჯარო მოხელეთა ქსელს წარმოადგენს, რომლის მიზანიც ცენტრალური აზიისა, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის საჯარო ფინანსების მართვასთან დაკავშირებული ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებაა, იტყობინება ფინანსთა სამინისტროს პრეს-სამსახური.
„თბილისში შეხვედრის ძირითადი მიზანია სახელმწიფო ფინანსების ელექტრონულ მართვაში საქართველოში დაგროვილი გამოცდილებისა და მიღწეული პროგრესის გაცნობა. სემინარის მონაწილეებში დიდ ინტერესს იწვევს ფინანსთა სამინისტროს სსიპ საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის მიერ შექმნილი საჯარო ფინანსების მართვის ინტეგრირებული ელექტრონული სისტემა PFMS“, — ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.
შეხვედრას 11 ქვეყნის 42 წარმომადგენელი ესწრებოდა. მათ შორის, ხაზინის უფროსის მოადგილეები: ალბანეთიდან, აზერბაიჯანიდან, ბელარუსიიდან, მოლდოვადან, რუსეთის ფედერაციიდან; მსოფლიო ბანკის ექსპერტები: ვაშინგტონიდან, მოლდოვადან, ყირგიზეთიდან და ავსტრალიიდან. ასევე ექსპერტები მსოფლიო ბანკიდან, ჯემ დენერი და ელენა ნიკულინა.