სოფო კაკაჩია
როდესაც ჩხოროწყუში ახალი ფოლკლორული ანსამბლი შეიქმნა, მის სახელზე ბევრი იფიქრეს. მათი ხელოვნებით მოხიბლულმა უწმინდესმა და უნეტარესმა, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სურვილი გამოთქვა, რომ მისთვის „ილია მეორე“ დაერქვათ. თუმცა ანსამბლის წევრებმა პატრიარქის შემოთავაზებაზე მოკრძალებული უარი განაცხადეს, რადგან ეს მათთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა იქნებოდა და თან ისეთი, რომელსაც ღირსეულად ტარება სჭირდება. საბოლოოდ ანსამბლს „კავკასიონი“ ეწოდა და დღეს იგი დაარსებიდან ორ წელიწადს ითვლის, ანსამბლი 12 წევრისგან შედგება, მათ შორის განათლებით მუსიკოსი მხოლოდ ორია, დანარჩენი ათი სხვადასხვა პროფესიის ადამიანი გახლავთ. მიუხედავად იმისა, რომ ანსამბლი მხოლოდ ორი წელია, რაც არსებობს, უკვე საკმაო პოპულარობით სარგებლობს. ჩვენ ვეწვიეთ მათ ჩხოროწყუში და ანსამბლის ხელმძღვანელს, ბატონ ირაკლი კაჭარავას გავესაუბრეთ.
— ბატონო ირაკლი, თუ შეიძლება ანსამბლის ისტორია მოგვიყევით..
— დიდი მადლობა, რომ ჩვენი ანსამბლით დაინტერესდით. მოგახსენებთ, ანსამბლი „კაკვასიონი“ შეიქმნა 2013 წელს, ორი წელია, რაც არსებობს. თუმცა მისი შექმნის იდეა ხუთ წელზე მეტ ხანს არსებობდა. თავიდან როდესაც დავიწყეთ, სამნი ვიყავით ანსამბლში, მერე თანდათან სხვებიც შეგვემატნენ. შემდეგ ინსტრუმენტებზე ზრუნვა დავიწყეთ. ჩემი აზრით, ნებისმიერი ანსამბლი ჩამოყალიბებულად ითვლება მაშინ, როდესაც ის პირველ კონცერტს გამართავს, ჩვენი ათვლის წერტილი კი ორი წლის წინ დაიწყო. ჩვენს ქალაქში არსებობს წმიდა ფოლკლორული ანსამბლი „ჩხოროწყუ“, რომლის ლოტბარი ჩემი ძმა გახლავთ. ამან განაპირობა ის, რომ ეთნო-ფოლკლორული ანსამბლი შეგვექმნა. ჩვენ წმინდა ფოლორულ ნიმუშებზეც ვმუშაობთ და ამის სერტიფიკატიც გაგვაჩნია. თუმცა ჩვენ ვეცადეთ, რეპერტუარი მრავალფეროვანი გაგვეხადა. რატომ ეთნო-ფოლკი? იმიტომ, რომ წმინდა ფოლკლორს თავისი კონკრეტული აუდიტორია ჰყავს და ეთნო-ფოლკი კი მაშტაბურობის საშუალებას იძლევა. ჩვენ რასაც ვქმნით, გვინდა, რომ მაყურებლისთვის საქართველოში და არა მარტო საქართველოში — მის საზღვრებს გარეთაც — მრავალფეროვანებით გამოირჩეოდეს..
- რამდენადაც ვიცი, თქვენმა ანსამბლმა პატრიარქის დიდი მოწონება დაიმსახურა და მან კონკრეტული სახელწოდებაც გირჩიათ მისთვის…
— საქმე ისაა, რომ ჩვენ გვაქვს რეპერტუარში მეგრული სიმღერა სახელწოდებით „გოლუაფირო საქართველო“ (შემოგევლე საქართველო), რომლის ტექსტიც პატრიარქს წარუდგინეს და მას ძალიან მოეწონა, ამის შემდეგ უწმინდესმა შეხვედრაზე მიგვიწვია. გიორგი ანდრიაძემ ამ შეხვედრისთვის 20 წუთი გამოგვიყო, თუმცა პატრიარქთან საათი და 20 წუთი დავრჩით. ეს იყო ყველაზე ბედნიერი დღე ჩვენი ანსამბლისთვის. პატრიარქის თხოვნით რამდენიმე სიმღერა შვასრულეთ. მან პატარა ტესტიც მოგვიწყო: თამრიკო ჭოხონელიძის სიმღერის აკაპელა გვთხოვა. რა თქმა უნდა, შევასრულეთ. ამის მერე ,,პატრიარქმა გვირჩია, იქნებ, თქვენს ანსამბლს,,ილია მეორე“ დაარქვათო. ამ დროს მას სახელი ჯერ არ ჰქონდა. ჩვენ მოკრძალებული უარი განვაცხადეთ, ვინაიდან ეს ჩვენთვის უდიდესი პასუხისმგებლობა იქნებოდა და ამას საკუთარ თავზე ნამდვილად ვერ ავიღებდით… შემდეგ, პატრიარქმა გვითხრა, იქნებ ანსამბლს ისეთი სახელი დაარქვათ, რომელიც საქართველოს გაერთიანებას სიმბოლურად გამოხატავსო. დიდი ფიქრის შემდგომ, მას,,კავკასიონი“ დავარქვით, ჩვენი სლოგანიც ასეთია: „ნიკოფსიიდან დარუბანდამდე“. რატომ კავკასიონი?— სწორედაც, იმიტომ, რომ კავკასიაში, სადაც კი ქართველია და ქართული სისხლი ჩქეფს,- ყველას შევეხოთ. აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ყაზახეთში მოღვაწე ქართველ ბიზნესმენს, მამუკა თიბილაშვილს, რომელმაც სამი სიმღერის ჩაწერა დაგვიფინანსა. სიმღერები სოფო ხალვაშის სტუდიაში ჩავწერეთ და მასაც დიდ მადლობას ვუხდი.
— ბატონო ირაკლი, ანსამბლის წარმატებისთვის დიდი მნისვნელობა აქვს რეპერტუარს, სადაც ორიგინაურად შესრულებული ცნობილი სიმღერებიც შევა….
- ანსამბლის მთავარი მიზანია, შეხვდეს მაყურებელს ანუ დადგეს სცენაზე. ამისათვის კი საჭიროა საუკეთესო რეპერტუარი, კონცერტზე მაყურებელმა დროის შეგრძნება უნდა დაკარგოს, თუ რეპერტუარი საუკეთესო არ არის, მაშინ მას არც უსმენენ. ჩვენი ანსამბლის ორწლიანი მუშაობის შედეგად მივღწიეთ იმას, რომ გვგქონდეს განსხვავებული და საინტერესო რეპერტუარი. საყურადღებოა, რომ მაყურებელმა კარგად მიგვიღო, დადებითად შეგვაფასა. ჩვენი რეპერტუარის 60% ჩემი დაწერილი სიმღერები და კომპოზიცია გახლავთ. აქიდან გამომდინარე, სწორედ ამით განვსხვადებით სხვა ანსამბლებისაგან… როდესაც 12 ადამიანი უკრავს და მღერის სცენაზე, ეს საკმაოდ სანახაობრივია. ამ ეტაპზე ანსამბლს სჭირდება შემოსვა. ამჟამად ვმუშაობთ ამ საკითხზე. საერთოდ, ბენდს სპეციფიკური ფორმა ესაჭიროება, არც ზედმეტად ეროვნული და არც ზედმეტად თანამედროვე. გარკვეული ინტრუმენტები საკუთარი სახსრები შევიძინეთ, ასევე გავარემონტეთ ბაზა, სადაც რეპეტიციებს ვატარებთ, და შეძლებისდაგვარად, ნორმალური პირობები გვაქვს, თუმცა მოგეხსენებათ, სამეგრელოში ნესტი იცის და ეს აპარატურას აზიანებს.
— რამდენად დაფასებულია საქართველოში ფოლკლორული მუსიკა და რატომ გადაწყვიტეთ, უპირატესობა ეთნო-ფოლკლორისთვის მიგენიჭებინათ?
- ეს საკამათო თემა გახლავთ, ვინ როგორ აფასებს, ან ფასდება თუ არა. ჩემი აზრით, აფასებს ის, ვისაც ესმის. გარკვეული სახის ცოდნას უნდა ფლობდეს ადამიანი, ფოლკლორი რომ უყვარდეს და გაიგოს. 18 წელია, რაც ფოლკლორულ ანსამბლებს ვხელმძღვანელობ და ამ სფეროს კარგად ვიცნობ. პრობლემა რა არის, იცით?— ორი მომენტია, პირველი სახელმწიფო რამდენად ეხმარება ანსამბლებს ეთნო-ფოლკის განვითარებაში და მეორე — როგორია ანსამბლების მიდგომა ეთნო-ფოლკის მიმართ. სამწუხაროდ, ორივე მხრივ არის პრობლემები. მაგალითად, სახელმწიფო სპორტს იმიტომ აფინანსებს, რომ ეს არის სანახაობრივი და მასშტაბური, არსეობობს კომერციული გათვლაც, მაგრამ ანსამბლები რატომ ფინანსდება? სწორედ იმიტომ, რომ არ დაიკარგოს ფოლკლორი და აღადგინონ ძველი მივიწყებული სიმღერები, რომელიც ღირებულია და არა მარკეტინგული გათვლის გამო. ძალიან ბევრს ფოლკლორული და ხალხური სიმღერები ერთმანეთში ერევა. ფოლკლორული ანსამბლი ძველი მივიწყებული სიმღერების აღდგენაზე მუშაობს და საკუთარი სტილი გააჩნია, მე გამოვყოფდი ჩხოროწყუს კულტურის ცენტრთან არსებულ წმინდა ფოლკლორულ ანსამბლ „ჩხოროწყუს“, რომელიც ამ წესების დაცვით მუშაობს და ასევე ზუგდიდის კულტურის ცენტრთან არსებულ ანსამბლს „ოდოია“. უშუალოდ ჩვენ რასაც ვქმნით, ანუ ეთნო-ფოლკლორს, ეს არის სანახაობრივიც და შოუ-ბიზნესზე გათვლილიც. სიმართლე გითხრათ, მე გულით მინდა, წმინდა ფოლკლორით ვჩანდეთ, მაგრამ რასაც მაყურებელი ითხოვს, ეს გასათვალისწინებელია. ამიტომ ჩვენც ამ მოთხოვნების თანახმად ცდილობთ, რომ შოუბიზნესში ჩვენი ადგილი დავიმკვიდროთ.