თბილისი, 5 სექტემბერი — Sputnik. ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა რუსეთს მოუწოდა არ დაარღვიოს ალიანსის საჰაერო სივრცე და თავი აარიდოს დაძაბულობის გაღვივებას.
თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ორშაბათს განაცხადა, რომ შაბათს რუსულმა სამხედრო თვითმფრინავმა, სირიის მხრიდან, თურქეთის საჰაერო სივრცე დაარღვია. თურქეთში რუსეთის საელჩოს პრესატაშემ იგორ მიტიაკოვმა განაცხადა, რომ რუსულმა მხარემ ამასთან დაკავშირებით განმარტება მისცა თურქეთის ელჩს რუსეთში. თურქეთის პრემიერ-მინისტრ აჰმეთ დავუთოღლუს განცხადებით, მოსკოვმა ანკარას აცნობა, რომ მოხდა შეცდომა და რომ ინციდენტი აღარ განმეორდება.
„მოვუწოდებ რუსეთს, სრულად დაიცვას ნატო-ს საჰაერო სივრცის ურღვევობა და თავი აარიდოს ალიანსთან დაძაბულობის ესკალაციას. მოვუწოდებ რუსეთს, გადადგას აუცილებელი ნაბიჯები, რათა მისი ძალისხმევა შეესაბამებოდეს საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევას „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლაში“, — განაცხადა სტოლტენბერგმა.
სტოლტენბერგის განმარტებით, რუსეთის ქმედებები ხელს არ უწყობს რეგიონში უსაფრთხოებასა და სტაბილურობას.