თბილისი, 5 ოქტომბერი — Sputnik. რადიკალური ტერორისტული დაჯჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ბოევიკებმა ქალაქ პალმირაში რომაული ეპოქის ტრიუმფალური თაღი ააფეთქეს, განუცხადა სააგენტო Sputnik-ს სირიის სიძველეებისა და მუზეუმების დეპარტამენტის გენერალურმა დირექტორმა მაამუნ აბდელ-ქარიმმა.
„ქალაქში მყოფი წყაროების ინფორმაციით, „ისლამური სახელმწიფოს“ ბოევიკებმა პალმირას ისტორიულ ცენტრში მდებარე ტრიუმფალური თაღი დაანგრიეს. მას შემდეგ, რაც ტერორისტებმა ბელსა და ბაალ-შამინში ორი ტაძარი და უძველესი სამარხი ააფეთქეს, ეს ტრაგედია მოსალოდნელი იყო“, — თქვა აბდელ-ქარიმმა.
დირექტორის თქმით, ბოევიკების მიერ თაღის დიდი რაოდენობით ასაფეთქებელი მასალით დანაღმვას თვითმხილველები ჰყავდა. მან აღნიშნა, რომ ტრიუმფალური თაღი — ეს „ისტორიისთვის უზარმაზარი დანაკარგია… ის, რასაც დღეს ვაკვირდებით, იმ დაგეგმილი სცენარის ნაწილია, რომლის მიხედვითაც პალმირა მიწისაგან პირისა უნდა აღიგავოს“.
სირიელმა ისტორიკოსმა განაცხადა, რომ პალმირას გადარჩენის იმედი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება გვქონდეს, თუ სირიის არმია დაუყოვნებლივ გადავა შეტევაზე და რუსეთის სამხედრო-კოსმოსური ძალების თვითმფრინავების დახმარებით ქალაქს გაათავისუფლებს.
„ჩვენ პასუხს ვაგებთ საკუთარი მიწის, სამშობლოსა და მისი ისტორიის დაცვაზე. მაგრამ ამ კატასტროფული ტრაგედიის წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარება გვჭირდება. რუსეთთან მეკავშირეობა, რომელიც „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგაა მიმართული, ოქროს ასოებით ჩაწერს ახალი ისტორიის გვერდებს“, — თქვა აბდელ-ქარიმმა.
ტრიუმფალური თაღი, რომლის სიმაღლეც 20 მეტრი იყო, ჩვენი წელთაღრიცხვის მეორე საუკუნის ბოლოს აშენდა იმპერატორ სეპტიმიუს სევერუსის მმართველობისას. თაღი, ისევე როგორც მთელი ქალაქი, რომაულ სტილში იყო ნაგები. თაღის წვერზე მშენებლობის დაწყებაზე ბრძანების გამცემი იმპერატორის სახელი იყო ამოკვეთილი.
აბდელ-ქარიმი წარსულში აცხადებდა, რომ შეიარაღებული კონფლიქტისას დანგრეული და დაზიანებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების აღდგენას მილიარდობით დოლარი დაჭირდებოდა.