პრემიერი: საქართველო ღვინისა და ვაზის სამშობლოა

© courtesy of Irakli Garibashviliრთველი
რთველი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართული ღვინის დღე საქართველოს პრემიერ–მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით დაარსდა და პირველად გასულ წელს აღინიშნა.

თბილისი, 5 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქართული ღვინის დღესთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო ღონისძიებებში მიიღო მონაწილეობა, იუწყება მთავრობის პრეს–სამსახური.

ქართული ღვინის დღე საქართველოს პრემიერ–მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით დაარსდა და პირველად გასულ წელს აღინიშნა.

საზეიმო ღონისძიებები ქართული ღვინის განახლებული ცენტრის პრეზენტაციით დაიწყო, რომელიც პრემიერმა სოფლის მეურნეობის მინისტრ ოთარ დანელიასთან ერთად გახსნა. ცენტრში განთავსებულია ენოთეკა, მარანი და სადეგუსტაციო ოთახი.

პრემიერ–მინისტრმა ღონისძიების მონაწილეებს ქართული ღვინის დღე მიულოცა და ქართული მეღვინეობის კულტურის უნიკალური ისტორიის შესახებ ისაუბრა.

საქართველოში ქართული ღვინის დღეს აღნიშნავენ - Sputnik საქართველო
საქართველოში ქართული ღვინის დღეს აღნიშნავენ

როგორც ღარიბაშვილმა განაცხადა, მცხეთის რაიონში, ჯიღაურას მეურნეობის ტერიტორიაზე ქართული ღვინის მუზეუმის გახსნა იგეგმება.

„ჩვენი მიზანია, კიდევ ერთხელ მთელ მსოფლიოს შევახსენოთ, რომ  საქართველო ვაზის და ღვინის სამშობლოა; რომ აქ, ამ მიწაზე, უკვე 8 ათასი წელია, იწარმოება ღვინო; ეს გახლავთ ადგილი, რომელმაც სახელი გაითქვა, როგორც ღვინის აკვანმა“, — განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილი, თბილისის მერთან დავით ნარმანიასთან და მინისტრებთან ერთად, თბილისის ცენტრში გამართულ ქართული ღვინის ფესტივალს ეწვია, სადაც ჩატარდა ღვინის დეგუსტაცია, კონცერტი და ღვინის თემატიკასთან დაკავშირებული მხატვრული ნამუშევრების გამოფენა–გაყიდვა. პრემიერმა ქართული ყურძნის სხვადასხვა უნიკალური ჯიშის, მათ შორის აფხაზური ჯიშის ყურძნისგან დაწურული ღვინო დააჭაშნიკა.

იმავე დღეს საქართველოს პრემიერმა და მთავრობის წარმომადგენლებმა თავიანთ ოჯახებთან ერთად გურჯაანის რაიონში გამართულ რთველში მიიღეს მონაწილეობა. ღარიბაშვილი მევენახეებს გაესაუბრა და რთველთან დაკავშირებით მათი მოსაზრებები მოისმინა.  

„მთავრობა, უკვე მესამე წელია, ერთსა და იმავე სუბსიდიას გასცემს — თეთრ ყურძენზე — 35 თეთრის, ხოლო საფერავზე — 15 თეთრის ოდენობით. ჩვენი მთავრობის პირობებში, ყურძენს ფასი დაედო, 4 ათას ჰექტარზე მეტი ახალი ვენახი გაშენდა, რადგან გლეხს მოტივაცია გაუჩნდა, რომ ღირს ყურძნის მოყვანა. ბოლო სამი წლის განმავლობაში ყურძნის რეალიზაციის შედეგად, 300 მილიონი ლარი შემოვიდა კახეთში“, — განაცხადა პრემიერმა. 

მევენახეებს  ყურძნის გაყიდვა 100%-იანი მოგებით შეუძლიათ, აღნიშნა ღარიბაშვილმა. 

ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, ოქტომბრის დასაწყისში კახეთში 104,7 ათასი ტონა ყურძენი გადამუშავდა, ხოლო მევენახეების შემოსავალმა 71,2 მლნ ლარი (29,7 მლნ აშშ დოლარი) შეადგინა.

 


ყველა ახალი ამბავი
0