მერაბ ხაჩიძე
ერთ-ერთი სოციოლოგიური კვლევის დროს დასმულ კითხვას — თუ რა იქცა საქართველოში კორუფციის „დამარცხების" მიზეზად, ყოფილმა ჩინოვნიკებმა „კუდისა" და „სოდის" მიმართულებით გაიშვირეს ხელი და ამდენად, მთავარ მიზეზად, ძალოვანი სტრუქტურების კარგი მუშაობა დაასახელეს.
დღეს მიმდინარე და ხვალ გასამართი სასამართლო პროცესების ფონზე, ამ ყოფილი მთავრობის წევრებს რომ უთხრა — ისე დაგიმშვენდათ ცხვირი, როგორც საქართველოში კორუფცია დამარცხდაო — სხვა რომ არაფერი, მათი ცხვირები მაინც უნდა შეგეცოდოს პატიოსან კაცს. კორუფცია დამარცხდა კი არა და, ბოლო ათი წლის მანძილზე, ყველაზე უმნიშვნელო ტენდერიც კი არ გამართულა ჩვენი ხელისუფლებისგან წილის მოთხოვნის გარეშე (ბიუჯეტიდან გამქრალ მილიარდებზე რომ აღარაფერი ვთქვათ). ხელისუფლების დაბალ წრეებში ქრთამებს აღარ იღებდნენ. ეს კია სიმართლე, მაგრამ ამ სიმართლის საფუძველი, კუდის და სოდის მიმართ შიში იყო (საქართველოს ციხეში სატანაც არ მოისურვებდა მოხვედრას) და არა კარგი ხელფასი და ამაღლებული ცხოვრების დონე. სამსახურებრივი მოვალეობა და პასუხისმგებლობა ხომ სათქმელადაც არ ღირს. კაცმა რომ თქვას, ძმის, ბიძაშვილის თუ ახლო ნათესავის სადმე, თუნდაც ხელისუფლების მაღალ ეშელონში დასაქმება, დანაშაული არ არის, მაგრამ როცა ეს ერთეულ შემთხვევას სცდება და მხოლოდ გაბაშვილის გვარია საკმარისი იმისათვის, რომ გავლენიანი მინისტრი მამის შვილი პარლამენტში მოხვდეს და როცა ასეთმა ფაქტებმა ზვავად წამოსვლის საშიშროების სახე მიიღო, პროცესი უნდა შეჩერდეს!
მდგომარეობა, ცოტა არ იყოს, კომიკურ სახესაც იღებს. გაბაშვილების, ბეჟუაშვილების, კუბლაშვილების და სხვათა და სხვათა „პატრონი" ირმა ნადირაშვილი, დღევანდელ ხელისუფლებას დებს ბრალს ნეპოტიზმში. კომიზმია, აბა რა! უფრო სწორად, კომიზმი ნადირაშვილის საქციელშია, თორემ ამ თემაზე, საზოგადოებას ყველა წევრს აქვს უფლება, დღევანდელ ხელისუფლებასაც მოსთხოვოს პასუხი. მით უმეტეს, აქვს უფლება მაშინ, როცა ნეპოტიზმი დღესაც (განსაკუთრებით რაიონებში) ფრთაგაშლილი დანავარდობს. არადა, უმიზეზოდ არაფერი ხდება. მიზეზი კი ძალზე სერიოზულია და იქნებ თვით ნეპოტიზმზე უფრო საგანგაშოც.
ჩვენნაირ სახელმწიფოში, იქ, სადაც ჯერჯერობით, გარანტირებული ხელფასი მხოლოდ სახელმწიფო სტრუქტურამ შეიძლება მოგცეს, იქ, სადაც ერთი კაცი წყვეტდა (თუ წყვეტს), ბიზნესში ვის რამდენის შოვნის უფლება აქვს, იქ, სადაც მოსახლეობის უმრავლესობა პურსა და სიგარეტს ნისიად ყიდულობს, ნეპოტიზმი, ძმაბიჭობა და ნათლიმამობა ღვიძლი ძმები არიან.
თითქმის ორი ათეული წელია, ქართველები ყველაზე ხშირად ვამბობთ ორ სიტყვას — „სამსახური მაშოვნინე". გულწრფელად რომ გითხრათ, ზოგიერთი მაღალი თუ დაბალი რანგის ჩინოვნიკის მდგომარეობაც არ არის შესაშური. დაინიშნება თუ არა ვინმე მეტ-ნაკლებად გავლენიან პოსტზე, მაშინვე დგება ახლობლებისა და ნათესავ-მეგობრების რიგი მისი კაბინეტისა თუ სახლის კართან და გალურჯებამდე რეკავს მისი ყველა ტელეფონი. არის ერთი ხვეწნა-მუდარა, ნათელ-მირონისა და კაცური ვალის შეხსენება და იმის მტკიცებაც კი, რომ ინჟინერია, მაგრამ ექიმად და იურისტადაც გამოდგება. ასე და ამგვარად ჩაანაცვლეს დღეს უკვე სახლში მჯდომი უპატრონო პროფესიონალები პატრონიანმა „იურისტებმა" და „ინჟინრებმა", „პოლიტიკოსებმა" და „ჟურნალისტებმა". ერთი სიტყვით: ნეპოტიზმი ჩვენი არეულ-დარეული ცხოვრების წესის, სიდუხჭირისა და მძიმე ეკონომიკური პირობების შედეგია და არა პირიქით.
ასეთ დროს, შეიძლება ისე მოხდეს რომ, რაც კი ჩვენს ქვეყანაში პროფესიონალიზმისგან დარჩა, ისიც უახლოეს პერიოდში განადგურდეს. სანამ სახელმწიფო სამსახური და „ერთმანეთის გატანა" დასაქმებების ერთადერთი „ცეხია", ეს საშიშროება — ნეპოტიზმი — სულ იარსებებს. იარსებებს მანამ, სანამ საზოგადოების ცხოვრების წესი „ზემოთ" მჯდომ კაცებს იმ „მწყალობლის" სტატუსს არ მოუხსნის. „სტალინშჩინა კი არ არის სტალინის ბრალი — თვითონ სტალინია ჩვენი შექმნილიო". ეს დიდი მწერლისა და პუბლიცისტის ზოშჩენკოს ნათქვამია.