თამაზ ჩიქვანაია
1961 წელს ქუთაისში დაბადებული მაია ჩიბურდანიძე დღეს 9 გზის
ყველაზე ახალგაზრდა, 17 წლისა გახდა მსოფლიოს ჩემპიონი და 14 წლის მანძილზე ღირსეულად ატარა ეს ტიტული.
მისი „დედოფლობა“ ხანგრძლივობით მესამეა, ჩამორჩება ვერა მენჩიკს, რომელიც 18 წლის განმავლობაში იყო ჩემპიონი და ნონა გაფრინდაშვილს, რომელიც 16 წელი იყო ოლიმპზე. მაიამ 1978 წელს სწორედ მისგან გადაიბარა ჩემპიონის გვირგვინი და ოთხჯერ დაიცვა იგი.
მანამდე იყო საზონათაშორისო ტურნირი. აქ, სპეციალისტთა გასაკვირად, დიდი უპირატესობით გაიმარჯვა და ალა კუშნირთან თამაშის უფლება მოიპოვა. დაძაბულ შეხვედრაში მაიამ 7,5:6,5 დაამარცხა იმ დროისთვის მსოფლიოს მეორე ნომერი და ნონა გაფრინდაშვილთან თამაშის უფლება დაიმსახურა. ისტორიული მატჩი ბიჭვინთაში გაიმართა. მსოფლიოს უმაღლეს ტიტულს ორი ქართველი ქალბატონი ეცილება ერთმანეთს და მათ შორის უფრო ახალგაზრდა ხდება მსოფლიოს ქალ მოჭადრაკეთა ლიდერი. ოთხჯერ სცადეს ტახტიდან მისი „ჩამოგდება“ რუსმა და ქართველმა დიდოსტატებმა, მაგრამ უშედეგოდ. ჯერ 1981 წელს, ბათუმში, ნანა ალექსანდრიასთან უმძიმეს ბრძოლაში, ფრედ დამთავრებული შეხვედრით შეინარჩუნა გვირგვინი. სამი წლის შემდეგ, ვოლგოგრადში, ირინა ლევიტინას დამაჯერებლად სძლია, 1986 წელს ელენა ახმილოვსკაიასაც იოლად გაუსწორდა, ხოლო 1988 წელს, თელავში, ნანა იოსელიანთან, ისევ ქართულ ფინალში, მცირე უპირატესობით — 8,5:7,5 იმარჯვა. 90-იანი წლებიდან ასპარეზზე გამოდიან ჩინელი მოჭადრაკე ქალები, რომელთაგან ერთმა სი ჟუნმა მაიასთან შეხვედრის უფლება მოიპოვა. მატჩი მანილაში დაინიშნა და, 1991 წლის თებერვალში, მსოფლიოს ჭადრაკში ქართველ ქალთა 30 წლიანი ბატონობა დასრულდა.
მაია ჩიბურდანიძე ტიტულების სიუხვით მხოლოდ ქალბატონ ნონას ჩამორჩება. იგი უმთავრესი ფიგურა გახლდათ ქალთა საჭადრაკო ოლიმპიადებზე. ჯერ 80-იან წლებში, საბჭოთა კავშირის სახელით, შემდეგ კი საქართველოს ეგიდით 9 ოლიმპიური ოქრო მოიპოვა. სულ ოლიმპიადებზე 167 პარტია ითამაშა, აქედან 89 მოიგო და მხოლოდ 5-ჯერ დამარცხდა. 1997 წელს მაიამ ევროპის ჩემპიონის ტიტულიც მოიპოვა და საჭადრაკო ოსკარიც, ხოლო პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირებზე გამარჯვებათა სია იმდენად დიდია, რომ მათი ჩამოთვლა პრაქტიკულად შეუძლებელია; მაია მეორე ქალი მოჭადრაკეა, ვინც (ნონას შემდეგ) ვაჟთა გროსმაისტერის ტიტულით ასპარეზობდა. საინტერესოა, რომ საჭადრაკო დაფასთან თავის ყველაზე დიდი მერტოქის იუბილეზე მაია ასეთი სიტყვებით მიესალმა უფროს კოლეგას: „რომ არ ყოფილიყო ნონა, მოჭადრაკე არც მე ვიქნებოდი. ორივე მსოფლიოს 5 გზის ჩემპიონები ვართ, ორივე ვთამაშობდით ვაჟთა შორის, ორივეს გვაქვს მოპოვებული საჭადრაკო ოსკარი, მაგრამ ნონას ჩემზე ორით მეტი ოლიმპიადა აქვს მოგებული, მას უამრავი დადებითი თვისება აქვს, გულწრფელობა, ერთგულება, გამარჯვების ჟინი, მაქსიმალიზმი და მრავალი სხვა. ნონას დაფასება სრულიად ჭადრაკის დაფასებაა“.
30 წელი ეს მთელი ეპოქაა და რა სასიამოვნოა, რომ ამ ეპოქამ საჭადრაკო თემში ქართველ ქალთა დომინირებით ჩაიარა. დანარჩენ მსოფლიო იძულებული იყო, მეორეხარისხოვან როლებს დასჯერებოდა და მოთმინებით დალოდებოდა იმ დროს, როცა ქართველ ქალებთან ტოლ-სწორად გაჯიბრებას შესძლებდა. მაია ჩიბურდანიძე გახლდათ ის მოჭადრაკე, ვინც ღირსეულად გააგრძელა ქალბატონ ნონას დაწყებული საქმე და საუკუნის ბოლომდე დედოფლის ტახტზე დაბრძანებული ამაყად გადმოჰყურებდა საჭადრაკო სამყაროს.