ჟანრი ლოლაშვილის ,,ადამიანური ლუარსაბი"

ჟანრი ლოლაშვილის ,,ადამიანური ლუარსაბი"
ჟანრი ლოლაშვილის ,,ადამიანური ლუარსაბი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჟანრი ლოლაშვილი:ცხოვრება სიზმარია, მირაჟია... ცხოვრება ყველას თავისი გადასახედიდან ერეკება, როგორც მას სურს. დღეს შენი სურვილით ცხოვრება ცოტა ძნელია, რასაც შემოგთავაზებს, იმის მიხედვით უნდა მოიქცე.

 მანანა ტურიაშვილი       

 სახელგანთქმულ მსახიობს, უჩვეულოდ საინტერესო და ნიჭიერ მხატვარს, ბატონ ჟანრი ლოლაშვილს, 2000 წლის 7 ივნისს პრემიერის შემდეგ  შევხვდით. მსახიობს რობერტ სტურუას სპექტაკლში „კაცია-ადამიანი?!“ მთავარი როლის — ლუარსაბ თათქარიძის — შესრულება დააკისრეს. დარეჯანს თათული დოლიძე თამაშობდა. დღეს, რუსთაველის თეატრში, დიდი ხნის პაუზის შემდეგ კვლავ ითამაშებენ „კაცია-ადამიანს?!“. რა განწყობა იყო ამ სპექტაკლის პრემიერის შემდეგ,- ამას ჩვენი სტატიიდან შეიტყობთ.

 რეჟისორი რობერტ სტურუა: სპექტაკლის მოქმედების დრო გადმოვიტანე 1907 წელს, როცა ილია ჭავჭავაძე მოკლეს. ეს არის შეფასება იმ ხალხის და თვით ამ ფაქტის — მეტი არაფერი. ეს მხოლოდ დღევანდელი დღე არ არის, ეს ჩვენი მრავალწლიანი გასაჭირია. 140 წლის წინ, როცა ილიამ ეს ნაწარმოები დაწერა, მას არ ჰქონდა ის გამოცდილება, რაც საქართველომ ამ წლების მანძილზე შეიძინა. თქვენ იცით, რომ XX საუკუნის დასწყისიდან დღემდე ჩვენმა ქვეყანამ ურთულესი გზა გაიარა, მე ვიტყოდი, ტრაგიკულიც, რამაც ყველას უდიდესი დაღი დაგვასვა. ეს წარმოდგენა დღევანდელ დღეზეა. სპექტაკლში ჩვენ მიერ სპეციალურად ჩადებული ჩანაფიქრი არ არის. გაცნობიერების გარეშე მოდის ის ტკივილი, რასაც ყველა ვატარებთ.

 ბატონ ჯანსუღ კახიძის შთაბეჭდილებები: ხშირად გვაკვირვებს რობერტ სტურუას სარეჟისორო ოსტატობა და მიმაჩნია, რომ რობიკოს ასეთი სიძლიერის სპექტაკლი დიდი ხანია, არ დაუდგამს, ვინაიდან აქ საოცარი ფილოსოფია დევს. მე მომეწონა ტექსტის მონაჟი, სადაც ყველაფერი ილიასია. ეს არის დღევანდელი თვალით დანახული ძველი და ახალი საქართველო. გამაკვირვა რობერტ სტურუას სიმფონიური აზროვნების უნარმა. ახალი პიესაა და ისე აკინძული, რომ სულს ვერ მოითქვამ. სპექტაკლმა, როგორც ხელოვნებამ, ჩემზე დამთრგუნველი შთაბეჭდილება მოახდინა, ამიტომ ტაშიც კი ვერ დავუკარი, მაგრამ ამავე დროს აღფრთოვანებული ვარ და ამაყი. საოცარი იყო ჟანრი ლოლაშვილის "ლუარსაბი".

 — ბატონო ჟანრი, თქვენ ბრწყინვალედ ითამაშეთ ლუარსაბ თათქარიძის როლი. თქვენი აზრით, ვინ არის ლუარსაბი?

 - ლუარსაბი სევდიანი კაცია, შეყვარებული, ეჭვიანიც. ეს არის ადამიანი, რომელსაც უყვარს ყოველდღიური ცხოვრება, ჭამა-სმა, ქეიფი, თქვენ ხართ ჩემი ბატონი! მარტო ბოზბაში კი არა, — სამშობლოც უყვარს, მეუღლეც უყვარს. მართალია, ღმერთთან ძმას უჩივლა, მაგრამ შვილი არ ჰყავდა და ნერვები აეშალა — იმას ჰყავს და მე რატომ არ მომეციო. საერთოდ, უკმაყოფილოც არის და კმაყოფილიც, მაგრამ ჩემი აზრით, უბედური ადამიანია. ძალიან საყვარელია ლუარსაბი, სევდიანი… ილიას ლუარსაბი ძალიან უყვარს.

 — ამ სპექტაკლით, რუსთაველის თეატრმა ლუარსაბის აღქმა-გაანალიზების შტამპები დაანგრია და თქვა, რომ ის არც ისე ნეგატიურია, როგორც ამას სკოლაში გვასწავლიდნენ. ჩქვენ ლუარსაბს ვუყურებთ და თანავუგრძნობთ…

 - იმიტომ რომ ადამიანურია… ისე, ცხოვრება სიზმარია, მირაჟია.  განვლილ დროს თვალს გადავავლებ და ვფიქრობ: კი მაგრამ, როგორ გაირბინა ამ წლებმა?.. თუმცა რაღაც-რაღაცების გაკეთება მოვასწარი. ცხოვრება ყველას თავისი გადასახედიდან ერეკება, როგორც მას სურს. დღეს შენი სურვილით ცხოვრება ცოტა ძნელია, რასაც შემოგთავაზებს, იმის მიხედვით უნდა მოიქცე. მე ჩვენი სამშობლოს დღევანდელ მდგომარეობას ვგულისხმობ…

 - რა ხდება ჩვენს სამშობლოში, ბატონო ჟანრი?

 — ხდება ის, რომ არაფერი ხდება და ყველა გაუგებარ მდგომარეობაშია. არ ვიცი, იქნებ მე მეჩვენება… ისე, ჩემთვის დრო გაჩერდა…

 - თუ გაჩერებულია, მაშინ როგორ ცხოვრობთ, რა გასულდგმულებთ?

 - აი, ისევ ილუზორული სამყარო… ადამიანი მაშინ არის ბედნიერი, როცა მას ილუზორული სამყაროს შექმნა შეუძლია.

 — და კარგ ხასიათზე რა გაყენებთ?

 - შვილების დანახვა, მეგობრებთან ერთად ყოფნა… სულ ვქეიფობ და აი, ზუსტად იქ იწყება ის ილუზორული სამყარო, რითიც ვილამაზებთ დღეებს. ერთმანეთთან ურთიერთობა მოვლენაა, სასიცოცხლო ძალაა და ეს შველის ყველაფერს. უამრავი მეგობარი მყავს, მათი წრე იზრდება და მიხარია, რომ ეს ქვეყანა — საძმაკაცო, ძალიან საინტერესო რამ არის, ეს დიდი შვებაა. აი, გუშინ მეგობრები მოვიდნენ და კარგ ხასიათზე დავდექი და მერე ისევ მოვიწყინე…

 — თქვენ მხატვრობაზე საუბარი არ გიყვართ…

 - საერთოდ მიყვარს, როცა სხვები საუბრობენ და მე ვუსმენ. შემიძლია, საათობით ვიჯდე და ვუსმინო სხვების ლაპარაკს. აი, ახლა მაგალითად, თქვენ, რომ ილაპარაკოთ და მე ჩუმად ვიყო, რა კარგი იქნებოდა! მე დაგისვამთ კითხვებს და თქვენ, რომ დაიწყოთ ახსნა — ვერ წარმოიდგენთ, როგორ გამიხარდება… შეიძლება, რომ შეგეკითხოთ?..

 - ბატონო ჟანრი, თქვენ რომ უყურებთ ადამიანს, გრძნობთ მის შინაგან არსს?

 — პრინციპში ფიზიონომისტი ვარ და შემიძლია მის ხასიათზე ერთი-ორი სიტყვა ვთქვა და ხშირ შემთხვევაში ზუსტად ვარტყამ… დარბაზიდან ეს ძალიან კარგად ჩანს და მე მსახიობს ვატყობ: რას ფიქრობს, როგორ აკეთებს, რა ხდება მის ქვეცნობიერში თუ არაცნობიერში…  ძალიან საინტერესო პროცესია.

 — თქვენ ხართ ის მსახიობი, რომელიც ინტელექტით არის დაჯილდოებული. როგორ გეხმარებათ ეს ინტელექტი?

 — არა მგონია… ისე, მსახიობი ინტელექტის გარეშე არ შეიძლება. მსახიობს აქვს თუ არა ინტელექტი, ეს სცენაზეც ძალიან კარგად ჩანს. უინტელექტო ადამიანი უინტერესოა. შემოქმედება ინტელექტის გარეშე წარმოუდგენელია.

 — თქვენ ბრძანეთ, რომ გამუდმებით კითხულობთ და უმენთ მუსიკას…

 — და გამუდმებით ვქეიფობ…

 — ქეიფი, ბოჰემა, ხელოვანის რა შემადგენელი ნაწილია, რა სიამოვნებას განიჭებთ და რა აღმოჩენებს აკეთებთ?

 — ყოველი დღე აღმოჩენაა, ახალი რაღაცები იწყება, ახლებურად ხედავ ყველაფერს… ის დღევანდელია, ამ წუთში ხდება და ეს პროცესი ასხვავებს მას გუშინდელისაგან და ხვალინდელისაგან. იმიტომ, რომ ახლა ხდება აზროვნება, ახლა ხდება ურთიერთობა — ეს ორომტრიალია და იმის ნიშანი, რომ შენს ცხოვრებაში რაღაცა ხდება.

 — და რა არის ამ ცხოვრებაში ყველაზე საინტერესო?

 - საინტერესოა, როცა სცენაზე ვარ, ვთამაშობ სპექტაკლს, მაყურებელს ვუყურებ და უშუალოდ მასთან მაქვს კონტაქტი. თითქმის ყველას ვხედავ და ძალიან ხშირად ვიმახსოვრებ ხოლმე. ზოგი მაყურებელი მუშაობის დროს გეხმარება, ზოგიც ინდეფერენტულია, — ისიც თავისებურად საინტერესოა. დარბაზში ფანტასტიკური ხასიათებია — აბა, იქ არის, თუ არის, როლები! 

 — ესე იგი, თქვენ მაყურებელს უყურებთ და თან როლს თამაშობთ?

 — რასაკვირველია. მე ყველას ძალიან კარგად ვხედავ. ისე კარგად ვხედავ, რომ მქონდა შემთხვევა, როცა წინადადება გამიმეორებია, ოღონდ იმიტომ კი არა, რომ შესრულება არ მომწონებია, არამედ მომდომებინა კიდევ ახალი რამ შემემეტებინა და იმ მაყურებლისთვის, რომელიც მისმენდა, იგივე წინადადება გამეგზავნა..

  — ეს პროცესი არ გღლით, ბატონო ჟანრი?

 - მღლის, როგორ არ მღლის. უფრო მეტს გეტყვით, საშინელებაა და ძალიან დიდ ენერგიას ვხარჯავ, მაგრამ თქვენ რა გგონიათ, მაყურებელი არ იღლება? თუ ორივე ჩართულები ვართ — მეც და მაყურებელიც, ის უფრო იღლება,- ეს ჰიპნოზია.

 — მაყურებელი, რომ მოგყვებათ, ეს ტკობაა, ბატონო ჟანრი თუ…

 - ტკბობაც არის, მაგრამ კოკეტობა ჭარბობს. რასაკვირველია, დარბაზიდან ფლუიდები რომ მოდის, გსიამოვნებს კიდეც…

 — და იმპროვიზაცია რა როლს თამაშობს როლის შესრულების დროს?

 - ძალიან დიდ როლს თამაშობს. ამდიდრებს პერსონაჟს, მაგრამ არ უნდა შეცვალო მოცემული პირობები, პარტნიორს არ უნდა შეუშალო ხელი. უზომო და გაუთავებელი არაფერი ვარგა. შეიძლება ძალიან ბევრი რამ იმპროვიზაციიდან წამოვიდეს და მერე ის კანონდება. ამავე დროს ხდება პარტნიორთან მოლაპარაკებები, ვარიანტების დაზუსტება. მთავარია, საინტერესო იყოს. თუ საინტერესო არ არის, იმპროვიზაციას მნიშვნელობა ეკარგება.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0