ლიტველმა მსახიობებმა თბილისელები „ფსკერზე“ დაუშვეს, ანუ ბრუდერშაფტი თეატრში

© http://www.okt.lt/სპექტაკლი "ფსკერზე"
სპექტაკლი ფსკერზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საჭირბოროტო მსჯელობა ადამიანზე, მისი ღირებულებები და ცხოვრებისეული დანიშნულება არყის სმის, დამსხვრეული ბოთლების, ხმამაღალი გინებისა და ღატაკთა თავშესაფრის მთვრალი ბინადრების ჩხუბის თანხლებით — თბილისელი მაყურებლისთვის ეს, სულ ცოტა, საინტერესო იყო.

ვილნიუსის ოსკარ კორშუნოვასის საქალაქო თეტრის – რომელიც უფრო ცნობილია, როგორც ოკთ ( ოსკარ კორშუნოვასის თეატრი) – სპექტაკლისათვის სამზადისი თბილისში ჯერ კიდევ ზაფხულში დაიწყო. სწორედ მაშინ გაიყიდა ყველა ბილეთი. ხოლო ფესტივალის საერთაშორისო პროგრამის დაწყებასთან ერთად ქართველი მაყურებლის ინტერესი დადგმისადმი „ფსკერზე“ არცთუ სახუმაროდ გააქტიურდა. სპექტაკლი გასული საუკუნის დასაწყისში მაქსიმ გორკის მიერ დაწერილი იგივე სახელწოდების პიესის მიხედვითაა დადგმული. როგორც უცხოური პროგრამის კოორდინატორმა ნუცა ბურჯანაძემ აღნიშნა, საქართველოში უყვართ ლიტვური თეატრი და ყოველთვის დიდი სიამოვნებით ელიან მას. 

„ოკთ-ი ძალზე ცნობილია ევროპასა და მსოფლიოში. ეს არის უნიკალური მსახიობები და ფანტასტიკური რეჟისორი. მათ წარმოდგენებზე ბილეთები ჯერ კიდევ აგვისტოში უკვე გაყიდული იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ თბილისელი მაყურებელი ამ დადგმისგან  განსაკუთრებული სიამოვნების მიღებას ელოდა“, — თქვა ნუცა ბურჯანაძემ. 

და ლიტველმა მსახიობებმა ქართველი მაყურებელი არ გააწბილეს, თუ არ  ვიტყვით იმას, რომ პირიქით, შოკშიც კი ჩააგდეს. საჭირბოროტო მსჯელობა ადამიანზე, მისი ღირებულებები და ცხოვრებისეული დანიშნულება არყის სმის, დამსხვრეული ბოთლების, ხმამაღალი გინებისა და ღატაკთა თავშესაფრის  მთვრალი ბინადრების ჩხუბის თანხლებით — თბილისელი მაყურებლისთვის ეს, სულ ცოტა, საინტერესო იყო.  ერთი სიტყვით, ლიტველ მსახიობებს დარბაზი რეჟისორის მიერ შესანიშნავად დაგეგმილ სასპენსში (დაძაბულობაში. — რედ.) ჰყავდათ მთელი სპექტაკლის განმავლობაში. 

„თბილისელი მაყურებელი თავიდან მცირედ შებორკილი იყო, მაგრამ მერე ცოტა ამოძრავდა და აგვყვა. მათ ყველაფერი გაიგონეს და ყველაფერი გაიგეს. საერთოდაც, სადაც არ უნდა გამოვდიოდეთ, ადამიანები ხშირად ფიქრობენ, რომ მთვრალები ვართ, რის გამოც დაძაბულები უყურებენ სპექტაკლს. თბილისის შემთხვევაში რეკვიზიტისთვის ქართული ჭაჭა უნდა გვეყიდა. რა იყო, 50 გრადუსი სწორედ რომ მისწრებაა! (იღიმება). მაგრამ ეს ხომ უფრო რთულიცაა ჩვენთვის, რომ სვა, განასახიერო მთვრალი და ამასთან ფხიზელი რჩებოდე. მით უმეტეს, რომ ცხოვრებაში საერთოდ არ ვსვამ არაყს და არც ვეწევი. სცენაზე კი რის გაკეთება აღარ გვიწევს“, — ამბობს ოკთ-ის  მსახიობი იულიუს ჟალაკიავიჩუსი. 

სპექტაკლი იმ მომენტში დაიწყო, როცა მაყურებელი ადგილების დაკავებას შეუდგა —  ვინ — სკამებზე, ვინ — სცენის გაყოლებით პირდაპირ იატაკზე — ასე რომ, მსახიობებისგან ხელის გაწვდენაზე აღმოჩნდნენ. სპექტაკლის ერთადერთი და  მნიშვნელოვანი დეკორაცია — ეს გრძელი მაგიდა იყო, რომელსაც თეთრი სუფრა ჰქონდა გადაფარებული და ლეონარდო და ვინჩის ცნობილ „საიდუმლო სერობას“ აგონებდა მაყურებელს. პიესის ძირითადი მოქმედება სწორედ ამ მაგიდაზე, მის მიღმა თუ ქვეშ მიმდინარეობდა. სწორედ ამ მაგიდიდან გვამცნობს მაისურშემოხეული სატინი ადამიანის მნიშვნელობას დედამიწაზე, სწორედ ამ მაგიდაზე ასრულებს საკლუბო ცეკვას ახალგაზრდა მეწაღე ალიოშკა, ხოლო ალკოჰოლის მოზრდილი დოზით უგონოდ მთვრალი მსახიობი ისე ეხეთქება, რომ საყვარელი ლექსიდან ერთ პწკარსაც ვერ იხსენებს.   

მაგრამ რაღაც მომენტში, თითქოს ვიღაც თითებს გაატკაცუნებს და მსახიობები იმპროვიზაციაზე გადადიან. თანაც არა უბრალოზე, არამედ მაყურებელთან დიალოგზე აგებულ იმპროვიზაციაზე. 

სპექტაკლის გმირი, სახელად ნასტია, დარბაზში პოულობს მამაკაცს, რომელიც მის საყვარელს ჰგავს — ფრანგ სტუდენტს — და მასთან საუბარს იწყებს. სატინი ქალბატონს შეითვალიერებს, მიდის მასთან, ურცხვად ყლურწავს მასთან ერთად არაყს ბრუდერშაფტზე და ტყდება, რომ პირწავარდნილი მკვლელია. ამის შემდეგ ის გოგონას პიტნის საღეჭ რეზინს სთავაზობს ჯანსაღი სუნთქვისთვის. ასეთი კონტაქტი, მაყურებელი ქალბატონის თქმით, მას დიდხანს დაამახსოვრდება. 

„სპექტაკლი მიდის და უცბად მთავარი გმირი თვალებით მე მირჩევს, დალევას მთავაზობს და არც კი ელოდება ჩემს პასუხს, დარბაზს მოარღვევს და ჭიქით ხელში ჩემკენ მოდის. რა ვიცოდი, რომ მასში ნამდვილი არაყი ესხა. ასე რომ, მხოლოდ დალევამ კი არა, როგორც ბრუდერშაფტის წესია, კოცნამაც მომიწია! (იცინის). ეს ყველაფერი ამაღელვებელიც იყო, სახალისოც და დასამახსოვრებელიც“, — თქვა მაყურებელმა ნონა ჯიშკარიანმა. 

ამის კიდევ მეტი მოჰყვა. ლიტველებმა მაყურებლებს „ადამიანური ღირებულებების“ სადღეგრძელოს შესმა შესთავაზეს. ვინც ეს გაბედა, იმათ ალკოჰოლის კარგაძალ  ულუფაზე მისაყოლებლად ჩიპსები მიართვეს. 

ასე რომ, მსახიობების მაყურებლებთან ინტერაქტიური ურთიერთობა, არყის შხეფების, ჩიპსებისა და ცარიელი ბოთლების შადრევნები სპექტაკლის მსვლელობისას — არა მხოლოდ ქმნიდა, ეგრეთ წოდებულ,  თანამონაწილეობის ეფექტს, არამედ რეჟისორული ექსპერიმენტის ნაწილიც გახლდათ.  

მთელ ამ იმპროვიზაციასა და  მავანისთვის დარბაზთან სახიფათოდ პირდაპირ კონტაქტს ცნობილი ქართველი თეატრალური რეჟისორი დავით დოიაშვილიც ადევნებდა თვალს, რომელმაც ოდესღაც ასევე დადგა სპექტაკლი „ფსკერზე“ ქართულ სცენაზე. 

„ეს სპექტაკლი დიდი ხნის, ჯერ კიდევ 3-4 წლის წინ  მაქვს ნანახი ლიტვაში. დღეს ზუსტად იმისთვის მოვედი, რომ მენახა, როგორი რეაქცის ექნებოდა  ჩვენს მაყურებელს დადგმაზე და როგორ ჩაივლიდა იგი. ვფიქრობ, ქართველმა მაყურებელმა ეს ყველაფერი ადეკვატურად მიიღო. მე ძალიან მიყვარს ეს აქტიორული დასი და შემდგომ წარმატებებს ვუსურვებ“, — თქვა დოიაშვილმა. 

„არსებობს მხოლოდ ადამიანი, ყველაფერი დანარჩენი — მისი ხელებისა და გონების საქმეა! ა-და-მი-ა-ნი!" — ლიტვურად გაჰყვირის სატინი. მაყურებელი კი მსუბუქად ცბუნდება იმით, რას უყუროს — ამ დამპალი „ფსკერის“ გმირების სახეებს თუ სცენაზე დაშვებულ ქართულ და ინგლისურენოვან ტიტრებს.

ლიტველი მსახიობები გაგებით მოეკიდნენ ქართველ მაყურებლებს და საუბარში ქართული სიტყვებიც ჩააწნეს. ამიტომაც ისეთი ფრაზები, როგორებიცაა: „გაუმარჯოს ადამიანს!", „მიყვარხარ“ და „გამორთეთ მობილური ტელეფონები“ — ქართველებმა საკუთარ, მშობლიურ ენაზე მოისმინეს ლიტველებისგან. 

ყველა ახალი ამბავი
0