თბილისი, 2 ოქტომბერი – Sputnik. ევროკავშირი უაღრესად შეშფოთებულია ინფორმაციით იმ ავიადარტყმების შესახებ, რომლებიც, თითქოსდა, სირიაში სამოქალაქო პირებსა და ქალაქებზე განხორციელდა და რუსეთს მოუწოდებს, მთელი ყურადღება „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლისკენ მიმართოს, განაცხადა ევროკავშირის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის ფედერიკა მოგერინის ოფიციალურმა წარმომადგენელმა კატრინ რეიმ.
„ჩვენ ძალზე შეშფოთებულნი ვართ განცხადებებითა და ინფორმაციით იმ დარტყმებზე, რომელთა მიზანიც, თითქოსდა, სამოქალაქო პირები და ქალაქები – ჰომსი, ჰამა და იდლიბი არიან. მოვუწოდებთ რუსეთის ხელისუფლებას, თავისი ძალისხმევა ტერორიზმთან ბრძოლისკენ მკაფიოდ მიმართოს“, – განაცხადა რეიმ პარასკევს გამართულ ბრიფინგზე.
ამასთან, მან ოპოზიციის ძალებზე შესაძლო დარტყმების განხორციელებასთან დაკავშირებით კომენტარი არ გააკეთა. „ჩვენ გვაქვს კონტაქტი ზომიერ ოპოზიციასთან, მაგრამ არ მაქვს კომენტარები დარტყმებზე, რომლებიც ან იყო, ან არ იყო“, – განაცხადა მოგერინის წარმომადგენელმა. მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ „დარტყმები „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ უნდა იყოს მიმართული და არა – სამოქალაქო პირების მიმართ“.
რუსეთმა სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციებზე ავიადარტყმები ოთხშაბათს დაიწყო. თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, რუსულმა ავიაციამ ორ დღეში გაანადგურა ტერორისტების შტაბები, ასაფეთქებელი მოწყობილობების დასამზადებელი ქარხანა, საწვრთნელი ბანაკი და რიგი სხვა ობიექტები. დარტყმები საჰაერო დაზვერვისა და სირიის არმიის შტაბისგან მოწოდებული მონაცემების დაზუსტების შემდეგ ხორციელდება. რუსეთის სამხედრო უწყების განცხადებით, მრავალფუნქციური თვითმფრინავების სუ–34–ის გამოყენება სირიის მთელ ტერიტორიაზე „ისლამურ სახელმწიფოზე“ დარტყმების მიყენების საშუალებას იძლევა. რუსეთში სირიის ელჩმა რიიად ჰადადმა მანამდე დაადასტურა, რომ დარტყმები სწორედ ტერორისტულ დაჯგუფებებზე ხორციელდება და არა ოპოზიციაზე ან სამოქალაქო მოსახლეობაზე. ელჩის თქმით, სირიის არმიას ტერორისტების განლაგების ზუსტი კოორდინატები გააჩნია.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ აღნიშნა, რომ სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტებზე და მათ სიახლოვეს რუსული თვითმფრინავები არ გამოყენებულა.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ რუსეთის ქმედებებთან დაკავშირებით მედიით გავრცელებული რიგი ინფორმაციები ნაკლებ სარწმუნოა, კერძოდ, ინფორმაცია სირიაში სამოქალაქო მოსახლეობაში მსხვერპლის თაობაზე იქამდე გაჩნდა, სანამ რუსული თვითმფრინავები აფრინდებოდნენ.