თბილისი, 1 ოქტომბერი — Sputnik. 2015 წლის ნდასაწყისიდან, საქართველოს სტუმართა რიცხვი, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6,7%-ით გაიზარდა, ამის შესახებ, 1 ოქტომბერს, ხუთშაბათს, შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი იტყობინება.
იანვარ-სექტემბერში ქვეყანაში უკვე 4 491 039 ვიზიტი განხორციელდა, რაც 6,7%-ით მეტია 2014 წლის ანალოგიური საანგარიშო პერიოდის მაჩვენებელზე.
2015 წლის სექტემბრის თვე 568 663 ვიზიტით განისაზღვრა, რაც 2014 წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელზე 12,6 %-ით მეტია.
2015 წლის სექტემბერშიც ყველაზე მეტი ვიზიტი კვლავ თურქეთიდან (+9%), სომხეთიდან (+6,9%), აზერბაიჯანიდან (+6%), რუსეთიდან (+12,6%) და უკრაინიდან (+11,7%) განხორციელდა. ასევე, პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარ-სექტემბერშიც გამოირჩნენ ლიტვა, დიდი ბრიტანეთი, იტალია, გერმანია და ლატვია (შესაბამისად 20%, 17%, 12%, 12% და 11%), შუა აზიის ქვეყნებიდან — ყაზახეთი (34%), აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან — ბელორუსია (54%), ახლო აღმოსავლეთიდან — ისრაელი (38%), ხოლო აზიის ქვეყნებიდან — არაბათა გაერთიანებული საემიროები 814% და საუდის არაბეთი — 84%-იანი მატებით. აქვე აღსანიშნავია ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეების 9%-იანი ზრდა.