თბილისი, 1 ოქტომბერი — Sputnik. საერთაშორისო ახალგაზრდული საზოგადოებრივი ორგანიზაცია „თანამეგობრობის“ საერთაშორისო ახალგაზრდული პროექტის „ასვლა. იალბუზი. გამარჯვება–70“ და სხვა პროგრამების შედეგები ოთხშაბათს, 30 სექტემბერს რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტის“ თბილისის საერთაშორისო პრესცენტრში გამართულ ბრიფინგზე განიხილეს.
ბრიფინგში მონაწილეობდნენ საქართველოს რუსი ახალგაზრდობის კავშირის თავმჯდომარე ალექსანდრ ბეჟენცევი, რომელიც საზოგადოებრივ ორგანიზაცია „თანამეგობრობასთან“ 2015 წლის აპრილიდან მჭიდროდ თანამშრომლობს, და ასვლის მონაწილე, საქართველოს რუსი ახალგაზრდობის კავშირის იურისტი ლანა ადამიანი.
მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებისადმი მიძღვნილი პროექტის ფარგლებში, რუსეთისა და ევროპის ყველაზე მაღალი მწვერვალი ცხრა ქვეყნის 47 მონაწილისგან შემდგარმა ჯგუფმა დაიპყრო. ამ ქვეყნებს შორის არიან: საქართველო, რუსეთი, უნგრეთი, ყირგიზეთი, ყაზახეთი, ლიტვა, ლატვია და აზერბაიჯანი.
პროექტი ყაბარდო–ბალყარეთის რესპუბლიკაში, იალბუზისპირეთში 12–20 სექტემბერს განხორციელდა.
ასვლის წინ პროექტის მონაწილეებს, რომელთა შორის იყვნენ როგორც პროფესიონალი, ისე მოყვარული მთამსვლელები, ექსპედიციის შესახებ დეტალური ინსტრუქტაჟი ჩაუტარეს და სათანადოდ აღჭურვეს. მათ ასევე გაიარეს აკლიმატიზაციის კურსიც.
იალბუზზე ასვლის პროექტის ერთადერთმა მონაწილემ საქართველოდან ლანა ადამიანმა აღნიშნა, რომ ეს პროექტი — ზღვის დონიდან 5 ათას მეტრ სიმაღლეზე და 20 გრადუსი ტემპერატურისას — მისთვის არა მხოლოდ უზარმაზარი გამოცდა იყო, არამედ შესანიშნავი შესაძლებლობაც აღმოჩნდა ხალხებს შორის მეგობრობისა და მხარდაჭერისათვის, როგორც პირდაპირი ისე გადატანითი მნიშვნელობით.
„2015 წლის 17 ოქტომბრის ღამეს პროექტის მონაწილეები გზას გავუდექით. და ეს გზა ძალზე რთული, სხვადასხვა რისკებით აღსავსე იყო. მაგრამ საგანგებო სიტუაციების სამინისტროსა და ერთმანეთის მხარდაჭერით, ცხრა ქვეყანამ თავიანთი ქვეყნის დროშები აღმართა. ასევე აღვმართეთ ორგანიზაციებისა და უნივერსიტეტების დროშები. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, აღიმართა მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დროშის ზუსტი ასლი“, — გაუზიარა შთაბეჭდილებები დამსწრეთ ლანა ადამიანმა.
პროექტის მონაწილეებმა ცნობილი „სადგური მშვიდობა“ მოინახულეს, რომელიც ზღვის დონიდან 3 500 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს და მსოფლიოში მეორე მსოფლიო ომის მოვლენების ყველაზე მაღალი ძეგლია.
პროექტის „ასვლა. იალბუზი. გამარჯვება–70“ შედეგებით, მისმა მონაწილეებმა მსოფლიო ომის ისტორიის შენარჩუნების საკითხებზე და ახალგაზრდობას შორის მისი პოპულარიზაციის შესახებ იმსჯელეს. ასევე შეიმუშავეს რეზოლუცია პროექტის შემდგომი განვითარების შესახებ. ორგანიზატორები მსოფლიოს სხვა ცნობილი მწვერვალების დაპყრობასაც არ გამორიცხავენ.
გარდა ამისა, ბრიფინგის მონაწილეებმა საერთაშორისო ახალგაზრდული საზოგადოებრივი ორგანიზაცია „თანამეგობრობის“ პროექტის შესახებაც ისაუბრეს, რომელშიც „საქართველოს რუსი ახალგაზრდობის კავშირის“ დელეგაციამ მიიღო მონაწილეობა. საუბარია საერთაშორისო ბანაკ–ფესტივალზე „თანამეგობრობა 2015–ის ახალგაზრდობის დღეები“, რომელიც მეხუთე წელია ზედიზედ იმართება. პროექტის ფარგლებში კალუგის ოლქის ბანაკ „ეტნომირში“ 4–10 სექტემბერს 19 ქვეყნის ახალგაზრდობის წარმომადგენლებმა მოიყარეს თავი. ღონისძიების მიზანი კეთილმეზობლური ურთიერთობების გამტკიცება და განვითარება, ასევე, საინფორმაციო ომის ფონზე, პირდაპირი ურთიერთობები იყო.
ბრიფინგის მონაწილეებმა ასევე აღნიშნეს პირველი „ახალგაზრდა ბლოგერებისა და ჟურნალისტების სამთო სკოლის“ დადებითი შედეგები, რომელიც 2015 წლის 10–15 აგვისტოს ყაბარდო–ბალყარეთში, სოფელ კურასუში ჩატარდა.
დსთ–ის, ბალტიისპირეთის, კავკასიის რეგიონის ქვეყნებისა და ჩინეთის დაახლოებით 100 წარმომადგენელი ხუთი დღის განმავლობაში საინფორმაციო კომუნიკაციებისა და პიარ–ტექნოლოგიების სფეროში მდიდარ საგანმანათლებლო პროგრამას გადიოდა. სკოლის მონაწილეებს ასწავლიდნენ რეკლამის საფუძვლებს, წარმატებული ბლოგების შექმნასა და სტატიების წერას.
გარდა ამისა, საქართველოს რუსი ახალგაზრდობის კავშირის თავმჯდომარე ჟურნალისტებს თავისი ორგანიზაციის მომავალი პროექტების შესახებ ესაუბრა.
„სავარაუდოდ, ნოემბრის მეორე ნახევარში, საერთაშორისო ორგანიზაცია „თანამეგობრობასთან“ ერთად აქ ახალგაზრდულ ფორუმს ჩავატარებთ, რომელსაც ჩვენი ახალგაზრდობის 200–დან 300–მდე წარმომადგენელი დაესწრება. გვინდა, რომ პროექტში ახალგაზრდობა ყველა რეგიონიდან ჩავრთოთ, მიუხედავად მათი ეროვნებისა, აღმსარებლობისა და ა. შ. და ამ ფორუმის ფარგლებში გვინდა გავმართოთ მრგვალი მაგიდები, ტრენინგები, სემინარები იმ პრობლემებზე, რომლებიც ახალგაზრდებს აღელვებთ — ნარკოტიკების წინააღმდეგ, ურთიერთობებზე, მეგობრობაზე… სავარაუდოდ, აქ ორგანიზაცია „თანამეგობრობის“ წარმომადგენლობა გაიხსნება. საქართველო ძალზე პერსპექტიული ქვეყანაა და შესაბამისად, შეგვიძლია ჩვენი რესურსები ჩვენს მეზობლებთან უფრო ღრმა ურთიერთობებისთვის გამოვიყენოთ. „თანამეგობრობამ“ წარმომადგენლობები სომხეთსა და აზერბაიჯანში უკვე გახსნა და ისინი ძალზე კარგად მუშაობენ“, — განაცხადა ბეჟენცევმა ჟურნალისტებთან საუბარში.
„თანამეგობრობის“ ფილიალები, გარდა ამიერკავკასიის ქვეყნებისა, ასევე გახსნილია უკრაინაში, ესტონეთში, ლატვიაში, ლიტვაში, ბელარუსსა და სხვა ქვეყნებში. კომპანიის სათავო ოფისი მოსკოვშია.
ორგანიზაცია „თანამეგობრობის“ მთავარი მიზნებია ახალგაზრდობის გაერთიანება და მეგობრობა, მათი უფლებებისა და ინტერესების დაცვა, დსთ–ისა და ევრაზიული სივრცის სხვა მონაწილე სახელმწიფოების ახალგაზრდობას შორის ურთიერთგაგების დამყარება და ურთიერთობების განვითარება.