ნატო, რომანტიკოსები და პრაგმატისტები

© Public DomainНАТО
НАТО - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბოლო დროს ხშირად გვესმის, რომ მთავარი დაპირისპირება ე.წ პროდასავლურ და პრორუსულ ძალებს შორის წარიმართება და ამ კონტექსტში ძალზედ დიდი მნიშვნელობა ექნება როგორ განვითარდება საქართველო - ნატოს ურთიერთობები, რამდენად გაღრმავდება ინტეგრაციის პროცესი.

  სულხან მელაძე

  პოლიტიკური ძალების მთავარი ყურადღება უკვე მომავალი საპარლამენტო არჩევნებისკენაა  მიმართული. გასაკვირი არაფერია. უფრო მეტიც, სწორედ არჩევნები ალბათ ერთადერთია, რისთვისაც ჩვენი „პოლიტელიტა“ დიდი ხნით ადრე იწყებს მზადებას. მკითხველისთვის არც ის უნდა იყოს მოულოდნელი, თუ ვიტყვი, რომ უახლოესი ერთი წლის მანძილზე ნებისმიერი მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი საზოგადოებრივ-პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური მოვლენა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში უნდა განვიხილოთ.  

 მომავალი პოლიტიკური ბატალიებისთვის ჩვენი გაუკუღმართებული რეალობის მთავარი შემოქმედი, მისი უდიდებულესობა ხალხი, ე.წ ელექტორატიც ემზადება და ცდილობს ამოხსნას ახალი კროსვორდი ძველი კითხვებით — ვის და რატომ უნდა ანდოს ქვეყნის ბედი? ცხოვრების გაძვირებით სულ უფრო და უფრო დამძიმებული სოციალური ფონის პირობებშიც კი, პოლიტიკოსების, ექსპერტ-ანალიტიკოსების გარკვეული ნაწილი მიიჩნევს, რომ ხალხი მომავალ ხელისუფლებას უპირველეს ამოცანად ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფას დაუსახავს, რადგან საზოგადოების დიდი ნაწილი უკვე აცნობიერებს, რომ სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების მოგვარების ერთერთი გადამწყვეტი ფაქტორი არსებული და მოსალოდნელი საგარეო საფრთხეების განეიტრალება და აცილება, ქვეყნის უსაფრთხოების მყარი გარანტიების მოპოვებაა. შესაბამისად ამ უაღრესად პრობლემურ საკითხზე  საარჩევნო სუბიექტების ხედვა და პოზიცია შესაძლოა არჩევანის ჩამოყალიბებისას გადამწყვეტი აღმოჩნდეს.  

 ბოლო დროს ხშირად გვესმის, რომ მთავარი დაპირისპირება ე.წ პროდასავლურ და პრორუსულ ძალებს შორის წარიმართება და ამ კონტექსტში ძალზედ დიდი მნიშვნელობა ექნება როგორ განვითარდება საქართველო — ნატოს ურთიერთობები, რამდენად გაღრმავდება ინტეგრაციის პროცესი. 

გლობალური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი ნანა დევდარიანი: „ეს „ნაციონალების“ და მათთან იდეოლოგიურად ახლოს მდგომი ძალების შემოგდებული თემაა. ისტერიული ძახილი, თითქოს რუსული პროპაგანდა გაძლიერდა და დაფინანსება შემოვიდა, სინამდვილეში აბსურდია. ამომრჩევლის დამოკიდებულება ნატოს და დასავლეთის მიმართ რეალურად შეიცვალა. ნატოში მიღების დაუსრულებელი დაპირებები, „ოქროს ბარათები“ თუ „არსებითი პაკეტები“ ყველას იმაზე მიანიშნებს, რომ უახლოეს მომავალში ჩვენ ვერ ვისარგებლებთ უსაფრთხოების იმ გარანტიებით რაზეც წინა და ახალი ხელისუფლებაც აპელირებდა. არჩევნებამდე ერთი წელია დარჩენილი. ისევ ამ დაპირებებით არჩევნების მოგება რთული ამოცანა იქნება. სწორედ ამიტომ გახდა საჭირო „რუსული საფრთხის“ თემის გაცოცხლება. სინამდვილეში ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ცალსახად პრორუსული ძალა არ მოიძებნება. ასეთებად მოიხსენიებენ ყველას, ვინც რუსეთთან ურთიერთობის მოწესრიგების აუცილებლობაზე ლაპარაკობს. არც ერთი მათგანი არ (და ვერ) წავა რუსეთთან ცალმხრივ დათმობებზე, განსხვავებით სიტყვიერად პროდასავლური სააკაშვილის ხელისუფლებისგან. ამდენად, საარჩევნო დაპირისპირება იქნება არა პროდასავლურ და პრორუსულ ძალებს შორის, არამედ „ნატო–რომანტიკოსებსა“ და „პრაგმატისტებს“ შორის. „რეალპოლიტიკა“ არ ცნობს იმგვარ ქცევას საერთაშორისო არენაზე, რომელსაც ძველი და ახალი ხელისუფლება ახორციელებდა. ამავე დროს, დღევანდელი ხელისუფლების რეიტინგის დაცემა სულაც არ ნიშნავს „ნაციონალების“ ან „თავისუფალი დემოკრატების“ რეიტინგის ზრდას. ამომრჩევლის სიმპატიები უფრო „პრაგმატისტებისკენ“ გადაიხრება. უპრიანი იქნება, თუ ტერმინ „პრორუსულს“ მათი ავტორების კვალდაკვალ არ გავიმეორებთ“.

 ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის მორიგი სამიტი ვარშავაში, 2016 წლის ივლისში გაიმართება. იქ მთავარ კითხვასაც გაეცემა პასუხი და მავანთა ცნობისმოყვარეობა დაკმაყოფილდება. 

 თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი: „ვარშავის სამიტს უდიდესი მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის, რადგან მას ჩვენს ქვეყანაში 2016 წელს დაგეგმილი არჩევნები ემთხვევა“.

 საინტერესოა, დღევანდელი გადასახედიდან რა პერსპექტივა  და მოლოდინი აქვს საქართველოს და დროის დარჩენილ მონაკვეთში რა შეიძლება შეიცვალოს?

ნანა დევდარიანი: „ჩვენ სწრაფად ცვლად სამყაროში ვცხოვრობთ. ერთი კვირის წინ ექსპერტები და ოფიციოზი ობამასა და პუტინის შეხვედრას გამორიცხავდნენ. სიტუაცია შეიცვალა და შეხვედრა შედგა. წინასწარ ვერავინ განჭვრეტს, დარჩენილ ათ თვეში როგორ განვითარდება პროცესები, მაგრამ ჯერჯერობით ნატოს ლიდერების დამოკიდებულება საქართველოს და უკრაინის ნატოში გაწევრიანების მიმართ ბოლო წლების განმავლობაში არ იცვლება. „კარი ღიაა“, მაგრამ შესვლა შეუძლებელია. ამას ისიც ემატება, რომ დღეს გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია სირიის კრიზისი და ისლამური სახელმწიფო, როგორც საფრთხე მსოფლიოსა და რეგიონისთვის. დასავლეთსა და რუსეთს მოუწევთ თანამშრომლობა ამ საფრთხის გასანეიტრალებლად. პრობლემა არც ნატოშია და არც რუსეთში. პრობლემა არის ჩვენი პოლიტიკოსების ცალსახა ორიენტაციაში დასავლეთისკენ, მათგან ყველაზე „გამჭრიახები“ კი საქართველოს გამთლიანებას რუსეთის დაშლის მოლოდინს უკავშირებენ. საქართველოს აქვს იმის შესაძლებლობა, რომ კარგი გაგებით, ივაჭროს რუსეთსა და დასავლეთს შორის, დააბალანსოს მათი ინტერესები საქართველოში და ეცადოს, მეტი სარგებელი გამოადნოს საკუთარი ქვეყნისთვის. ამას დიპლომატია და არა ურაპატრიოტული შეძახილები სჭირდება. რეალურად სიტუაცია შეიძლება შეიცვალოს, თუ რუსეთის და ნატოს ძალები იმავე ისლამური სახელმწიფოს პრობლემის გადასაჭრელად ითანამშრომლებენ. ამ შემთხვევაში დაძაბულობა მოიხსნება, მაგრამ მაშინ საკითხავია, თუ აუცილებლობის შემთხვევაში დასავლეთი და რუსეთი ერთმანეთს ელაპარაკებიან, მაშინ ჩვენ რატომ არ ვაკეთებთ იგივეს? ჩვენ ხომ გაცილებით უფრო დიდი მოტივაცია უნდა გვქონდეს, რაკი ტერიტორიების საკითხი გვაქვს მოსაგვარებელი?!. ჩვენი „ნატო–რომანტიკოსები“ ირწმუნებიან, რომ რუსეთთან დიალოგს აზრი არა აქვს. იქნებ, მათ არა აქვთ უნარი დიალოგი წარმართონ? არ არსებობს საკითხი, რომლის მოგვარებაც არ შეიძლებოდესო, —განაცხადა პუტინმა საქართველოს ლიდერებთან შესაძლო შეხვედრის შესახებ დასმულ კითხვაზე პასუხად. არავის უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ ეს იოლი პროცესი იქნება, მაგრამ ჩვენ ყველა გზა უნდა მოვსინჯოთ. სხვათა შორის, ჩვენებური მედასავლეთეები სწორედ იმიტომ არიან შეშფოთებული, რომ კარგად დაინახეს  ტერიტორიების დაკარგვის სანაცვლოდ ნატოში შესვლას სულ უფრო ნაკლები ადამიანი უჭერს მხარს. არც ნატოს სჭირდება ასეთი პრობლემების მქონე წევრი, ხოლო ისეთ გამოსავალზე წასვლა, როგორიც არის აფხაზეთისა და სამაჩაბლოს  გარეშე  ნატოში შესვლა, —მხოლოდ თვითმკვლელ ხელისუფალს შეუძლია. ვარშავის სამიტისგან კიდევ რომელიმე „პლატინის ბარათს“ ან „ასპირანტის დიპლომს“  უნდა ველოდოთ, რადგან დღევანდელი ხელისუფლებისთვის, ისევე როგორც ძველისთვის  რაიმე პროგრესის დაფიქსირება აუცილებელია “.

 ვარშავის სამიტის მომავალი გადაწყვეტილება, შესაძლოა, ნატო-საქართველოს ურთიერთობებში წყალგამყოფიც აღმოჩნდეს, რადგან მხოლოდ პოლიტიკური მხარდაჭერა, განცხადებები საქართველოს ნატოსთან უფრო და უფრო დაახლოების  თაობაზე, რუსეთთან ომის ვითარებაში მყოფი ქვეყნისთვის მიუღებელია და ის ალიანსისგან კონკრეტულ ქმედით ნაბიჯებს ითხოვს.

 თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი: „თუ ვარშავის სამიტზე საქართველოსთვის სასიკეთო გადაწყვეტილებებს არ მიიღებენ, იმის საშიშროება არსებობს, რომ ქართულ პარლამენტში გადამწყვეტი ხმის უფლებით პრორუსული ძალები მოვიდნენ. ეს მოლოდინი ნამდვილად არსებობს და ქვეყანაში ჩატარებული გამოკითხვებიც ამაზე მიანიშნებენ“.  რუსეთთან ურთიერთობაში ნატოს წევრი სახელმწიფოები ცალ-ცალკე და არც კოლექტიურად პრობლემებს არ ეძებენ, პრაგმატიზმს იჩენენ და მიუხედავად ცივი ომის მწვავე ფაზისა ბირთვული სახელმწიფოს ზედმეტად გაღიზიანებას ერიდებიან. პროგნოზები ჩვენში უკვე კეთდება. რა გადაწყვეტილებას მიიღებს სამიტი და რა შესაძლო გავლენა ექნება მას ქვეყნის შიდაპოლიტიკურ პროცესებზე და უპირველესად საპარლამენტო არჩევნებზე?

ნანა დევდარიანი: ზემოთ ჩამოთვლილ ფაქტორებთან ერთად,  ეს სამიტიც თავისი გადაწყვეტილებით თუ მორიგი რეზოლუციით უდავოდ გარკვეულ გავლენას მოახდენს იმ ძალების სასარგებლოდ, რომელთაც „პრაგმატისტებად“ მოვიხსენიებ. ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი წინასაარჩევნო სტრატეგიასა და ტაქტიკას სწორად წარმართავენ. მომავალი პარლამენტი ვეღარ იქნება ორპოლუსიანი და ეს ჩვენს ამომრჩეველს უთუოდ წაადგება.

 მომავალ წილისყრამდე დრო ჯერ კიდევ არის. ახლა საკითხავია, ვის სასარგებლოდ მუშაობს ის. ვარშავის სამიტზე ალიანსს მოუწევს უპასუხოს კითხვას რამდენად არის მზად ის დაიცვას მისი ინტერესები საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის რეგიონში.

 რომანტიკოსები და პრაგმატისტები საბოლოო დასკვნას მაშინ გააკეთებენ. 


ყველა ახალი ამბავი
0