თბილისი, 30 სექტემბერი — Sputnik. იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი საქართველოს რეპუტაციის დასაცავად ოთხშაბათს სტრასბურგში გაემგზავრა.
სტრასბურგში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც რეზოლუციას მიიღებენ. დოკუმეტის პროექტში აღნიშნულია, რომ მმართველი კოალიცია „ქართული ოცნება“ საკუთარ ოპონენტებს პოლიტიკური ნიშნით დევნის. ამ რეზოლუციას კატეგორიულად არ ეთანხმებიან მმართველი კოალიციის წარმომადგენლები, რომლებიც შესაბამის შესწორებებზე მუშაობენ.
„მთავარი მიზიანია, რომ ევროსაბჭოს ჰქონდეს ობიექტური ინფორმაცია. რეზოლუციის ტექსტს კენჭს უყრიან ევროსაბჭოს წევრი ქვეყნების დეპუტატები და ამ კენჭისყრაზე ზემოქმედება არ ძალუძს არცერთ აღმასრულებელ ხელისუფლებას. მაქვს ჩემი მიზნები, რომ ვიღაცეებს არ მივცე საშუალება, ევროპაში საქართველოს შეუქმნან ცუდი რეპუტაცია“, — განაცხადა თეა წულუკიანმა ტელეკომპანია „რუსთავი 2–ის“ ეთერში.
რეზოლუციის პროექტი პედრო აგრამუნტმა (Pedro Agramunt) მოამზადა, რომელიც ევროპის სახალხო პარტიის წევრი გახლავთ. იგივე პარტიის წევრია საქართველოს ყოფილი მმართველის პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობაც“.
2015 წლის თებერვალში აგრამუნტმა საქართველოს ყოფილი პრემიერ–მინისტრი ვანო მერაბიშვილი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია და თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა მოინახულა საპატიმროში.