თბილისი, 30 სექტემბერი — Sputnik. პარიზის მოდის კვირეულზე ანუკი არეშიძე საკუთარ კოლექციას წარადგენს. ცნობილი ქართველი დიზაინერი ვიცე–პრემიერ კახი კალაძის მეუღლეა.
საერთაშორისო სააგენტო More Dash–ის შოურუმში, რომელიც ნატალია მოდენოვამ და დარია შაპოვალოვამ დააარსეს, ანუკი არეშიძის კოლექციის ნახვა 30 სექტემბრიდან 7 ოქტომბრამდე იქნება შესაძლებელი.
„ANOUKI–ს ქალბატონები ყოველთვის თანამედროვეები, ჭკვიანები, მოდურები, ძალზე თავდაჯერებულები და სექსუალურები იქნებიან. მისი ხედვა ყოველწლიურად სხვადასხვაგვარადაა წარმოდგენილი გარემო გავლენების გათვალისწინებით. ANOUKI–ს მიზანი — ეს ისეთი სამოსისა და აქსესუარების შემოთავაზებაა, რომლებიც თქვენს მაგივრად ილაპარაკებენ“, — ნათქვამია სააგენტოს საიტზე.
ანუკი არეშიძე დამწყები დიზაინერია. თავისი პირველი დამოუკიდებელი კოლექცია 2013 წელს წარმოადგინა. მის ყველა შოუზე დარბაზი ივსება, ხოლო კოლექციები თბილისისა და ბათუმის მონობუტიკებსა და ონლაინ–მაღაზიებში იყიდება.
ANOUKI–ს გარდა პარიზის მოდის კვირეულზე More Dash–ის შოურუმში საქართველოს კიდევ ორი დიზაინერი წარადგენს: Lalo Cardigans და N-DUO.
Lalo Cardigans — ეს ლალო დოლიძის კუთვნილი ცნობილი ქართული ბრენდია, ხოლო N-DUO ჟურნალისტისა და სტილისტის დუეტია — ნატუკა ქარქაშაძემ და ბიზნეს–ლედი ნინო წილოსანმა მულტიბრენდული ინტერნეტმაღაზიაც n-duo-concept.com დააარსეს.
ამ სეზონზე More Dash მოდის ოთხ მთავარ კვირეულს იპყრობს: ნიუ–იორკში შოუქეისს ატარებს, ლონდონში ჩვენებას მართავს, ხოლო მილანსა და პარიზში — შოურუმებს.
პარიზის მოდის კვირეულში More Dash ასევე წარადგენს უკრაინელი, რუსი, ბრიტანელი და ტაილანდელი დიზაინერების კოლექციებს.