ნინო ცხოიძე
ქართველს, როგორც წესი, ყოველთვის ეთაკილებოდა ხელმოკლეობის გამხელა და, სხვის დასანახად მაინც, ბოლო ლუკმას მოიკლებდა, რომ სტუმრისთვის არ ეგრძნობინებინა სიღრიბე. ანეკდოტიც შეთხზეს იმის შესახებ, როგორ დახვდნენ უცხოეთიდან საქართველოში დასახმარებლად ჩამოსულ დონორებს. სუფრის მრავალფეროვნებით გაოცებულ უცხოელებს უთქვამთ: ამათ რა ჭირს ჩვენი დასახმარებელიო.
ასეთი კუდაბზიკები ვართ ქართველები და ოდითგან მოგვდგამს, იმაზე მეტად მოვაჩვენოთ უცხოს თავი, ვიდრე საბანი გვწვდება. ეს ფენომენალური ნიჭი ქართველებს საზღვარგარეთაც ეტყობათ. ჰოლანდიაში, თავშესაფრის მაძიებელთა სანახავად „აზულში“ (ლტოლვილთა ბანაკი) მისულს, თუ საფრანგეთში „სკვატში“ (მიტოვებული სახლი) დაბინავებულთა მონახულებისას, საოცარი სურათი დამხვდა: უსაბუთო ქართველებს, სოციალური დახმარება რომ თავის გასატანადაც არ ჰყოფნიდათ, თავშესაფრების ეზოებში „BMW“-ები ეყენათ.
უცხოელები მეკითხებოდნენ, რა ხალხი ხართ ეს ქართველები? ჩამოდიან, თავშესაფარს ითხოვენ, მერე ოჯახი ჩამოჰყავთ და ჩვენზე მდიდრების შთაბეჭდილებას ტოვებენო…
ამ დროს რა ხდება საქართველოში? ადამიანებმა აღარ იციან, რა გადამალონ, როცა მათ მოულოდნელად სოცილური აგენტი „ეწვევათ“. უკვე სიღარიბე სირცხვილად კი არა, სანატრელადაც ექცათ, რადგან, მხოლოდ ამ სტატუსიანს ეძლევა დახმარება. 10 წელია, საქართველოში კბილის პასტა, ტელევიზორი და მაცივარი ფუფუნების საგანი გახდა. ისიც მსმენია, ნაციონალების ხელისუფლების დროს, ბევრი ისეთი იღებდა სოციალურ დახმარებას და უფასო სასადილოშიც დადიოდა, ნაღდი ფუფუნების საგნებიც რომ აქვს და მარტოხელაც არ არის. ალბათ, ამან განაპირობა ახალი ხელისუფლების მიერ სიების გადამოწმება და დახმარებების შეჩერება.
როგორც გავიგე, სასადილოების თანამშრომლები დღემდე „ნაციონალურ“ განწყობაზე დარჩნენ. მენიუ და ხარისხი კი თანდათან გამოკეთდა. „მუქთამჭამელები“, ვისაც სოციალურად დაუცველის სტატუსი ნაციონალებმა უფეშქაშეს, ახლაც იქ სადილობენ და სადღესასწაულოდ ძღვენსაც იღებენ.
სამაგიეროდ, ადამიანები, რომლებიც რეალურად შეჭირვებულნი არიან, ძნელად ხვდებიან სოციალურად დაუცველთა ბაზაში. რამდენიმე შემთხვევა ვიცი, როცა სოციალურად დაუცველის ბაზაში მოხვედრაში გაყიდულმა მანქანამ შეუშალა ხელი.
ერთ ოჯახში ოთხი სული ცხოვრობს. მამა დაბალხელფასიან სამსახურშია. დედა კერძო სკოლაში ინგლისურის მასწავლებლად მუშობდა. მასაც მცირე შემოსავალი ჰქონდა. მაგრამ სკოლა რამდენიმე თვის წინ დაიხურა. შვილი 21 წლისაა და სამსახურს ვერ შოულობს. თან მარტოხელა დედაა. მეგობრის თაღლითობას მათი ბინაც შეეწირა და ოთხსულიანი ოჯახი რამდენიმე თვით ქირაობს ბინებს, ვიდრე ვალები არ დაუგროვდებათ და ქუჩაში არ გამოყრიან. ასე დაკარგეს ავეჯიც.
ეს ხალხი წლების განმავლობაში მხოლოდ იმიტომ არ შეიყვანეს სოციალურად დაუცველთა ბაზაში, რომ ოჯახის თავკაცმა ოდესღაც გაყიდული მანქანა ახალ მფლობელს არ გადაუფორმა. ამაზე უარესი რა უნდა დაგემართოს?! სამწუხაროდ, ასეთი მაგალითი საკმაოზე მეტია. სულ რაღაც ერთი თვეა, რაც ამ ოჯახმა სოციალურად დაუცველის სტატუსი მიიღო. თუმცა რა — დახმარების თანხა ერთი მოხუცებულის პენსიას არ აღემატება.
ევროპას ვედრებით და არც სოციალური დახმარება გვაქვს სათანადო, არც სამართლებრივი მიდგომა. რატომ ქურდობენ ასე ხშირად ქართველები ევროპაში? იმიტომ, რომ თუ კაცმა, ან ქალმა მისთვის საჭირო აუცილებელი ნივთი, ან საჭმელი მოიპარა, მას არ იჭერენ. ეს იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფო მის კეთილდღეობას ვერ უზრუნველყოფს. მთვარია, ადამიანი ამ ნაქურდალის რეალიზაციაში არ გამოიჭირონ.
ჩვენში უმუშევარი და არასაპენსიო ასაკის ადამიანი ბედის ანაბარადაა დარჩენილი. პენსიაც ხომ რეალურ საარსებო მინიმუმთან სავსებით შეუსაბამოა. 2003 წელს, მაშინდელი „ოპოზიცია“ ხელისუფლებაში მოსასვლელად მხარდაჭერას რომ ითხოვდა, 115 ლარიან პენსიას პირდებოდა ასაკოვან ადამიანებს. დღევანდელი ხელისუფლება კი — 250 ლარს. ვერც ერთმა ვერ შეასრულა დანაპირები. ამას გარდა, პენსიის ყოველი მომატებისას, ფასები ისე იზრდება, რომ მისი მსყიდველობითი უნარი საკმაოდ სუსტდება. წამლის ფასებიც ევროპულზე მაღალია, თითქოს ჩვენი ავადმყოფები უფრო მდიდრები იყვნენ. უკვე ხშირად გვესმის ფრაზები: „ამათაც ვერ გაამართლეს “, „ხალხის საშველი არ ყოფილა“ და ა.შ.
იმედგაცრუებულთა ნაწილი გამოსავალს ისევ ქვეყნიდან გაქცევაში ხედავს. წასულებიდან კი ბევრი ჯერაც ოპტიმისტურადაა განწყობილი და ელოდება, როდის დაანებებს ხელისუფლება თავს ამ ე.წ. ერთდერთ ოპოზიციასთან „ჭიდილს“ და როდის იგრძნობს ხალხი შვებას, რომ, დასაქმების იმედით, სამშობლოში დაბრუნდეს. ნაწილმა კი საბოლოოდ გადაიწურა იმედი და უცხო ქვეყანაში მყარად გაიდგა ფესვები.
ასეა, საცოდავი საქართველო ვერც მესიას ეღირსა და ვერც ნამდვილ დემოკრატიას. კეთილდღეობაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია.