თბილისი, 30 სექტემბერი — Sputnik. საქართველოში მარიხუანის მოხმარება სისხლის სამართლის დანაშაულად რჩება, თუმცა, თავისუფლების აღკვეთით აღარ დაისჯება, განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ხმალაძემ.
დეპუტატებს არ მოეწონათ მარიახუანის დეკრიმინალიზაციის იდეა, რომელიც დეპუტატ გოგა ხაჩიძეს ეკუთვნის. მის მიერ წარმოდგენილ კანონპროექტში შემოთავაზებული იყო ცვლილებების შეტანა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 173–ე მუხლში.
ცვლილებების თანახმად, მარიხუანის ან კანაფის ექიმის დანიშნულების გარეშე მცირე რაოდენობით დამზადება, შეძენა, შენახვა და მოხმარება არ უნდა იდევნებოდეს სისხლის სამართლებრივად და განმეორებით შემთხვევაშიც კი მხოლოდ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში უნდა ხვდებოდეს.
„იურიდიული კომიტეტის გადაწყვეტილებით, მარიხუანის განმეორებითი მოხმარება რჩება სისხლის სამართლის დანაშაულად, თუმცა, თავისუფლების აღკვეთით არ დაისჯება, გამოყენებული იქნება მხოლოდ ჯარიმა და გამოსასწორებელი სამუშაოები. ამას გარდა, პლენარულ სხდომაზე ადმინისტრაციული დარღვევების შემთხვევაში ჯარიმების შემცირების საკითხსაც განვიხილავთ“, — განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.
საქართველოში მარიხუანის მოხმარების დეკრიმინალიზაციის შესახებ კანონპროექტში ცვლილებები შევიდა. ამის შემდეგ ის პარლამენტს პლენარულ სხდომაზე წარედგინება პირველ მოსმენაზე. ასეთი გადაწყვეტილება პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 29 სექტემბერს მიიღო.