ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებს ევროპული დიპლომი 5 წლის ვადით გადაეცა

© Government of Georgiaვაშლოვანის დაცული ტერიტორია, კოლხური ხოხობი
ვაშლოვანის დაცული ტერიტორია, კოლხური ხოხობი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გარემოს დაცვის სამინისტრო: ევროპული დიპლომი საქართველოს დაცული ტერიტორიების საერთაშორისო დონეზე ცნობადობის გაზრდას შეუწყობს ხელს.

თბილისი, 29 სექტემბერი — Sputnik. ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებს ევროპული დიპლომი ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის დადგენილებით, 5 წლის ვადით გადაეცა, ამის შესახებ გარემოს დაცვის სამინისტროს პრესსამსახური სამშაბათს, 29 სექტემბერს იტყობინება

 მსგავსი დიპლომი ევროპის მასშტაბით მხოლოდ 28 ქვეყნის 73 დაცულ ტერიტორიას აქვს მინიჭებული. იგი სამეცნიერო, კულტურული ან ესთეტიკური ღირებულებების თვალსაზრისით გამორჩეულ დაცულ ტერიტორიებს განსაზღვრული ვადით გადაეცემა.

 „ევროპული დიპლომი საქართველოს დაცული ტერიტორიების საერთაშორისო დონეზე ცნობადობის გაზრდას შეუწყობს ხელს“, — ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

 ევროპული დიპლომი გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრს, გიგლა აგულაშვილს ევროპის საბჭოს დემოკრატიული ინიციატივების დეპარტამენტის თავმჯდომარე ელადიო ფერნანდეს-გალიანომ (Eladio Fernandez-Galiano) გადასცა.

 ღონისძიებას სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების, დიპლომატიური კორპუსის დონორი ორგანიზაციებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 ევრო დიპლომის გადაცემის ცერემონიასთან დაკავშირებით, გარემოს გლობალური ფონდისა და გაეროს განვითარების პროგრამის მიერ დაფინანსებული პროექტის — „კოლხური ხოხბის აღდგენა ბუნებრივ ჰაბიტატებში“ — ფარგლებში, ფრინველსაშენში გაზრდილი ხოხბები ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე გაუშვეს. 

 პროექტი 2014-2015 წლებში გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) დახმარებით ხორციელდება. პროექტის ფარგლებში აშენდა ინკუბატორის შენობა, რომელიც ავტონომიური მზის ელექტროსისტემით აღიჭურვა, ტყვეობაში გამრავლდა 300-მდე ხოხობი, რომელიც სამ სამონადირეო მეურნეობას და რამოდენიმე ოჯახს გაუნაწილდა. თავის მხრივ მეორე წელს, ბენეფიციარების მიერ ტყვეობაში 200-მდე კოლხური ხოხობი იქნა გამრავლებული, მათი უმრავლესობა (150) ივრის, ალაზნისა და მტკვრის ჭალებში გაუშვეს. ხოლო, ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების, მეგობართა ასოციაციის კოლხური ხოხბის საშენის მიმდებარე ტერიტორიაზე 2014 – 2015 წლებში 25 ხოხობი გაუშვეს, მათზე დაწესებულია მონიტორინგი თანამედროვე ტექნოლოგიების (ტელემეტრიiს) გამოყენებით.


ყველა ახალი ამბავი
0