აზდაკი 40 წლისაა

სცენა სპექტაკლიდან კავკასიური ცარცის წრე
სცენა სპექტაკლიდან კავკასიური ცარცის წრე - Sputnik საქართველო
გამოწერა
რამაზ ჩხიკვაძე: საქართველოს კარგი არტისტები არ აკლია. ყოველთვის ჰყავდა და ახლაც საკმარისი ჰყავს. თუ მათ შორის მეც ვითვლები, უფლის მადლობელი ვარ... თეატრი კოლექტიური ხელოვნებაა, აქ ცალკე ვერაფერს გააკეთებს ვერც რეჟისორი, ვერც მხატვარი და ვერავინ... დასი აკეთებს, ის ხალხი აკეთებს, ვინც სპექტაკლში ღებულობს მონაწილეობას.

მანანა ტურიაშვილი

 1975 წელის შემოდგომაზე რუსთაველის თეატრში ლეგენდარული „კავკსიური ცარცის წრის“ პრემიერა შედგა. 

 რამაზ ჩხიკვაძეს 2002 წლის 26 თებერვალს, რუსთაველის თეატრის საგრიმიოროში შევხვდი. მას აზდაკის კოსტიუმი ეცვა. „კავკასიური ცარცის წრის“ რეპეტიციიდან გამოვიდა და დიდსულოვნად დაგვითმო დრო.

 — ახლა მე ჩემი საქმით გავერთობი და თქვენ მკითხეთ…

 - გაერთობით?

 - ჰო, ახალი ქუდი უნდა მომიტანონ და უნდა ვნახო. აბა! შენ გგონია, მოხვალ თეატრში და პირდაპირ სცენაზე გავარდები? 

 - ბატონო რამაზ, როგორ ემზადებით სცენაზე გასასვლელად?

 — აი, ასე, მოვდივარ და უნდა შევამოწმო: გრიმი დევს თუ არა ადგილზე. აი, ეს სამუხლეებია… ათასი რაღაცა!

 — და შინაგანად როდის ხდება მომზადება? თუ რაც მოყევით, ეს უკვე მომზადების დასაწყისია?

 — სპექტაკლზე, რომ მივდივარ, უკვე იქედან ვემზადები. რა თქმა უნდა თუ რთული როლია და დიდი ტექსტი, სულ იმის გამეორებაში ვარ. წინა დღიდან უკვე რაღაცა ადგილებს ვიმეორებ, რომ არ დამავიწყდეს. და კიდევ, იცი რა ხდება? შენი ორგანიზმი თავისთავად ემზადება და ისე ემზადება, რომ ვერ გრძნობ. აი, გიტარის აწყობას გავს.

 - ბატონო რამაზ, თქვენ ახლა დიდების მწვერვალზე ხართ. არ ვაზვიადებ. ალბათ, ამიტომ ხართ ასეთი მოკრძალებული და თავმდაბალი…

 - თავდამდაბლობა ნორმალურია… რა ვიცი, რატომ უნდა ვიყო გაგიჟებული? რა გავაკეთეთ ასეთი, ბატონო? არიან ნიჭიერი მსახიობები, ნაკლებად ნიჭიერები და სცენას ყველა სჭირდება. თუ მე იმ ნიჭიერ მსახიობებში გავდივარ, ვთქვათ, როგორც თქვენ ამბობთ — პირველი არტისტი ხარო… არა ვარ, კაცო! პირველი არტისტი არა ვარ! და არც არავინ არის. პირველი არტისტი არ არსებობს! აი, სპორტსმენი რომ გაიქცევა 100 მეტრზე 9 წამში და ისვრის ბადროს — აი, ის შეიძლება პირველი იყოს. მადლობა ღმერთს საქართველოს კარგი არტისტები არ აკლია. ყოველთვის ჰყავდა და ახლაც საკმარისი ჰყავს. თუ მათ შორის მეც ვითვლები, უფლის მადლობელი ვარ და თქვენიც, ასე რომ შემაფასეთ…თეატრი კოლექტიური ხელოვნებაა, აქ ცალკე ვერაფერს გააკეთებს ვერც რეჟისორი, ვერც მხატვარი და ვერავინ… დასი აკეთებს, ის ხალხი აკეთებს, ვინც სპექტაკლში ღებულობს მონაწილეობას. ამიტომ, დრო როცა გადის, ბოლოს მაინც რჩებიან ის ადამიანები, ვისთან ერთად შრომობდი, ვისთან ერთად მარცხიც განგიცდია და გამარჯვებაც.

 - პოპულარობა მნიშვნელოვანია?

 — ახლა, რომ ვთქვა, პოპულარული ვარ და ეს არის დიდი ბედნიერება — არ შეიძლება, იმიტომ რომ პოპულარული ბევრია და ამაზე რომ გავგიჟდე — არიქა პოპულარული ვარ და ამიტომ ძალიან ბედნიერი — არ შეიძლება. შენ თვითონ უნდა იყო შენი თავით კმაყოფილი — ესაა ბედნიერება. როგორ გაიარე განვლილი ცხოვრება, საინტერესო იყო თუ არა. ატყუებდი ვინმეს ან რაიმე ცუდს უკეთებდი ხალხს და ამით მოიპოვე სახელი თუ წესიერი გზით მიდიოდი, შრომობდი, ოფლს ღვრიდი მეგობრებთან ერთად და აღწევდი იმ მიზანს, რომელიც თურმე ხალხის მოსაწონიც ყოფილა — აი, ეს არის ყველაზე დიდი ბედნიერება.

 როცა მაყურებელი ჩაერთვება შენს ხელოვნებაში და აგყვება, ძალა გიასმაგდება და უფრო მეტი ენერგიით, აზარტით თამაშობ და ასრულებ შენს შესასრულებელს… განსაკუთრებით კომედიაში, ვინაიდან კომედიას უცებ ეტყობა ხალხი აგყვა თუ არა… იმიტომ რომ, იქ ვიღაც გაიცინებს, ვიღაც გადაიხარხარებს. როცა კარგ რეპლიკას ისვრის მსახიობი ან სცენაზე კარგი სიტუაციაა შექმნილი, უფრო მეტი აჟიოტაჟია. დრამაში და ტრაგედიაში ხალხი ჩუმად არის. რაზე უნდა იყოს ახლა რეაქცია? აი, ის სიჩუმე რომ არის, როცა გაინაბება ხალხი — ეს მოწონების ნიშანია. როცა ატყდება გადალაპარაკება, ჩურჩული და სცენაზე ვგრძნობ, რომ ჩოჩქოლია. ესე იგი ხალხს არ მოსწონს. მერე იმასაც ხედავ, ვიღაცა ადგა და გავიდა, კარებიც გაიჯახუნა, ბოლოს გეტყვიან, რა დაგიდგიათ, კაცო! რაზე წვალობდით, ან ჩვენ რაზე გვაწვალებთო. აი, თუ კარგად არის მაყურებლთან კონტაქტი დამყარებული — დიდ ბიძგს გაძლევს. მაყურებელი ზრდის მსახიობსაც და სპექტაკლსაც. წარმოდგენა სცენაზე ღვინდება. პრემიერაზე მაჭარია, მერე ღვინდება და სპექტაკლის დამღვინებელი, უპირველესად, არის მაყურებელი.

 - ძალიან ბევრი ავტორის პიესაში გითამაშიათ. უცხოურშიც და ქართულშიც. ავტორი მსახიობში რა კვალს ტოვებს?

 - როცა ბევრ ნაწარმოებთან გაქვს კავშირი, უფრო ჭკვიანი ხდები. დრამატურგიაში რა არის: სიკეთე და სიავე, არა? ვინ, ვინ არის… რა არის კარგი და ცუდი, არა? საბოლოოდ ეს არის მოთხრობილი. რა არის იუმორისტული, რა არის სხარტი სიტყვა, როგორ ადამიანს თამაშობ. ვინ იყო ის კაცი? აი, ამაში ერკვევი, ერკვევი და მერე, ადამიანის ამოცნობაში რაღაცა სიბრძნეც იჩენს თავს, არა? მე მგონია, რომ მსახიობი, რომელსაც კარგი ნამუშევარი აქვს თეატრში და სცენაზე, უფრო იოლად ამოხსნის ადამიანს… ახლა, გულთმისანი ვერ გახდება, მაგრამ პიროვნების ამოცნობის უფრო მეტი შესაძლებლობა გაქვს. 

 თეატრმა სწორი ცხოვრება უნდა ასწავლოს ხალხს, რა იყო კარგი და რა ცუდი? მაგრამ ჩვენ თვითონაც უნდა შევიგრძნოთ, რა არის ცუდი და რა არის კარგი, არა? ამ მხრივ მსახიობის გაკეთილშობილება ხდება. ხანდახან ადამიანი მიდის და გავხედავ ხოლმე. ზოგჯერ ქალს გავაყოლებ თვალს. რამდენი ლამაზი ქალი გაივლის, მაგრამ მე რაღაც სხვა მაინტერესებს. რომ აბობენ: კარგი ტიპიაო — აი, ის მაინტერესებს, რას ნიშნავს? ვისაც კარგი გამომსახველობა აქვს, ან მოძრაობა, ან საინტერესოდ დადის. ჩვენი პრაქტიკა რა არის? ცხოვრება. არტისტობას ცხოვრება გვასწავლის და მერე ჩვენზე უფროსი თაობა. ყველაზე მთავარი მაინც ეს არის. აი, მერეა თეატრალური ინსტიტუტი, რომელმაც ყოველდღიური ცხოვრებიდან აღებული მასალის ჩამოყალიბება და გამოყენება უნდა გასწავლოს.


ყველა ახალი ამბავი
0