თბილისი, 28 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს მთავარ პროკურორს ამიერიდან პარლამენტი დაამტკიცებს. აქამდე მას, იუსტიციის მინისტრის წარდგინებით, პრემიერ-მინისტრი ნიშნავდა.
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა კანონში „პროკურატურის შესახებ“ შესაბამის შესწორებებს ხელი უკვე მოაწერა. კანონი ძალაში საქართველოს „საკანონმდებლო მაცნეს“ ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებისთანავე შევა.
„საქართველოს პრეზიდენტი ელოდება, რომ პროკურატურის სისტემის რეალური რეფორმა უახლოეს მომავალში დაიწყება და განხორციელდება“, — განაცხადა პრეზიდენტის საპარლამენტო სპიკერმა გიორგი კვერენჩხილაძემ ორშაბათს, 28 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე.
პროკურორთა საბჭო, რომელიც შესწორებების ამოქმედების შემდეგ ჩამოყალიბდება, მთავარი პროკურორის კანდიდატურას წარადგენს. მთავარ პროკურორს პარლამენტი ექვსი წლის ვადით, გადარჩევის უფლების გარეშე დაამტკიცებს.
პრეზიდენტის ადმინისტრაციამ მანამდე შემუშავებული რეფორმა დაიწუნა. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ შესწორებების შეტანა კანონში „საქართველოს პროკურატურის შესახებ“, მმართველი კოალიციის ინტერესებშია, რომელსაც პარლამენტში უმრავლესობა ჰყავს. პრეზიდენტის განმარტებით, საჭიროა ისეთი რეფორმა, რომელიც პროკურატურას, ხელისუფლების შტოებს შორის ბალანსის გათვალისწინებით, ღირსეულ ადგილს მიუჩენს.