თბილისი, 28 სექტემბერი — Sputnik. გამოჩენილი ქართველი კომპოზიტორის გია ყანჩელის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონცერტი ბრიუსელში ორშაბათს, 28 სექტემბერს გაიმართება, იუწყება საქართველოს კუტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო.
საიუბილეო კონცერტი საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის მონაწილეობით, ბრიუსელის ნატიფი ხელოვნების სასახლეში ჩატარდება. სცენაზე აჟღერდება გია ყანჩელის ვოკალური და კამერულ-ინსტრუმენტული ნაწარმოებები. საღამო ადგილობრივი დროით 20:00 საათზე დაიწყება.
კონცერტში მონაწილეობას ცნობილი ქართველი ალტისტი გიორგი ცაგარელი, მომღერლები ნატო მეტონიძე და ლიზა ბაგრატიონი მიიღებენ. ორკესტრს ნიკოლოზ რაჭველი უდირიჟორებს.
როგორც სამინისტროში აღნიშნავენ, 2015 წელს გია ყანჩელის 80 წლის იუბილე მსოფლიო მასშტაბით აღინიშნება. ლეგენდარული მაესტროს იუბილესადმი მიძღვნილი საზეიმო კონცერტების სერია საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის მონაწილეობით, მთელი წლის განმავლობაში ჩატარდება.
გია ყანჩელი 1935 წლის 10 აგვისტოს თბილისში, ექიმის ოჯახში დაიბადა. დაამთავრა მუსიკალური სკოლა, შემდეგ თბილისის უნივერსიტეტის გეოლოგიის ფაკულტეტი (1959 წელს) და ამის მერე ჩააბარა თბილისის კონსერვატორიაში, რომელიც 1963 წელს (იონა ტუსკიას საკომპოზიციო კლასი) კომპოზიციის განხრით დაამთავრა.
ყანჩელი თბილისის კონსერვატორიაში საკრავთმცოდნეობას ასწავლიდა. 1991 წლიდან ბერლინში (გერმანია) ცხოვრობდა, სადაც ხელოვნების გერმანული აკადემიის სტიპენდია მიიღო. ფლანდრიის სამეფო ფილარმონიული ორკესტრის მიწვევით, 1995 წლიდან ის ანტვერპენში (ბელგია) ცხოვრობს.
გია ყანჩელი მრავალი სიმფონიური და კამერული ნაწარმოების ავტორია. დაწერილი აქვს მუსიკა დრამატული სპექტაკლებისთვის, ათეულობით კინოფილმისთვის, მათ შორის ისეთი პოპულარული ფილმებისთვის, როგორებიცაა „მიმინო“, „შერეკილები“, „არ დაიდარდო“ „ქინ-ძა-ძა!“ და სხვა.
ყანჩელის შესახებ რამდენიმე დოკუმენტური ფილმია გადაღებული. მათ შორისაა „გია ყანჩელი“ (2001), „გია ყანჩელი. ცხოვრება ბგერებში“ (2011), „მიმინო (საბჭოთა კინოს საიდუმლოება)“ (2012) და სხვა.
გია ყანჩელი მრავალი პრემიის ლაურეატია: საქართველო სახელმწიფო პრემია, რუსთაველის პრემია და ღირსების ორდენი, პრემია „ნიკე“ ფილმისთვის („ქინ-ძა-ძა“) დაწერილი საუკეთესო მუსიკისთვის (1987), „ვოლფის“ პრემია და სხვა. არის საქართველოს სახალხო არტისტი, მინიჭებული აქვს თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება (2007). ყანჩელი არის რუსეთის კინემატოგრაფიული ხელოვნების აკადემიის „ნიკას“ აკადემიკოსი.