თბილისი, 28 სექტემბერი – Sputnik. გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ გიორგი კვირიკაშვილი, ნიუ–იორკში იაპონიის პრემიერ-მინისტრის შინძო აბეს სახელით გამართულ მიღებას დაესწრნენ, იუწყება მთავრობის პრეს–სამსახური.
მიღებაზე დამსწრეთ სიტყვით იაპონიის პრემიერმა მიმართა, შემდეგ საპატიო სტუმრებთან შეხვედრა გაიმართა.
„შინძო აბემ ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა საქართველოს მთავრობასა და მის საგარეო უწყებას და ასევე ხაზი გაუსვა იაპონიასა და საქართველოს შორის მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებს“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.
ნიუ–იორკში გაეროს გენერალური ასამბლეს 70–ე საიუბილეო სესია მიმდინარეობს, რომელსაც სხვადასხვა წევრი–ქვეყნების ლიდერები ესწრებიან.
ვიზიტის ფარგლებში, ღარიბაშვილმა შეხვედრა გამართა გაიანას პრეზიდენტთან დევიდ არტურ გრეინჯერთან (David Arthur Granger) და ტოგოს რესპუბლიკის პრეზიდენტთან ფორ ესოზიმნა გნასინგბესთან (Faure Essozimna Gnassingbе).
მხარეებმა შეხვედრაზე ორმხრივი იურთიერთობების შესახებ ისაუბრეს. გაიანასა და ტოგოს ლიდერებმა საქართველოს სუვერენული და ტერიტორიული მთლიანობისადმი ურყევი მხარდაჭერა გამოხატეს.