ნიუ იორკში გამოფენა-გაყიდვა Discover Georgia გაიხსნა

გამოწერა
გამოფენა-გაყიდვა ქართული პროდუქციის პოპულარიზაციას, საექსპორტო პოტენციალის გაზრდას, მცირე და საშუალო ბიზნესის წახალისების კუთხით ქვეყნის სამეწარმეო გარემოს გაუმჯობესებას ემსახურება.

თბილისი, 27 სექტემბერი — Sputnik. ნიუ იორკში მყოფი საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ვიცე-პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი, საქართველოს დელეგაციასთან ერთად Chelsea Market-ს ეწვივნენ, სადაც გამოფენა გაყიდვა Discover Georgia გაიხსნა, იტყობინება პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური. 

 გამოფენაზე, რომელიც Chelsea Market-ში სამი დღე გრძელდება, წარმოდგენილია სუვენირები, ხელნაკეთი ნივთები, ხალხური რეწვის ნიმუშები, თანამედროვე დიზაინერების პროდუქცია. დამთვალიერებელს შეუძლია გაეცნოს საქართველოს ისტორიას, დააგემოვნოს ადგილზე ქართული საკვები და ღვინო.

 „სტენდებზე წარმოდგენილი პროდუქცია დამთვალიერებლებსა და შეძენის მსურველებს საშუალებას აძლევს ახლოს გაეცნონ ქართულ კულტურულ და ისტორიულ შტრიხებს, რაც უცხოელი სტუმრების მხრიდან საქართველოსადმი სამომავლო ინტერესის გაღვივებასა და ქვეყნის ცნობადობის ამაღლებას შეუწყობს ხელს“, — ნათქვამია პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს სამთავრობო დელეგაციასთან ერთად, გაეროს გენერალური ასამბლეის საიუბილეო სამოცდამეათე სესიაზე დასასწრებად,პარასკევს, 25 სექტემბერს აშშ-ში გაემგზავრა.

 საქართველოს მთავრობის მეთაური მონაწილეობას მიიღებს გაეროს გენასამბლეის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებში. 

 გაეროს გენერალური ასამბლეის საიუბილეო სამოცდამეათე სესია ოფიციალურად 15 სექტემბერს გაიხსნა. ძირითადი დებატები 28 სექტემბერს დაიწყება და 3 ოქტომბრამდე გასტანს.

 

ყველა ახალი ამბავი
0