თბილისი, 27 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველშვილის დელეგაციასთან ერეთად კვირას, 27 სექტემბერს სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა, სადაც დაგეგმილია შეხვედრები უმაღლეს დონეზე. გარდა ამისა პრეზიდენტი მონაწილეობას მიიღებს გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გამართულ ღონისძიებებში, ამის შესახებ საუბარია სახელმწიფოს მეთაურის პრესსამსახურის გავრცელებულ ინფორმაციაში.
აშშ-ში უკვე იმყოფება მეორე ქართული დელეგაცია პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით. დაგეგმილია პრემიერის სიტყვით გამოსვლა გაეროს გენერალური ასამბლეის 70-ე სესიაზე.
ლიტვის პრეზიდენტის მიწვევით, საქართველოს პრეზიდენტი მონაწილეობას მიიღებს გენერალური ასამბლეის ფარგლებში დაგეგმილ დისკუსიაში — „აღმოსავლეთ ევროპის მომავალი, ქალთა როლის გაძლიერება".
სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი 29 სექტემბერს ვაშინგტონს ეწვევა, სადაც დაგეგმილია შეხვედრები სენატორებთან და კონგრესმენებთან, მათ შორის არიზონას შტატის სენატორ ჯონ მაკკეინთან.
ვაშინგტონში გიორგი მარგველაშვილი მსოფლიო ბანკის და საერთაშორისო სავალუტო ფონდის პრეზიდენტებს და ბიზნესწრეების წარმომადგენლებს შეხვდება.
საქართველოს პრეზიდენტი ასევე "ოლბრაიშ სთოუნბრიჯ გრუფ"-ის ხელმძღვანელს მადლენ ოლბრაითს სამუშაო საუზმეზე უმასპინძლებს. დაგეგმილია პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა ვილსონის და სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრში. ასევე შეხვედრები გაიმარათება კარნეგის ცენტრის ხელმძღვანელთან, უშიშროების და საგარეო ურთიერთობის კომიტეტების წარმომადგენლებთან.
ქვეყნის პირველი პირი „ნაციონალურ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) ხელმძღვანელებთანაც გამართავს სამუშაო სადილს და ამერიკაში მცხოვრებ ქართულ დიასპორასაც შეხვდება.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის ინტერვიუები საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებთან.
გიორგი მარგველაშვილის ვიზიტი აშშ-ში 2 ოქტომბერს დასრულდება.