"კანონი სახელმწიფო ენის შესახებ" მიღებულია, ანუ უყურადღებოდ დარჩენილი მოვლენა

ძეგლი "დედა ენას"
ძეგლი დედა ენას - Sputnik საქართველო
გამოწერა

 ნინო ქუთათელაძე

 „მრავალწლიანი ბრძოლა, რომ მიღებულიყო კანონი სახელმწიფო ენის შესახებ წარმატებით დასრულდა“,- ბრძანა სრულიად საქართველოს რუსთაველის საზოგადოების თავმჯდომარემ, პოეტმა დავით შემოქმედელმა მწერალთა სახლში გამართულ წარდგინებაზე. სხვათაშორის, უნდა ითქვას, რომ აღნიშნული კანონი პირველად იქნა გამოტანილი საჯარო განხილვაზე და ეს სწორედ რუსთაველის საზოგადოების ინიციატივით განხორციელდა. სამწუხაროდ, ათასი უაზრო და ვითომ სენსაციური ინფორმაციისა და მათზე კიდევ უფრო უაზრო სჯა-ბაასის შემდეგ სავსებით კანონზომიერი გახლდათ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი საინფორმაციო საშუალებებს მიღმა დარჩა. მას შემდეგ, რაც ყოფილმა განათლების მინისტრმ ალექსანდრე ლომაიამ ენის პალატა გააუქმა, ქართული ენა რომ სახელმწიფო ენა გახლავთ, აღარავის გახსენებია. აჭრელდა არამარტო დედაქალაქი, არამედ სრულიად საქართველო, უცხოენოვანი აბრებითა და რეკლამებით, გამკითხავი კი არავინ იყო.

 კანონზე მუშაობის პროცესი საკმაოდ დამღლელი და საპასუხისმგებლო გახლდათ. შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელიც შეიმუშავებდა კანონს სახელმწიფო ენის შესახებ. ამ კომისიას თავმჯდომარეობდა აკადემიკოსი თმაზ გამყრელიძე, კომისის წევრები გახლდნენ: ენათმეცნიერების ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე, რუსთაველის საზოგადოების ენისა და ლიტერატურის კომიტეტის თავმჯდომარე, პროფესორი გიორგი გოგოლაშვილი, ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორი, აკადემიკოსი ავთანდილ არაბული, ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორები, პროფესორები: გუჩა კვარაცხელია, ლევან ღვინჯილია, ვაჟა შენგელია და ჯონი ხეცურიანი, რომელიც აწესრიგებდა კანონის იურიდიულ მხარეს და, რომელსაც კანონის საჯარო განხილვისას ყველა გამომსვლელი მადლობას უხდიდა გაწეული უდიდესი  დახმარებისათვის.

 მწერალთა სახლში გამართულ საღამოზე გიორგი გოგოლაშვილმა აღნიშნა, რომ ამ კანონს ბევრი ხელის შემშლელი ფაქტორი უძღოდა წინ, თუმცა საბოლოოდ ის, შეიძლება ითქვას, ერთხმად იქნა მიღებული პარლალამენტის მიერ. რამდენიმე პარლამენტარმა, რა თქმა უნდა, თავი შეიკავა, მაგრამ წინააღმდეგი არავინ ყოფილა. კანონმა მრავალი ინსტანცია გაიარა, მათ შორის, ვენეციის კომისიის დასკვნას ელოდნენ დიდ ხანს, მაგრამ საპარლამენტო არდადეგების დაწყებამდე მაინც მოესწრო მისი მიღება. მან ისაუბრა იმ სკეპტიკოსების შესახებაც, რომლებსაც არგუმენტად მოჰყავდათ, რომ ასეთი კანონი განვითარებულ ქვეყნებში არ არის. უმეტესობა თურმე  ინგლისის მაგალითზე ამტკიცებდა, რომ ეს კანონი ხელს შეუშლის ჩვენს ინტეგრაციას დასავლეთთან. მაგრამ ინგლისში ისეა მოწესრიგებული მშობლიური ენის დაცვის საკითხი, რომ იქ კანონიც არ არის საჭირო და გიორგი გოგოლაშვილმა გაიხსენა რამდენიმე მაგალითი ინგლისის პრემიერმინისტრების ცხოვრებიდან, როცა მათ ბოდიში მოიხადეს საზოგადოების წინაშე ენობრივი ნორმების დარღვევისათვის.

 ავთანდილ არაბულმა ისაუბრა იმის შესახებ, თუ რას ითვალისწინებს კანონი, როდის ამოქმედდება ის, რამდენი ადამიანი იმუშავებს ქართული ენის დეპარტამენტში და რა ფუნქცია დაეკისრებათ მათ… 

 მომხსენებლების შემდეგ სიტყვით გამოვიდნენ: ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორები, პროფესორები: ზურაბ ჭუმბურიძე, ავთანდილ ნიკოლეიშვილი, გიგი ხორნაული, „დედა ენის“ საზოგადოების თავმჯდომარე ზაურ ბაბუხადია და სხვები. დამსწრე საზოგადოება ძირითადად იმან აღაშფოთა, რომ კანონში არ არის გათვალისწინებული სანქციები სახელმწიფო ენის კანონის დამრღვევთა წინააღმდეგ. ავთანდილ არაბულმა კი განმარტა, რომ ამას მოაწესრიგებს „კანონი რეკლამის შესახებ“ და ჩვენ მომავალ წელს უკვე თვალნათლივ ვიგრძნობთ ახლახანს მიღებული კანონის შედეგებს.

 როგორ ამოქმედდება კანონი და შეიცვლება თუ არა სახელმწიფოებრივი მიდგომა ჩვენი ყველაზე უდიდესი საგანძურის —ქართული ენისადმი, ამას მომავალი გვიჩვენებს.


ყველა ახალი ამბავი
0