ქართველი მამლუქის 163 სევდანარევი ჯილდო

კახი კახიაშვილი
კახი კახიაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამგზის ოლიმპიური და ამდენჯერვე მსოფლიოს ჩემპიონი, უამრავი სხვა ჯილდოს მფლობელი და 9 გზის მსოფლიოს რეკორდსმენი. „სპორტულ ისტორიებში“ გამოჩენილ ქართველ ძალოსან კახი კახიაშვილზე მოგითხრობთ.

 თამაზ  ჩიქვანაია

 ბავშვობაში, როგორც ყველა ცხინვალელი ბიჭი, ბურთს დასდევდა, თან მოკრივეობაზე ოცნებობდა. მეზობლად მცხოვრებმა ცნობილმა მწვრთნელმა, ქართული ძალოსნობის პატრიარქმა ბიჭში სათანადო პოტენციალი დაინახა და ძალოსნობის დარბაზში წაიყვანა. ბავშვმა იფიქრა, ალბათ, ჯერ უნდა მომაღონიეროს და კრივის სწავლას მერე დავიწყებო. მალე ისე შეეჩვია თავის დამრიგებელსაც და  შტანგებსაც, რომ მოკრივეობა აღარც გახსენებია. ბევრი, ალბათ, მიხვდა, რომ მწვრთნელი ვანო გრიქუროვია, ხოლო პატარა ბიჭი კახი კახიაშვილი — სამგზის ოლიმპიური და ამდენჯერვე მსოფლიოს ჩემპიონი. 

 კახი კახიაშვილი: „1988 წელს მსოფლიოს ჩემპიონი გავხდი ახალგაზრდებს შორის და  ოლიმპიურ ნაკრებში გამომიძახეს.  შემდეგ  საქართველოში სიტუაცია აირია და სპორტისთვის აღარავის ეცალა. საბჭოთა კავშირის დროშის ქვეშ ვინც გამოვიდოდა საასპარეზოდ, ლამის მოღალატეებად ითვლებოდნენ.  ამ ვითარების გამო, ბევრმა დაანება თავი სპორტს“. 

 დსთ-ს სახელით მოასპარეზე კახი კახიაშვილმა ოლიმპიური ოქრო მოიგო და დაჯილდოების ცერემონიისთვის ემზადებოდა. აქ კი გაუგებრობა — ვიღაცას განაცხადში რუსად ჩაუწერია. ორგანიზატორებმაც რუსეთის ჰიმნი დააგუგუნეს და დროშაც რუსული ასწიეს. ოქროსმედლებმომარჯვებული დამჯილდოებელი გაკვირვებული უყურებს ქართველს, რომელიც ჯიუტად ფეხს არ იცვლის და კვარცხლბეკზე არ ადის. დაესიენ ადგილობრივი ჩინოვნიკები და ამანაც განუცხადა: მე აქ საქართველოს ჰიმნის მოსასმენად და ქართული დროშის საყურებლად ვარ მოსულიო. მალე ყველაფერი გამოასწორეს… იმ საღამოს ცხინვალში ქართველები და ოსები ერთად ზეიმობდნენ კახიაშვილის გამარჯვებას. 

 ამას მოჰყვა მორიგი გაუგებრობა თუ დაუდევრობა, შინ დაბრუნებულ ოლიმპიურ ჩემპიონს, მხოლოდ ახლობლები დახვდნენ აეროპორტში. ეს კიდევ არაფერი, როგორც თვითონ ამბობს, მისი გამარჯვება ქართველ ხალხს ეკუთვნოდა და არა ვინმე ჩინოსანს, მაგრამ შემდეგ ტელევიზიით გაიგო, რომ თურმე ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენით დაუჯილდოებიათ და როდესაც ორდენი მოიკითხა, უთხრეს უკვე აღებული გაქვს და ხელიც მოწერილიო…

 მალე ხმა გავრცელდა, კახიაშვილი საქართველოდან მიდის და ამიერიდან საბერძნეთის სახელით იასპარეზებსო. დაიწყო ათასნაირი იარლიყის მიწებება და ურაპატრიოტული მოწოდებები. ყველას დაავიწყდა, რომ დიდი სპორტსმენობისთვის შრომა და ოფლისღვრაა საჭირო, ამას კი სათანადო პირობები სჭირდება. მათ კი, ვისაც ეს ევალებოდა, ვერც დარბაზის გათბობის საკითხი მოაგვარეს და ვერც ელემენტარული საცხოვრებელი პირობები შეუქმნეს სახელოვან ჩემპიონს.

 საბერძნეთში გადასვლის შემდეგ, ატლანტაში, კახიაშვილის მთავარი მეტოქე ოლიმპიური ჩემპიონი ანატოლი ხრაპატი იყო. ამ ორი ძალოსნის დაპირისპირება ოლიმპიადის ნამდვილი მშვენება გახლდათ. ატაცი, რომელიც უფრო ქართველი-ბერძენის სახეობად ითვლებოდა, 187,5 კილოგრამით ხრაპატიმ მოიგო, აკვრაში კი 222,5-ზე მეტი ვერ დასძლია. კახიმ 227,5 თავისუფლად აიღო და, უკვე ორგზის ოლიმპიური ჩემპიონის რანგში, 235 კგ შეუკვეთა, ანუ მსოფლიოს რეკორდზე 7(!) კილოგრამით მეტი. რამდენიმე წუთში გულშემატკივრებმა ოვაცია გაუმართეს ლეგენდად ქცეულ სპორტსმენს. 

 საბერძნეთის საარაკო შეხვედრა მოუწყვეს. აეროპორტიდან ათენის მარმარილოს სტადიონამდე გზა ხალხით იყო სავსე. ოლიმპიურ ჩემპიონს, ანტიკური ტრადიციის თანახმად, დაფნის გვირგვინიც დაადგეს თავზე. 

 საქართველოში ათასგვარი ტყუილ-მართალი გავრცელდა, კახი კახიაშვილს მილიონი დოლარი და კუნძული უბოძეს, სამუდამო პენსია დაუნიშნეს და ათენის საპატიო მოქალაქედ აირჩიეს, რომ თითქოს ათენში მისი ძეგლის დადგმას აპირებდნენ და სხვა ასეთი.

 კახი კახიაშვილი: „კუნძულისა და ძეგლის რა მოგახსენოთ, ისე კი, ჩემპიონობა მართლა ღირსეულად აღნიშნა საბერძნეთმა და სოლიდური ჰონორარიც მოგვცეს“. 

შემდეგ იყო მესამე ოლიმპიური ოქრო სიდნეიში. ასე შეივსო ის 163 ოქროს მედალი. დღეს კახი კახიაშვილი საქართველოშია, ძალოსნობის ფედერაციას უდგას სათავეში და მომავალი ჩემპიონების დაოსტატებაზე ზრუნავს; იღვწის, რათა არავის მოუწიოს მამელუქის არც თუ სახარბიელო თიკუნის ტარება, რათა, კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ასულმა სპორტსმენმა ამაყად უსმინოს საკუთარი სამშობლოს ჰიმნს.


ყველა ახალი ამბავი
0