თბილისი, 26 სექტემბერი — Sputnik. 2015 წლის 1-7 ოქტომბერს ლონდონის ვესტენდში, ქართული ფილმების ფესტივალი „კინოში ასახული ცხოვრება“ ჩატარდება, ამის შესახებ საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი იტყობინება.
ქართული ფილმების ლონდონის მეოთხე ფესტივალზე, რომელიც კინოთეატრ REGENT STREET CINEMA-ში ჩატარდება, ნაჩვენები იქნება ქართული ფილმები, რომელთაც საერთაშორისო აღიარება მოიპოვეს.
ინგლისის პუბლიკას ელოდება ზაზა ურუშაძის „მანდარინები“, ნანა ექვთიმიშვილისა და სიმონ გროსის „გრძელი ნათელი დღეები“, სალომე ალექსის „ლიმიტის კრედიტი“, ტატო კოტეტიშვილის „ოგასავარა“, თორნიკე ბზიავას ფილმი „მექელეხე“, ლევან კოღუაშვილის „შემთხვევითი პაემნები“, გიორგი ოვაშვილის „სიმინდის კუნძული“ და თინათინ კაჯრიშვილის „პატარძლები“.
კინოფესტივალზე დაგეგმილია რამოდენიმე პრემიერაც: ნინო კირთაძის „არ ისუნთქო“, დეა კულუმბეგაშვილის „უხილავი სივრცეები“, ლაშა ცქვიტინიძის „მე ვარ ბესო“, ლევან თუთბერიძის „ცხრა მთას იქით" და ოთარ იოსელიანის „ზამთრის სიმღერა“.
ლონდონის კინოფესტივალის მსვლელობისას, ნაჩვენები იქნება ლეგენდარული ქართული ფილმი „პირველი მერცხალი“. ეს არის რეჟისორ ნანა მჭედლიძის კომედია, რომელიც 1975 წელს გადაიღეს.
კინოფესტივალის ფარგლებში ასევე გაიმართება ცნობილი ქართველი კინორეჟისორის ოთარ იოსელიანისა, ირანელი რეჟისორის მოხსენ მახმალბაფის და რეჟისორ დოკუმენტალისტის შტეფან ტოლცის მასტერკლასები.
ფესტივალის პროგრამაშია დისკუსიები ქართული ლიტერეტურის როლზე კინოში, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ პოპულარული ქართველი მწერალი აკა მორჩილაძე, ქართული ლიტერატურის ინგლისურ ენაზე მტარგმნელი დონალდ რეიფილდი და ამერიკელი პოეტი და მთარგმნელი ლინ კოფინი.