არასამთავრობო ორგანიზაცია: არაკომერციული იურიდიული პირები ბიუჯეტს მძიმე ტვირთად აწევს

© photo: SputnikТбилиси
Тбилиси - Sputnik საქართველო
გამოწერა
ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ დასკვნის თანახმად, მუნიციპალიტეტების ადგილობრივი თვითმმართველობა დასაქმების ერთ-ერთ ძირთად საშუალებად რჩება. თუმცა, არაგონივრულად გაზრდილი საშტატო ერთეულები, ხშირად მუნიციპალიტეტის მწირ ბიუჯეტს მძიმე ტვირთად აწევს.

თბილისი, 26 სექტემბერი — Sputnik. /სოფიო კაკაჩია/ „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელმა არჩილ თოდუამ სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონში მომრავლებული არაკომერციული იურიდიული პირებისა და საბიუჯეტო ხარჯების შესახებ ანგარიში წარმოადგინა.  

 კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ თვითმართველობის არჩევნების შემდეგ სამეგრელო ზემო-სვანეთის მუნიციპალიტეტების მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებში დასაქმებულთა რაოდენობამ 853 საშტატო ერთეულს მიაღწია, რამაც ხელფასების გასაწევი საბიუჯეტო ხარჯი ყოველთვიურად 460 ათასი ლარი, ხოლო წლიურად 5,5 მილიონი ლარი შეადგინა.

 „აღნიშნული სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ჩვენ შეგვიძლია გავიგოთ, რა თანხას ხარჯავს ესა თუ ის მუნიციპალიტეტი მათ მიერ დაარსებული ა(ა)იპ-ების შესანახად. კვლევის შედეგები გვიჩვენებს, რომ არჩევნების  შემდგომ არაკომერციული იურიდიული პირების მიერ დასაქმებულთა ყოველთვიური სახელფასო ფონდი 460 ათას ლარს შეადგენს“, — თქვა არჩილ თოდუამ. 

 ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ზუგდიდის ოფისიის დასკვნის თანახმად, მუნიციპალიტეტების მნიშვნელოვან ნაწილში ადგილობრივი თვითმმართველობა დასაქმების ერთ-ერთ ძირთად საშუალებად რჩება. თუმცა, არაგონივრულად გაზრდილი საშტატო ერთეულები, ხშირ შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის ისედაც მწირ საბიუჯეტო რესურსებს მძიმე ტვირთად აწევს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ საჯარო მოხელეთა დანიშვნის წესისგან განსხვავებით, არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებში დასაქმება კონკურსის გამოცხადებას არ ითვალისწინებს. შესაბამისად, აიპ-ის ხელმძღვანელი საკადრო გადაწყვეტილებებს, პრაქტიკულად, ერთპიროვნულად იღებს. ეს, ერთის მხრივ, არ იძლევა ვაკანტურ პოზიციაზე თავისუფალი კონკურენციის გზით უფრო მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტის შერჩევის შესაძლებლობას. მეორეს მხრივ, ეჭვქვეშ დგება, თუ რამდენად შეესაბამება კონკურსის გარეშე, ერთპიროვნული  გადაწყვეტილებით დასაქმებულთა კვალიფიკაცია.  

 „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ კიდევ ერთხელ მოუწოდებს რეგიონის თვითმმართველ ორგანოებს, რომ მუნიციპალიტეტებმა, ადგილობრივი საჭიროებიდან გამომდინარე, განსაზღვრონ, თუ რა სახის და ტიპის იურიდიული პირების არსებობაა საჭირო თვითმმართველობის გამართული საქმიანობისათვის. რაც მთავარია, მწირი საბიუჯეტო რესურსების პირობებში, მაქსიმალურად  ორიენტირებულნი უნდა იყვნენ ადმინისტრაციული ხარჯების ეკონომიაზე და მოქალაქეთა პირველადი საჭიროებების, კომუნალური თუ ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაზე“ — განაცხადა არჩილ თოდუამ. 


ყველა ახალი ამბავი
0