ამბავი რუსეთის "ველიკი კნიაზის" მიერ ქართველი გლეხისთვის სასახლის აშენებისა

შალუტაშვილების სასახლე ბორჯომში
შალუტაშვილების სასახლე ბორჯომში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ეს სასახლე ქალაქ ბორჯომის ცენტრიდან ამავალ ქუჩაზე, შემაღლებულ ადგილას დგას, თუმცა დღეს პირვანდელი სახით მისი მხოლოდ მცირე ნაწილიღაა შემორჩენილი.

  ირმა ლეჟავა

 ამბავი ასეთია: დღევანდელი ბორჯომის ტერიტორიაზე არსებობდა სოფელი ნუა, სადაც ოდესღაც გაჭირვებული გლეხი — ღვთისო შალუტაშვილი ცხოვრობდა. ერთ მშვენიერ დღეს ღვთისოს იღბლიანი დილა გასთენებია. დიდი თავადი მიხეილ რომანოვი მას სასახლის აშენებას დაპირებია. რითი დაიმსახურა გლეხმა თავადის ყურადღება და  რუსეთის ხელმწიფის ძმისგან ასეთი ძვირფასი ძღვენი რატომ ერგო?— ღვთისოს სასახლის ისტორიას მისი შთამომავალი, რეჟისორი გიორგი შალუტაშვილი გვიამბობს:

 - ეს სასახლე ქალაქ ბორჯომის ცენტრიდან ამავალ ქუჩაზე, შემაღლებულ ადგილას დგას, თუმცა დღეს პირვანდელი სახით მისი მხოლოდ მცირე ნაწილიღაა შემორჩენილი. ღვთისო ჩემი პაპის დიდი პაპის მამა იყო. ერთ მშვენიერ დღეს თავისი ხარებშებმული ურმით, თურმე, ხიდზე გადადიოდა, გზად კი საპირისპირო მხრიდან მომავალი ეტლი შეხვედრია. მეეტლეს დაუძახია, ხარები უკან დასწიეო. ღვთისოს მკვახედ მიუგია: ხარები უკან არ მიდიან და კიდეც რომ მიდიოდნენ, მაინც არ დავწევ — მე პირველი შემოვედი ხიდზეო. მეეტლეს უყვირია, — უკან დასწიე, „ველიკნიაზი“ (გულისხმობდა „ველიკი კნიაზს“) მიხეილ რომანოვი მომყავსო და გლეხი შალუტაშვილისთვის მათრახი გადაუჭერია. ღვთისო ძალიან ახალგაზრდა, თავმოყვარე, მარდი და ღონიერი ბიჭი ყოფილა, მათრახისთვის ხელი უტაცნია და რომანოვის ხუთკაციანი დაცვაც უცემია. წესით, ხელისუფალი უნდა დაბოღმილიყო და სასტიკად გასწორებოდა თავხედი გლეხის ოჯახს, მაგრამ „ველიკნიაზი“ მართლაც მეფურად მოიქცა, მამაცი ყოფილხარო, — შეაქო ღვთისო, ბორჯომში სამოსახლო შეარჩევინა და სასახლის აშენებასაც დაჰპირდა. გლეხმა მართლაც შეარჩია ადგილი, თუმცა ეს ადგილი მიხეილ რომანოვსაც ძალიან მოეწონა და ღვთისოს სთხოვა, იქნებ, შენი სახლი ცოტა ზემოთ ჩავდგათო. ღვთისოც დათანხმდა და დაახლოებით 150 მეტრის ზემოთ შალუტაშვილებისთვის მინი სასახლე იმავე არქიტექტორს აუშენებია, ვისაც რომანოვების ლიკანის ზამთრის სასახლე აუგია.

 - ეს სასახლე, რამდენადაც ცნობილია, ქართულის არქიტეტურის გავლენითა და რუსულ-ევროპულ სტილშია აგებული?

 - მართალს ბრძანებთ. ამას გარდა, სასახლე ბანს ზემოთ წითელი და შავი ქვითაა ნაგები. სხვათა შორის, ბორჯომში იმ არქიტექტორმა კიდევ ერთი სასახლე ააშენა სწორედ იმ ადგილას, რომელიც თავდაპირველად მოეწონა ღვთისოს. ასე რომ, რაიონში სულ სამი მსგავსი ნაგებობა დგას. ასე დაგვრჩა სასახლე, რომელიც მეფე ნიკოლოზის ძმამ, მიხეილ რომანოვმა ვაჟკაცობისთვის აუშენა და აჩუქა გლეხ ღვთისო შალუტაშვილს… ისე, სასახლე მართლაც გვჭირდებოდა — ღვთისოს სამი ცოლი ჰყავდა, მესამე 67 წლის ასაკში შეირთო და ხუთი ვაჟი შეეძინა, მანამდეც ჰყავდა ოთხი თუ ხუთი შვილი და ამდენ სულს ჩვეულებრივი სახლი რას ეყოფოდა!

 - ბატონო გიორგი, რამდენადაც ვიცი, ბორჯომის ხეობაში გავრცელებული ერთი  გამოთქმა ისევ თქვენს დიდ წინაპარსა და რომანოვთანაა დაკავშირებული. თუ შეიძლება, გაიხსენეთ ეს ამბავიც..

 — რაც შეეხება ღვთისოსა და რომანოვებზე გავრცელებულ ამ ამბავს, ასეთია: ღვთისოს მრავალშვილიან ოჯახს სასახლე კი ჰქონდა, მაგრამ მაინც გაჭირვებით ცხოვრობდა. ერთ წელსაც, თურმე, დიდი შიმშილობა დაიწყო. შალუტაშვილები ღარიბულად ემზადებოდნენ ახალი წლის შესახვედრად თავის სასახლეში. ის-ის იყო, ღამის 12 საათი უნდა შესრულებულიიყო, რომ უცებ სახურავიდან ბრაგვანი მოესმათ. ღვთისო ავიდა, ჭრაქით მიანათა და დაინახა ბუ, რომელიც სინათლეს დაებრმავებინა. დაიჭირა ეს ბუ და მყისვე ნადირობით განთქმულ მიხეილ რომანოვს წაუყვანა — რომანოვს თავის სასახლეში ფიტულების გამოფენა ჰქონია. გახარებულმა და მადლიერმა მიხეილ რომანოვმა ღვთისო პროდუქტებით დატვირთული გამოისტუმრა შინ. სწორედ იმხანად გაჩნდა ბორჯომის ხეობაში გამოთქმა, რომელიც ჩემს გვართან და ბედნიერებასთან ასოცირდებოდა: რა იყო, ბუ ხომ არ დაგეცაო?

 — ღვთისოს ცხოვრებაზე კიდევ რა არის ცნობილი, როგორ და რამდენი წელი იცხოვრა მან?

 - ღვთისოს რაც შეეხება, ეს მკაცრი ბუნების, შეუვალი კაცი, მართლაც კერკეტი კაკალი, 83 წლის ასაკში მოხუცებულობით კი არა, უბედური შემთხვევით დაიღუპა:  დაძრული მატარებლიდან გადმოვარდა და ბოძს დაეჯახა.

 მეფის ნაჩუქარ სასახლეს კი წლების განმავლობაში მივაშენეთ, დავაშენეთ, მოვაშენეთ, რის გამოც როგორც თავად ნახეთ, მას პირვანდელი იერი საგრძნობლად დაეკარგა.  


ყველა ახალი ამბავი
0