სალომე გურგენიძე
მხატვარია, თანაც ნიჭიერი მხატვარი, მაგრამ ჩვენში ის უფრო უცნაური გატაცებით,- მუსიკალური სტვენით გაიცნეს. ამ ფორმით ის სერიოზულ საოპერო მელოდიებს გადმოსცემს. თუმცა, არც მუსიკალური განათლება აქვს და არც მხატვრული. ცხოვრებაში სხვებისგან განსხვავებული ადამიანია, განიცდის, რომ ქართველები გარკვეული კომპლექსებისგან ჯერ კიდევ ვერ გათავისუფლდნენ… ჩემი რესპოდენტია ზურაბ ბალანჩივაძე.
— ბატონო ზურაბ, რამდენად გაკმაყოფილებთ ის ფაქტი, რომ ასეთი ნიჭიერი ადამიანი საზოგადოებამ ასე უცნაურად გაგიცნოთ?— თქვენ ხართ კაცი, რომელიც „უსტვენს“...
— მე თუ კაცი ვარ, რომელიც უსტვენს,- მაშინ არ მაკმაყოფილებს, მაგრამ თუ ვარ კაცი, რომელიც სტვენს,- მაშინ მაკმაყოფილებს. არც ვამტყუნებ ადამიანებს ასე რომ ამბობენ. იმიტომ, რომ სტვენა, როგორც მუსიკალური ჟანრი, საქართველოში ახლა ყალიბდება. ეს ყველაფერი საინტრესოა, რადგან პირველ რიგში მე მჭირდება, რომ საზოგადოებამ მეტად შეიცნოს და შეიყვაროს ეს ჟანრი და კომპლექსებისგან გათავისუფლდეს. მე სამი წლის განმავლობაში უარს ვამბობდი პროექტ „ნიჭიერში“ მონაწილეობაზე, რადგან ხალხის რეაქციის მეშინოდა. შემდეგ დავფიქრდი და ვთქვი, რომ საკმაოდ კარგად ვაკეთებ იმას, რასაც ვაკეთებ და ეს დაე, ყველამ გაიგოს! დღემდე ასეთი განცდით ვარ, მინდა, რომ ჩემს ირგვლივ მეტი თანამოაზრე გამიჩნდეს. რადგან ჩემი მაყურებელი და მსმენელიც უკვე ჩემი თანამოაზრეა, ამიტომ ვცდილობ, ეს მუსიკალური ჟანრი ჩემი ნახატების მოყვარულებს „თავს მოვახვიო“. ჩემს გამოფენაზე მუსიკალური საღამოებს ვაწყობ. სახლში მიშლიან სტვენას, ყველას არ ესმის, მაგრამ აქამდე მაინც მოვედი. ყველაფერი ახალი, რაც იწყება, წინააღმდეგობრივია, ეს ჭიდილის პროცესი სავსებით ნორმალურია. ასე იწყებდა ყველა…
— სტვენით თქვენ სერიოზულ საოპერო მელოდიებს გადმოსცემთ, ანუ კლასიკას იცნობთ და გიყვართ..
— მე არც მუსიკალური განათლება მაქვს მიღებული და არც მხატვრული. ნოტები არ ვიცი, მაგრამ ვცნობ ხმებს, ვარჩევ ინტონაციებს და ვსწავლობ ცოტ-ცოტას სხვადასხვა ადამიანებისგან. ამდენი მოსმენისგან, როგორც მსმენელს, გიყალიბდება მოსმენის კულტურა და როგორც შემსრულებელს, მუსიკისადმი მიდგომა. აუცილებელია, იცოდე ტექსტი და ტექსტის მნიშვნელობა, რომ მელოდიას შესაბამისი შეფერილობა მისცე. ეს ყველაფერი შეკრული და ხარისხიანი უნდა იყოს.
—თქვენ ნახატებს გაზეთის ფაქტურაზე ქმნით, რამდენად მოსწონს ეს ფორმა თქვენი შემოქმედების თაყვანისმცემლებს?
— მოსწონთ, ძალიან მოსწონთ. მეუბნებიან, რომ ეს ძალიან ორიგინალურია. მთავარია თემა და ფერები და კიდევ ის, რა თემას როგორ გადმოსცემ… გაზეთი მაინც პრეტენზიულია, წყალს არ იკარებს, შეიძლება მაშინვე გაფუჭდეს, მაგრამ კიდევ ვეცდები, რომ რაღაცები შევქმნა..
-თქვენი ნამუშევრების უმეტესობა აბსტაქტული და სიურეალისტური ჟანრისაა, რომელსაც საფუძვლად ადამიანის სხვადასხვა ფსიქოლოგიური მდგომარეობა უდევს…
— ბოლოსდაბოლოს, მიანც საკუთარ თავს ვეძებ… ეს ბუნებრივია, რადგან ყველა ადამიანი საკუთარ თავს ეძებს, უბრალოდ მე ამის თქმა არ მცხვენია. ადამიანები ამას თავისებურად გამოხატავენ. მე რატომღაც ცოტა პირდაპირი აღმოვჩნდი. ადამიანის კვალი ჩემს ნახატებში ყოველთვის იგრძნობა. ზოგადად, ადამიანებზე ძალიან მიჯაჭვული ვარ. ალბათ ამიტომაა, რომ ისინი ცხოვრებაში ძალიან ბევრ კითხვას მიტოვებენ. ვცდილობ, რომ ამ კითხვებზე პასუხი რაღაცნაირად გავცე. თითოეული ადამიანი პოტენციური წმინდანი ან მკვლელია… ადამიანისგან ყველაფერი შეიძლება გამოიძერწოს.
- ძალიან უცნაური ადამიანი ხართ და ჩაცმის სტილითაც გამოირჩევით. საკუთარ თავზე რას იტყვით?
— ბავშვობიდან ყოველთვის მქონდა იმის მიდრეკილება, რომ არაორდინალური ვყოფილიყავი, თუნდაც გარეგნობის მხრივ; არა ეპატაჟური, არამედ განსხვავებული, უფრო ძველმოდური და არქაული. ყოველთვის მიზიდავდა ისეთი მოსასხამები, როგორიცაა ტოგა, ტუნიკა. ხელში ჯოხი, თავზე ცილინდრი - ეს ყველაფერი ბავშვობის გამოძახილია… რაც მთავარია, ყოველთვის ისე მაცვია, რომ თავი კომფორტულად ვიგრძნო…
— ბატონო ზურაბ, თქვენ გაგრაში დაიბადეთ, რა მოგონებები შემოგრჩათ თქვენი ბავშვობის ქალაქიდან?
— მე დაახლოებით 4 წლის ვიყავი, როდესაც გაგრა დავკარგეთ და ეს ჩვენი ოჯახისთვის ძალიან დიდი ტრაგედია იყო. გაგრა ჩემთვის ტკივილთან ასოცირდება იმიტომ, რომ ბიძაჩემი გაგრაში დახვრიტეს… ეს მახსოვს ძალიან ბუნდოვნად, მაგრამ მაინც მახსოვს. თუმცა სახალისო მომენტებიც მაგონდება. მაგალითად, მე და დედა ვბრუნდებოდით მისი მეგობრის სახლიდან, გზაში წვიმამ მოგვისწრო. სასწაული თქეში წამოვიდა… მახსოვს, ძალიან მიხაროდა, რომ ვსველდებოდით და ფეხით მოვდიოდით. დედაჩემსაც უხაროდა… ეს ის მომენტი იყო, როცა მე და დედას ერთნაირად აღგვაფრთოვანებდა ისეთი უბრალო ამბავი, როგორიც წვიმაა. მახსოვს, პეპლებს და ციცინათელებს დედას როგორ ვაჭერინებდი… ასეთი ბევრი დეტალი მახსოვს. იმ წვიმის მერე ის ასეთი გახარებული აღარ მინახავს.. წვიმა რომ იწყება, სულ მოღუშულია, აღარ უყვარს…