"ფეხბურთის კარუზო"

© photo: Sputnik / Григорий Сысоев / გადასვლა მედიაბანკშიფეხბურთი
ფეხბურთი - Sputnik საქართველო
გამოწერა
წარმოიდგინეთ ადამიანი, ვისაც ფეხბურთის მოედანზე ბურთით აბსოლუტურად ყველაფრის კეთება შეუძლია და მიიღებთ ბორის პაიჭაძის პორტრეტს.

  თამაზ ჩიქვანაია

„…ძალიან ცდება ის, ვინც ფიქრობს, რომ ფეხბურთი მხოლოდ ღონიერი და მარდი ჭაბუკებისთვისაა მოგონილი. ნურას უკაცრავად – ფეხბურთს ინტელექტი სჭირდება! ეს არამარტო კუნთების და ნერვების, არამედ გონების შეჯიბრებაცაა. ვერ დამისახელებთ ვერცერთ მაღალი კლასის მოთამაშეს, რომელსაც გონება არ აძლევდეს საშუალებას თავისი ნიჭი სხვა საქმეშიც გამოამჟღავნოს. დარწმუნებული ვარ მიხეილ მესხი, სლავა მეტრეველი, შოთა იამანიძე ან ვლადიმერ ბარქაია სხვა საქმეშიც დიდ წარმატებას მიაღწევდნენ“.

 ეს სიტყვები ეკუთვნის თავადაც სპორტსმენს, ფეხბურთელს, ვისზე უკეთაც, ბევრი სპეციალისტის აზრით, საქართველოში ფეხბურთი არავის უთამაშია. 1945 წელს, II მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, ევროპაში მისი თამაში პირველად რომ ნახეს, „ფეხბურთის კარუზო“ შეარქვეს. თუმცა, თავად სხვა თიკუნით უფრო ამაყობდა: 1936 წელს თბილისის „დინამო“ უმაღლეს ლიგაში პირველ სეზონს ატარებდა და მოსკოვში „სპარტაკს“ 6:3 მოუგო. მეორე დღეს პრესაში დინამოელებს „დიდი ურუგვაელები“ უწოდეს, მას კი ბრწყინვალე ფორვარდი.

 "დიდი ურუგვაელები" ალექანდრე დოროხოვი, შოთა შავგულიძე, გრიგოლ გაგუა, მიხეილ ბერძენიშვილი, მიხეილ ჯოჯუა, გაიოზ ჯეჯელავა, ბორის პაიჭაძე… სამწუხაროა, რომ ამ თაობის თამაშის ამსახველი ფირები ძალიან მწირად მოგვეპოვება. წელს მისი დაბადებიდან 100 წელი შესრულდა, გამოიცა ძალიან კარგი წიგნი, რომელიც დიდი რუდუნებით აკინძა დემიკო ლოლაძემ. მანვე შემახვედრა მიხეილ ჯოჯუას — ქართული ფეხბურთის პირველი თაობის უკანასკნელ მოჰიკანს. როდესაც ვთხოვე რამდენიმე სიტყვით დაეხასიათებინა ეს დიდებული ფეხბურთელი, ასე მომიგო: ეს ძნელი არ არის, წარმოიდგინე ადამიანი, ვისაც ფეხბურთის მოედანზე ბურთით აბსოლუტურად ყველაფრის კეთება შეუძლია და მიიღებ ბორის პაიჭაძის პორტრეტსო.

 70-იან წლებში ქართული ფეხბურთის კიდევ ერთი პატრიარქი ანდრო ჟორნადია ამბობდა: „ჩვენს დროში იგი არანაკლებ დიდებას მოიხვეჭდა, ვიდრე დი სტეფანო დე პელე“. ხოლო ცნობილი რუსი სპორტული ჟურნალისტი მარტინ მერჟანოვმა ასე დაახასიათა: „პაიჭაძე ბუნების ისეთივე იშვიათობა გახლდათ, როგორც თვითნაბადი ოქრო“.

 ბატონი ბორისი ჩვენს ოჯახს ხშირად სტუმრობდა. კარგად მახსოვს, როგორი აღტაცებით იხსენებდა 1966 წელს ინგლისში გამართული მსოფლიოს ჩემპიონატის პერიპეტიებს. იგი, სხვა ცნობილ ფეხბურთელებთან ერთად, მიწვეული გახლდათ ამ ფორუმზე. ბედნიერი იყო, რომ ბავშვობის ოცნება აიხდინა და ფეხბურთის სამშობლო მოინახულა. ახლო ურთიერთობა მქონდა ბატონი ბორისის ვაჟთან, რამაზთან და ახლა ერთი მისი მონაყოლი მინდა შემოგთავაზოთ. 

 რამაზ პაიჭაძე: „როდის მოხდა, ზუსტ თარიღს ვერ მოგახსენებთ, მაგრამ თავად მამამ მიამბო. თბილისში ჩვენი გუნდისთვის ყველაზე უხერხული მეტოქე, მოსკოვის „დინამო“ ყოფილა ჩამოსული. ბორის პაიჭაძემ პირველივე ტაიმში 2 გოლი გაუტანა საბჭოთა კავშირის ნაკრების პირველ მეკარეს, ალექსი ხომიჩს. ერთ მომენტში პაიჭაძეს ბურთი მოუხელთებია, მცველებს დასხლტომია და ერთი-ერთზე გასულა მეკარესთან. გოლი გარდაუვალი ჩანდა. იმის მაგივრად, კარის გადარჩენაზე ეფიქრა, ხომიჩს პაიჭაძისთვის დაუძახია: „Хватит Боря! имей-же совесть!“ (გეყოფა, ბორია, სინდისი არ გაქვსო). პაიჭაძეს გასცინებია და მეკარე დაუნდია“.

 ფეხბურთელი შემთხვევით გახდა. საზღვაო სკოლა დაამთავრა და გემზე მთავარი მექანიკოსის თანაშემწედ მუშაობდა. დროთა მანძილზე, კაპიტანიც გახდებოდა. „პირველი მერცხალი“, ალბათ, ყველას აქვს ნანახი. ჩათვალეთ, რომ დოკუმენტური ფილმია – ყველაფერი მართლა ასე ხდებოდა. ბორის პაიჭაძე ფილმის კონსულტანტი იყო და ჯგუფს მთელი სცენარი „ყირაზე დაუყენა“. თითოეული ნიუანსი, რეალური იყო, სინამდვილიდან აღებული – ცოლიანები უცოლოებს ეთამაშებოდნენ, გურულები – მეგრელებს და ა.შ. ერთხელ, ფოთელები ბათუმლებს უნდა შეხვედროდნენ. ფილმში, დოდო აბაშიძეს რომ სთხოვენ – წამოდი, ვაგებთ და დაგვეხმარეო, – დაახლოებით ასეთი ვარიანტი იყო. ბორისი ინგლისში მიემგზავრებოდა. მეგობრებმა დეპეშა გაუგზავნეს, მამაშენი მძიმედაა და სასწრაფოდ უნდა ჩამოხვიდეო. ბაბუაც, რა თქმა უნდა, წამოვიდა. შინ რომ მივიდა, ყველაფერში გაერკვნენ. სოლომონ პაიჭაძე შვილის მეგობრებს „დაემუქრა“, სახლში აღარ შემოგიშვებთო. მოკლედ, ასე მოატყუეს. ის თამაში ბათუმელებს მოუგეს და ამის შემდეგ გუნდში დარჩა. როგორც ჩანს, ეს დეპეშა რომ არ ყოფილიყო, ბორის პაიჭაძე მეზღვაურად დარჩებოდა. ფოთის შემდეგ, მაშინდელი ტექნიკური უნივერსიტეტის საფეხბურთო გუნდში თამაშობდა და მერე მოხვდა „დინამოში“, სადაც პირველ მერცხლებთან ერთად 15 წელი ითამაშა და ყველაზე დიდი ჯილდო, ხალხის სიყვარული დაიმსახურა.

 ლეგენდარული ფორვარდი 1990 წელს  გარდაიცვალა, დღეს ჩვენი ქვეყნის უმთავრეს სტადიონს ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენა ეწოდება.


ყველა ახალი ამბავი
0