თბილისი, 25 სექტემბერი — Sputnik. ავღანეთში დაღუპული ქართველი ჯარისკაცის ვასილ ყულჯანიშვილის ცხედარი თბილისში ჩამოასვენეს, იუწყება პარასკევს, 25 სექტემბერს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური.
1994 წელს დაბადებული ვასილ ყულჯანიშვილი ავღანეთში ნატოს „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მოვალეობის შესრულებისას დაიღუპა. ის საქართველოს შეიარაღებული ძალების მეოთხე მექანიზირებული ბრიგადის 43-ე ბატალიონის პირველი კლასის რიგითი იყო.
გარდაცვლილის ცხედარს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი და მთავრობისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სხვა წარმომადგენლები დახვდნენ.
„საზოგადოებას მინდა ვუთხრა, რომ ასეთი ვაჟკაცებით ვიყავით ჩვენ ძლიერი და ვიქნებით მომავალში. სწორედ ასეთი ბიჭების წყალობით საქართველო კვლავ გააგრძელებს არსებობას როგორც ძლიერი სახელმწიფო და ძლიერი საზოგადოება და ისინი აღარ დაიღუპებიან, ისინი გააგრძელებენ ახალი ქვეყნის შენებას", — განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
ოპერაცია „მტკიცე მხარდაჭერა“ (Resolute Support Mission) ნატოს არასაომარი მისიაა, რომელიც ავღანეთის სამთავრობო ძალების წვრთნებსა და დახმარების აღმოჩენას გულისხმობს.
მისია 2015 წლის 1 იანვარს, აშშ-ისა და ალიანსის მოკავშირეების მხრიდან საომარი სტადიის დასრულების შემდეგ დაიწყო. 2015 წლის დასაწყისიდან ქაბულში, ყანდაგარში, გერათში, მაზარი-შარიში დაახლოებით 12 ათასი სამხედრო მოსამსახურე განთავსდა.