მოსკოვი და ვაშინგტონი "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ შესაძლოა გაერთიანდნენ

© photo: Sputnikგაერო
გაერო - Sputnik საქართველო
გამოწერა
აშშ–ს პრეზიდენტი ბარაკ ობამა გაეროს ასამბლეის ფარგლებში, 28 სექტემბერს, ნიუ–იორკში, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრას გეგმავს.

თბილისი, 25 სექტებერი — Sputnik. მოსკოვსა და ვაშინგტონს, რუსეთისა და აშშ–ის პრეზიდენტების შეხვედრის შემდეგ, შეუძლიათ გაერთიანდნენ „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლაში, მიაჩნია პოლიტოლოგ სოსო ცისკარიშვილს. 

აშშ–ს პრეზიდენტი ბარაკ ობამა გაეროს ასამბლეის ფარგლებში, 28 სექტემბერს, ნიუ–იორკში, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან  შეხვედრას გეგმავს. 

„იმის საფუძველს, რომ შეხვედრა იქნება საქმიანი და გარკვეული შედეგის მომტანი, სირია და იქ მიმდინარე პროცესები იძლევა… არ გამოვრიცხავ, რომ ისინი „ისლამური სახელმწიფოს“ ყოვლად მიუღებელი მოქმედებების წინააღმდეგ ბრძოლაში  (ობამა და პუტინი — რედ.) გარკვეულ კონსენსუსამდე მივლენ. რუსეთი არ მალავს ამ მიმართულებით გააქტიურებისათვის მზადყოფნას. მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ ტერორისტების მომავალ მოქმედებათა სამიზნედ კავკასიაა დასახელებული“, — მიაჩნია ცისკარიშვილს.    

სახელმწიფოების ლიდერთა შეხვედრაზე განიხილება ისეთი საკითხები, რომლებზეც ვაშინგტონსა და მოსკოვს ერთმანეთის მსგავსი მოსაზრებები აქვთ. სირიის საკითხი ბევრად პრობლემატური იქნება, ვინაიდან აშშ არ მალავს უკმაყოფილებას იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთის ვერტმფრენები და ჯავშანტექნიკა მოულოდნელად აღმოჩნდა სირიის ტერიტორიაზე, თქვა პოლიტოლოგმა.

„ორი სახელმწიფოს ლიდერს სალაპარაკო თემა ბევრი ექნებათ. თუმცა, გასაგებია, რომ ზოგ თემას არ შეეხებიან, მაგალითად, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს. ამავდროულად, არსებობს მთელი რიგი მწვავე საკითხები, რომლებსაც ისინი შეეხებიან, დაწყებული სიირითა და „ისლამური სახელმწიფოს“ პერსპექტივებით და დასრულებული უკრაინისა და რუსეთ–აშშ–ს ურთიერთობების საკითხით“, — აღნიშნა პოლიტოლოგმა. 

ცისკარიშვილის თქმით, ნაკლებსარწმუნოა, რომ ობამასა და პუტინის შეხვედრაზე საქართველოს საკითხი ახსენონ, მით უმეტეს, რომ ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის ბევრად უფრო მასშტაბური უთანხმოებაც არსებობს. 

„მოსკოვი და ვაშინგტონი ერთმანეთისგან ნებას არ იღებენ. ისინი საკუთარი პოზიციების გამყარებისთვის იღვწიან და ბუნებრივია, მათი შეფასებები დიამეტრულად განსხვავდება ერთმანეთისგან. ამიტომაც ვხდებით ჩვენ შეიარაღების მობილიზებული განთავსების მოწმეები, როგორც ბალტიისპირეთში, ისე იმ რეგიონებში, სადაც ვაშინგტონისა და მოსკოვის ინტერესები იკვეთება“, – ხაზი გაუსვა ცისკარიშვილმა.   

ერთადერთი, რამაც შესაძლოა ვაშინგტონს ყურადღება მიაქცევინოს საქართველოში მიმდინარე და შესაძლო პროცესებისთვის — ეს აფხაზეთში უამრავი ტანკის განთავსებაა“, — დაამატა პოლიტოლოგმა. 


ყველა ახალი ამბავი
0