ბურჯანაძე: უსაფრთხოების უზრუნველყოფისას რუსეთის ინტერესები უნდა გავითვალისწინოთ

© photo: Sputnikნინო ბურჯანაძე
ნინო ბურჯანაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნინო ბურჯანაძის განცხადებით, რუსეთი დარწმუნებული უნდა იყოს, რომ საქართველოს მხრიდან მას საფრთხე არ ემუქრება. მანამდე საქართველოში ნატოს სასწავლო-საწვრთნელი ცენტრი გაიხსნა. ბურჯანაძემ აღნიშნა, რომ მას ქვეყნის ტერიტორიაზე უცხოური სამხედრო ბაზების ნახვა არ სურს.

თბილისი, 25 სექტემბერი — Sputnik. „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ყველას მოუწოდა, რომ საქართველოს უსაფრთხოების უზრუნველყოფისას რუსეთის ინტერესები გაითვალისწინონ და განაცხადა, რომ საკუთარ ქვეყანაში უცხოური სამხედრო ბაზების ნახვა არ სურს.

საქართველოში ცოტა ხნის წინ ნატოს სასწავლო-საწვრთნელი ცენტრი გაიხსნა. იქ მომზადებას ალიანსისა და პარტნიორი ქვეყნების სამხედრო მოსამსახურეები გაივლიან.

 „რუსეთი დარწმუნებული უნდა იყოს, რომ საქართველოს მხრიდან მას არაფერი ემუქრება, და ეს რუსეთის კანონიერი ინტერესია ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა სახელმწიფოსი, რომელმაც თავის საზღვრებზე თავი უსაფრთხოდ უნდა იგრძნოს. ჩვენ, საქართველოში უნდა გვესმოდეს, რომ საკუთარი სახელმწიფოს უსაფრთხოების აგება სხვა — პატარა თუ დიდი სახელმწიფოს უსაფრთხოების ხარჯზე არ შეიძლება. ეს ცხადია. და სანამ ამას საქართველოში არ გავაცნობიერებთ, ყოველთვის დიდი თავის ტკივილი გვექნება“, — აღნიშნა ბურჯანაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას ევრაზიის ქალთა ფორუმის კულუარებში.

ქართველმა პოლიტიკოსმა აღნიშნა, რომ მას საქართველოს ტერიტორიაზე უცხოური სამხედრო ბაზების ხილვა არ სურს და თან დასძინა, რომ ურთიერთობები ისე უნდა აეწყოს, „ბაზები საჭირო რომ აღარ იყოს“.

 „მე თვითონ ვიყავი იმის მომხრე, რომ საქართველო ნატოს წევრი გამხდარიყო, მაგრამ ეს მაშინ იყო, როცა რუსეთთან და დასავლეთთან სულ სხვა ურთიერთობები იყო, ახლა კი, მოდით, რეალურად ვთქვათ — საქართველოს ნატოს წევრობის შანსი არა აქვს“, — განაცხადა ბურჯანაძემ.

საქართველოსა და ნატოს ინსტიტუციური თანამშრომლობა 1994 წლიდან დაიწყო, როდესაც საქართველო პროგრამის „პარტნიორობა მშვიდობისთვის“ (PfP — Parntnership for Peace) მონაწილე გახდა. 2004 წლიდან, „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, ნატოსა და საქართველოს ურთიერთობები უფრო ინტენსიური გახდა.

 


ყველა ახალი ამბავი
0