კინოფილმი „მე ვხედავ მზეს“ და კადრს მიღმა დარჩენილი ამბები

© public domainკადრი ფილმიდან მე ვხედავ მზეს
კადრი ფილმიდან მე ვხედავ მზეს - Sputnik საქართველო
გამოწერა
იმ შორეულ წარსულში დარჩენილი ურთიერთობები, უდიდეს მსახიობებთან ერთად გატარებულ დღეთა ხსოვნა...

  ვახტანგ კობაიძე  

 

  ამ ფილმის გადაღებებზე ყოფნამ ჩემს ცხოვრებაზე წარუშლელი კვალი დატოვა. ალბათ, ძნელი წარმოსადგენი არ იქნება ჩემი განცდები, როცა 17 წლის ბიჭი კინოსა და თეატრის ასეთი კორიფეების გვერდით მოვხვდი. მართალია, მამაჩემის სამეგობროში მრავლად იყვნენ ისეთი მსახიობები, რეჟისორები, პოეტები, მომღერლები (ბევრი მათგანი ჩვენი ოჯხის ხშირი სტუმარიც იყო), ვისაც თავისი სიტყვა ეთქმოდა 60-იან წლებში და მას შემდეგაც, მაგრამ დამოუკიდებელ კონტაქტებს და ურთიერთობას სულ სხვა ფასი ჰქონდა.            

 ,,მე ვხედავ მზის"  რეჟისორი ლანა ღოღობერიძე იყო, ოპერატორი — ტიტო კალატოზიშვილი, მხატვარი — დიმა თაყაიშვილი. ფილმში დიდებულ მსახიობთა მთელი კოჰორტა მონაწილეობდა: სპარტაკ ბაღაშვილი, აკაკი კვანტალიანი, სანდრო ჟორჟოლიანი, სესილია თაყაიშვილი, ელენე ყიფშიძე, იპოლიტე ხვიჩია, კუკური ლაფერაძე, გოგი გეგეჭკორი, ლია ელიავა, თენგიზ არჩვაძე, გიგოლა თალაკვაძე, გლებ სტრიჟენოვი. რომელი ერთი ჩამოვთვალო. ეპიზოდურ როლებში და მასობრივ სცენებშიც კი ცნობილი მსახიობები იყვნენ. ფილმის გადაღებები კასპის რაიონში, ახალქალაქისა და გარიყულას შემოგარენში მიდიოდა. შემდეგ იყო პავილიონი, ბაკურიანი, სოხუმის შემოგარენი, გურია… ძირითადი გადაღებები ახალქალაქში იყო, სადაც თითქმის ორი თვე დავყავით.

 თბილისიდან 20-მდე გოგო-ბიჭი ვიყავით. მათგან ეპიზოდური როლი ხუთს გვერგო. დანარჩენები სოსოიას და ხატიას გარემოცვა იყო. ერთად ვცხოვრობდით ჩემი ბავშვობის მეგობარი, შემდგომში ცნობილი მსახიობი გია ფერაძე, დღეს ცნობილი რეჟისორი ბუბა ხოტივარი, ბიზნესმენი თეზიკო ბაქრაძე და მე — კოკოშა, თქვენი მონა-მორჩილი ვახტანგ კობაიძე. გელა ჭიჭინაძე — სოსოიას როლის შემსრულებელი, პროფესიით არქიტექტორია. ხატიას — ლეილა ყიფიანს, დედამისი, ქალბატონი ნუნუ ახლდა. ის ჩვენც გვპატრონობდა და გვაპურებდა. ჩვენთან ერთად იყვნენ ია არდიშვილი, ცხონებული ნანა აბრამიშვილი (ორივემ გელა ჭიჭინაძესთან ერთად დაამთავრა სამხატვრო აკადემია) და ვეკა გეგეჭკორი (აღარც ისაა ცოცხალი), შემდეგში სტეინბეკის ცნობილი მთარგმნელი.

 ფილმის გადაღების პერიოდი მართლაც რომ დაუვიწყარი იყო. ვინც ცოცხლები ვართ, დღემდე ვმეგობრობთ. გადამღებ ჯგუფში ყველას თავისი,,პატრონი" ჰყავდა. მაგალითად, მე მამაჩემმა, თავის მეგობარს, ბეჟანას როლის შემსრულებელს, კუკური ლაფერაძეს ჩამაბარა, გია ფერაძე — ბაბუამისის ძმას, სანდრო ჟორჟოლიანს ებარა და ა. შ. თუმცა ჩვენს მიმართ ყველა ყურადღებით იყო, ასაკში სხვაობას არ გვაგრძნობინებდნენ და ტოლ-სწორივით გვეპყრობოდნენ. ჩვენც კარგად გვქონდა გაცნობიერებული ყვლაფერი და ზღვარს არ გადავდიოდით, მოწიწება და პატივისცემის გრძნობა არ დაგვიკარგავს. 

 აბა, ამისთანა ვაჟკაცებს გუშარა ბუღალტრის ყოველკვირეული 13 მანეთი რას გვეყოფოდა. ლეილა ყიფიანი უჭმელი გოგო იყო. ჩვენს დღიურს რომ დავხარჯავდით, მე და გია ფერაძე დეიდა ნუნუსთან შევივლიდით, თანაც იმ დროს, როცა ლეილას უნდა ეჭამა. დეიდა ნუნუმ კარგად იცოდა ჩვენი გაჭირვების ამბავი, არაფერს იმჩნევდა, ოღონდ ლეილას რაღაც ეჭამა. სახალისო ამბებს ვყვებოდით, ვმაიმუნობდით, ლეილას ვართობდით. კარგადაც გავიტიკინებდით და არც მადლობის თქმა გვავიწყდებოდა. 

 წეღან ვახსენე, ყურადღება არ გვაკლდა-მეთქი. ამ მხრივ, განსაკუთრებით, იპოლიტე ხვიჩია გამოირჩეოდა. როგორც კრუხი წიწილებს, ისე დაგვტრიალებდა თავს. ახალქალაქის და გარიყულას გასაყარზე ერთი დუქანი იყო. მთელი გადამღები ჯგუფის წევრები იქ ვიკვებებოდით. თათარიახნი, ჩანახი, ქოთნის ლობიო, მწვადი, ჩაქაფული, რაც გინდა ინატრე, სულო და გულო. ბატონ იპოლიტეს ფულის გადახდას ვერავინ დაასწრებდა. დაგვაპურებდა, მოგვეფერებოდა, ტკბილ სიტყვასაც არ დაგვამადლიდა.  თავისუფალ დროს ნარდს ვეთამაშებოდით, თითქოს ამით, მადლობას ვუხდიდით. საოცარი კაცი იყო ბატონი იპოლიტე. წლების შემდეგ, როცა ჟურნალისტობას მივყავი ხელი, არაერთხელ ამიღია მისგან ინტერვიუ. ახალქალაქის ამბების გახსენებაც არ გვავიწყდებოდა. დღეს ეს ჩანაწერები რადიოს,,ოქროს ფონდში", პროგრამა,,პიკის საათის" არქივში ინახება. 

 სიგარეტს თითქმის ყველა ვეწეოდით. ამ მხრივ მე, გია ფერაძე და ბუბა ხოტივარი გამორჩეულები ვიყავით. პაპიროსის მოწევას, ეპიზოდის გადაღების გარდა, ჩვენს სამხედროს მასწავლებელთან — გოგი გეგეჭკორთან ერთად, პრაქტიკული მეცადინეობის დროსაც არ ვიკლებდით. სამწუხაროდ, ეს კადრები რეჟისორს  ფილმში აღარ შეუტანია.,,პრიმით" და,,ბელამორ კანალით" ვიხრჩობდით თავს. იმ დროს ბულგარეთიდან შემოვიდა ფილტრიანი სიგარეტი, თეთრი კოლოფი იყო, რომელსაც დიდი ასო,,ეფი" ამშვენებდა, რაც ფილტრიანს ნიშნავდა. არც იშოვებოდა. ბატონი გოგი კი გვაწევინებდა, მაგრამ სიგარეტს მაინც,,ძუნწად" გვაძლევდა,- იზოგავდა. ერთ საღამოს ბუბა ხოტივარმა ორი კოლოფი,,ფილტრი" ამაყად დადო მაგიდაზე. რამდენიმე დღე ასე გაგრძელდა. შუადღეს იკარგებოდა. საღამოს სიგარეტით მოდიოდა. ბუბა ხოტივარი, ცნობილი რეჟისორის, ლევან ხოტივარის ვაჟია. ყველასთან ახლოს იყო, განსაკუთრებით ჩვენი ფილმის ოპერატორთან ტიტო კალატოზიშვილთან. ბატონი ტიტო,,ფილტრს" ეწეოდა და თან საკმაო მარაგიც წამოეღო. გადაღებების დროს, სიგარეტს სიგარეტზე აბოლებდა და თან მზესუმზირასაც  აკნატუნებდა. ბუბამ გაგვანდო: ტიტო გიჟდება მზესუმზირაზე. მეც მინდორში ან ბაღებში გადავდივარ, თითო-ოროლა მზესუმზირას ვტეხავ და სიგარეტში ვუცვლიო. ამის გაგება და მე და ფერაძეს მეტი რაღა გვინდოდა, გავიდოდით ბაღ-მინდვრებში და ბატონ ტიტოსთვის მზესუმზირის თავები ტომრებით მოგვქონდა. ბოლოს საქმე იქამდე მივიდა, აქეთ გვეხვეწებოდა — სიგარეტი მზესუმზირაში გამიცვალეთო. ასე ლაღად გავატარეთ ის ზაფხული, თან ფილმშიც გადაგვიღეს.

 გავიდა წლები. იმ შორეულ წარსულში დარჩენილი ურთიერთობები, უდიდეს მსახიობებთან ერთად გატარებულ დღეთა ხსოვნა, ბევრჯერ გამოვიყენე ჟურნალისტურ საქმიანობაში, ინტრევიუებსა თუ რეპორტაჟებში. მადლობელი ვარ ღმერთის, რომ ეს ყველაფერი იყო!


ყველა ახალი ამბავი
0