თბილისი, 24 სექტემბერი — Sputnik. მიხეილ სააკაშვილის უკრაინის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნის პროცედურის დაწყება 2015 წლის 11 დეკემბრამდე შეუძლებელია, განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ თავის პასუხში მოქალაქეთა პეტიციაზე, რომელიც მანამდე მის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსდა.
„ახალი პრემიერის დანიშვნას წინ მისი წინამორბედის გადადგომა უნდა უძღოდეს“, — აღნიშნა პრეზიდენტმა. ამასთან, მოქმედი კანონმდებლობით, უმაღლესი რადა მინისტრთა კაბინეტის პასუხისმგებლობის საკითხს მისი საქმიანობის პროგრამის მოწონებიდან ერთი წლის განმავლობაში ვერ განიხილავს.
მინისტრთა კაბინეტის საქმიანობის პროგრამა, რომელსაც სათავეში არსენი იაცენიუკი უდგას, რადამ 2014 წლის 11 დეკემბერს მოიწონა, აღნიშნა პოროშენკომ.
„გარდა ამისა, ზემოაღნიშნული პროცედურის დაწყების აუცილებელი პირობა ამ თანამდებობაზე შერჩეული კანდიდატის პირადი თანხმობაა. თუმცა, მ. სააკაშვილს ამ საკითხზე არაფერი უთქვამს“, — დასძინა პრეზიდენტმა.
გარკვეული პერიოდით ადრე, უკრაინის პრეზიდენტის ვებგვერდზე პეტიცია გამოჩნდა, რომლის ავტორებიც ოდესის ოლქის გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის ქვეყნის პრემიერ-მინისტრად დანიშვნის წინადადებით გამოვიდნენ. მას ხელი 31 ათასზე მეტმა ადამიანმა მოაწერა. იმისთვის, რომ მსგავსი დოკუმენტები პრეზიდენტმა განიხილოს, 25 ათასი ხელმოწერაა საკმარისი.