ორმა თვითმკვლელმა ტერორისტმა ხუთშაბათს დილის ლოცვებისას იემენის დედაქალაქ სანაში არსებულ ბლილის მეჩეთში აფეთქება მოაწყო. იხილეთ ტერაქტის შედეგების ამსახველი ვიდეო.
სულ ცოტა 29 ადამიანი დაიღუპა, ათობით კი დაშავდა სანაში მომხდარი ტერაქტისას. თვითმხილველთა თქმით, ალ–ბილალის მეჩეთში ასაფეთქებელი მოწყობილობა ორმა თვითმკვლელმა ტერორისტმა აამოქმედა. მეჩეთი შიიტი ბოევიკების მიერ კონტროლირებადი პოლიციის აკადემიის სიახლოვეს მდებარეობს.
„აფეთქების ხმა დილის ლოცვისას გაისმა“, — ნათქვამია სააგენტო „ფრანს პრესის“ განცხადებაში.
„ტერაქტზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის აუღია საკუთარ თავზე“, — წერს სააგენტო Ruptly.
ანალოგიური ტერაქტი მოხდა 2 სექტემბერს ელ–მუაიადის მეჩეთში, რომელიც სანას ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს, რა დროსაც 28 ადამიანი დაიღუპა. მაშინ პასუხისმგებლობა ტერაქტზე სუნიტმა ექსტრემისტებმა აიღეს.
იემენში გრძელდება შეიარაღებული კონფლიქტი ამბოხებულ ჰუსიტებსა (შიიტური მოძრაობა „ანსარ–ალა“) და ექსპრეზიდენტ ალი აბდალა სალეჰისადმი ლოიალურად განწყობილ არმიის ნაწილსა და მათ მიერ განდევნილი პრეზიდენტის აბდ რაბი მანსურ ჰადის მომხრე ჯარებს შორის. არაბული ქვეყნების კოალიცია, რომელსაც სათავეში საუდის არაბეთი უდგას, ჰადის უჭერს მხარს და 26 მარტიდან დღემდე განაგრძობს იემენის იმ რაიონებზე ავიაიერიშებს, რომლებსაც ჰუსიტები აკონტროლებენ.
ქვეყანაში ასევე მოქმედებენ ისეთი ტერორისტული დაჯგუფებების მომხრეები, როგორებიცაა „ალ–ქაიდა არაბეთის ნახევარკუნძულზე“ და „ისლამური სახელმწიფო“.