თბილისი, 24 სექტემბერი — Sputnik. მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრი, საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია ბანკ „რესპუბლიკას“ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისა და სამუშაო ადგილების შექმნის მიზნით,30 მლნ აშშ დოლარის ოდენობის კრედიტს გამოუყოფს, იუწყება IFC–ის თბილისის ოფისი.
2014–2015 წლების მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის კონკურენტუნარიანობის ინდექსის თანახმად, საქართველოში ფინანსებზე წვდომა ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია ბიზნესის წარმოებისთვის.
ბანკი „რესპუბლიკა“ IFC–ის გრძელვადიან დაფინანსებას მცირე ბიზნესის კრედიტირებისთვის გამოიყენებს და გაუმარტივებს მცირე და საშუალო ბიზნესს მაღალი ხარისხის საბანკო მომსახურებაზე წვდომას, რაც საქართველოში ხშირად ძალზე რთულია. საერთაშორისო საფინანსო კორპორაციას (IFC) ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ბანკ „რესპუბლიკისთვის“ დაახლოებით 80 მლნ აშშ დოლარი აქვს გამოყოფილი ამ მიზნით. ბანკი ასევე მონაწილეობს საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის ვაჭრობის დაფინანსების პროგრამაში.
საქართველო საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის წევრი 1995 წელს გახდა. IFC–მა სხვადასხვა სექტორის 52 პროექტში 1 მლრდ აშშ დოლარის ინვესტიცია ჩადო. აქედან 362 მლნ სხვადასხვა პარტნიორისგან არის მობილიზებული. ამას გარდა, IFC–ის ინვესტიციები ხელს უწყობს ქვეყანაში რეგიონული პროექტების განხორციელებას. IFC საქართველოს კერძო სექტორს, განვითარების მიზნით საკონსულტაციო პროექტებითაც ეხმარება.