როგორც ცნობილია, ყველაფერს თავისი ლოგიკა უნდა ჰქონდეს. მაგალითად, არის ცხოვრების ჰარმონიზაციის ლოგიკა. არის კი მასში მიზანშეწონილობა? რაიმე რაციონალური მარცვალი? რა თქმა უნდა, არის.
საქართველოს მთავრობამ აგვისტო არასასიამოვნო ასოციაციებით გააცილა და სექტემბერი ნატიფი მოხერხებულობით, ნაყოფიერი დაპირებებით დაიწყო, რაც პოლიტიკური სლალომის ოსტატებისთვის არის დამახასიათებელი. აგვისტოს მიწურულს, უელსის სამიტის პაკეტის თანახმად, ნატოს „ნანატრი“ სასწავლო ცენტრი ამ ალიანსის მორიგი გენერალური მდივნის მოკლევადიანი და დაჩქარებული ვიზიტის დღეებში გაიხსნა. სექტემბერი დადგა და საგარეო საქმეთა მინისტრი შეცვალეს. ესე იგი, ჩავწვდეთ: მაშინვე განაცხადეს უარი პოლიტიკურ ფიგურაზე, რომლის დროსაც, ორი დღით ადრე, ნატოს სასწავლო ცენტრი გახსნეს და დანიშნეს ფიგურა, რომელიც მოწოდებულია, გააძლიეროს და გაააქტიუროს სხვა ქვეყნებთან საგარეო ურთიერთობების ეკონომიკური კომპონენტი.
ეს — პრიორიტეტების საკითხისთვის. სიმართლე რომ ვთქვათ, შექმნილ პირობებში საქართველოსთვის პირველი ოპტიმალური სვლა დავინახეთ. პირველად მრავალი ბოლო წლის განმავლობაში, ოფიციალურმა თბილისმა — დაიღალა და გააცნობიერა რა საზიანო და არსობრივად თავს მოხვეული კონფრონტაცია გეოპოლიტიკური გარემოცვით, რომელმაც ოდესღაც მას გზიდან გადაახვევინა, დამცირებული და გულაცრუებული უსასრულო დაპირებებით, რომ რჩეულთა გვერდით ადგილს დაიმკვიდრებდა — ბოლოს და ბოლოს, უფრო ნათლად, ვიდრე ადრე, ამცნო მსოფლიოს, რომ მისთვის ბანკები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ტანკები. და რომ მისთვის პრიორიტეტი ეკონომიკა, მისი გაძლიერება და განახლება, ახალი პოტენციალით გაჯერებაა.
ქვეყანას შრომა სწყურია და არა ომი, სიცოცხლე და არა — სიკვდილი. მას უფლება აქვს, ივარაუდოს, რომ მოთმინებისა და თანამშრომლობის, კეთილმეზობლობის ატმოსფეროს შექმნის გზით და თუნდაც, შეფარდებითი ურთიერთგაგებით, ის თავის ახალ მოწოდებაში სხვებსაც დაარწმუნებს. მას აღარ სურს დროის დაკარგვა. დროა, რეალური ნაბიჯები გადაიდგას.
და აქ ასახსნელი არაფერია. დროა, საზოგადოება ფეხზე დააყენოს და თავი იხსნას სიძნელეებისგან, სიღარიბისა და დამცირებისგან. მეზობლებთან დაპირისპირებიდან სასარგებლო და ორივე მხრისთვის ხელსაყრელ თანამშრომლობაზე გადავიდეს — მოლაპარაკებების ახალ დონეზე გასვლის პერსპექტივით. და ეს დღეს, დასუსტებული და დანაწევრებული საქართველოსთვის, ნამდვილად მთავარი პრიორიტეტია.
დასავლელი ემისრები ამას, სავარაუდოდ, უფრო და უფრო გრძნობენ და იგებენ. და რაიმე ახლის მოფიქრებას ცდილობენ. ვთქვათ, ძველი გადაამღერონ ახალი პირების სახით, თუმცა, დაპირებების დამაჯერებლობა წარსულს ჩაბარდა. იმ წარსულს, როდესაც, 2008 წლის აპრილში ბუქარესტის სამიტი გაიმართა, შემდეგ, იმავე წელს — აგვისტოს ომი იყო, მერეც, შემდგომ თვებში — იგივე. ახლა კი, ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის თბილისში ვიზიტის დროს, უფრო აშკარა გახდა, რომ ალიანსის წევრობაზე საუბარი ისეთივე ილუზორული ხასიათისაა და საქართველოს წევრობის სამოქმედო გეგმის საფეხურზე გადაყვანას არავინ აპირებს. სხვა საქმეა, რომ ამის განსაკუთრებულ აუცილებლობას საზოგადოების საღად მოაზროვნე ფენებში უკვე ვეღარ ხედავენ, და თან ასეთი წევრობის პრესტიჟულობის ხარისხიც, გულწრფელად რომ ვთქვათ, არც თუ ცოტა ეჭვს იწვევს. რომ აღარაფერი ვთქვათ ამ ალიანსის პრაქტიკული მიზანშეწონილობისა და საიმედოობის შესახებ. შეუძლია კი ამ „ქოლგას“, სერიოზული გამოცდის შემთხვევაში, დაიცვას თუნდაც ჯერ საკუთარი თავი, და მზად არის, რომ მტკიცედ დაიცვას თავისი ახალი პარტნიორები და მოკავშირეები? ამაზე სულ უფრო ხშირად საუბრობენ ჩვენი პოლიტიკოსები და ექსპერტები. და იქნებ ჯობია, კონფრონტაციის რეჟიმისთვის წინაპირობები მოვხსნათ?
შთაბეჭდილება, სხვათა შორის, ისეთია, რომ ასეთი მზაობა საქართველოს პარტნიორებს არა აქვთ. პოლიტიკური მოსაზრებითაც, ეს არც თუ კარგად არის გამოხატული. თანაც, რამდენადაც საქართველომ დაკარგა ტერიტორიები, რომელთა დაბრუნებაც აუცილებელია, მაშინ რუსეთთან კონფლიქტისთვის თეორიული წინაპირობები, გარკვეულწილად, რჩება. კიდევ ერთხელ აღვნიშნოთ, რომ, თუ თეორიულად ვიმსჯელებთ, თუნდაც წინა, ფსიქიკურად არასტაბილური და გაუწონასწორებელი მმართველის დროს, ვითარება არა თეორიულად დაუშვებელი, არამედ, უბრალოდ, ფეთქებადსაშიშ ხასიათს ატარებდა.
ახლა საქართველო ომს არ აპირებს, აზრს ვერ ხედავს, და თან, კარგად რომ დავფიქრდეთ, ვისთან უნდა იომოს. მიუხედავად ამისა, ომის წინაპირობები, თუნდაც ოდნავ შესამჩნევი, როგორც თეთრ სახლსა და სახელმწიფო დეპარტამენტში მიიჩნევენ, მაინც რჩება. და თუ საქართველოს ნატოში მიიღებენ, მაშინ მას, მისი დაცვის ვალდებულებების პუნქტთან შესაბამისად, განსაკუთრებული მფარველობა უნდა გაუწიონ. გასაგებია, რომ მანამდე საქართველო ნატოს წევრობის სამოქმედო გეგმაზე უნდა გადავიდეს, რამდენი ხანი შეიძლება მისი ამ მდგომარეობაში გაჩერება? რაც უფრო ახლოა კანდიდატი ნატოსთან, მით უფრო მეტი ვალდებულება აქვს ალიანსს მის მიმართ. და რას მიიღებ მისგან, ასეთი ქვეყნისგან, ფიქრობენ მოკავშირეები. ალიანსის ბიუჯეტში სოლიდური და თუნდაც პროპორციული წვლილის შეტანა მას არ შეუძლია, ნავთობისა და ალმასის საბადოები არ გააჩნია. არ ჯობია, რომ მიმზიდველი „დემოკრატიის“ აშენებაში დახმარების სანაცვლოდ, გამოიყენო მისი ჯარი, ცოცხალი ძალა დედამიწის ცხელ წერტილებში? აი, ესაა მთელი საქმე.
თუმცა, საქართველომ ცდუნების ეტაპები უკვე გაიარა. და დღეს თავადაც არ არის მთლიანად მზად, დადებითად უპასუხოს კითხვას, რამდენად სარგებლის მომტანი და მიზანშეწონილია მისი ყოფნა არა მხოლოდ გაურკვეველ, არამედ უკიდურესად სარისკო მდგომარეობაში. თანაც, გეოსტრატეგიული მიზნებით, ეს რისკი გარედანაა შექმნილი. მას თითქოს ეუბნებიან: ჩვენთან უნდა იყო, რადგანაც შენი, როგორც მექანიზმის გამოყენება გვინდა ბირთვული პოტენციალის მქონე მეზობელი იმპერიის სტაბილურობისთვის ძირის გამოსათხრელად. ამიტომ რაღაც გემუქრება, და თუ გინდა, შედარებით მშვიდად იცხოვრო, გააკეთე ის, რასაც გიკარნახებთ. ჯერჯერობით, ნატოს სასწავლო ცენტრს ვხსნით, მერე — გამოჩნდება. და ის გახსნილია, ეს ცენტრი, რადგანაც ძველი შეთანხმება არსებობს, რომელიც ახალ, ჩვენი ქვეყნისთვის შეცვლილ პირობებშიც მოქმედებს.
სტოლტენბერგს გახსნის ცერემონიაზე საქართველოს ნატოში გაწევრიანების თაობაზე რამე უნდა ეთქვა. მაგალითად, გაიარა თუ არა საქართველომ თავისი დემოკრატიული არასრულფასოვნების სტადია? და მან თქვა, რომ МАР-ის სტატუსის მიღება ალიანსში მოხვედრის ერთადერთი გზა არ არის. რას ნიშნავს ეს — განმარტებები არ მოჰყოლია. ეს, ალბათ, იმას ნიშნავს, რომ მომავალი წინაა. და — არაფერი შეცვლილა. მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როდესაც სახელმწიფო, როგორც ადამიანები, იტანჯება და ავადდება აუსრულებელი სურვილებისა და ოცნებებისგან. თუმცა, არის სხვა გამოსავალიც, როცა ამბობენ: ზოგი ჭირი მარგებელია. და აი, ბოლო მომენტში, როცა გვეჩვენებოდა, რომ საკუთარი ინტერესები დავივიწყეთ, მთავრობამ, ნიმუშებისა და შეცდომების სტადიის გათვალისწინებით, პრიორიტეტების ბალანსის — მათი გაწონასწორების, კორექტივების შესახებ შეგვახსენა.
საქმისადმი მშვიდობიანი განზრახვა და სერიოზული დამოკიდებულება — ასეთია მთავრობაში ბოლო საკადრო ცვლილებების საშუალებით განხორციელებული გზავნილი. და როდესაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ღიად წუხს, რომ „საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობების პოლიტიკურ სივრცეში დინამიკა არ შეინიშნება“, ის ამით მთავრობის საერთო შეშფოთებას გამოხატავს და ამავე დროს, გარკვეული დროიდან, საზოგადოებისაც. დღეს გასაღების ახალი ბაზრების მოძიებაზეა საუბარი, კერძოდ, აზიურ სივრცეში უფრო აქტიურ გასვლაზე, მათ შორის ჩინეთში, რაც საქართველოსთვის დასავლეთის ბაზრის სიხისტის გამოა ნაკარნახევი, განსხვავებით აღმოსავლური, ევრაზიული ბაზრისგან, რომელიც უფრო ელასტიკური და თვინიერი, მორჩილი და გულისხმიერია და ერთობლივი მუშაობისთვის უფრო კარგად არის მომზადებული.
ამავდროულად, ოპოზიციასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს თავისი სახელმწიფო იმ ბარკასად წარმოუდგენიათ, რომელიც ბუქსირით მუდმივად რომელიმე ტანკერზეა მიბმული. დროა, ღია ზღვაში გავიდეთ და თავად განვსაზღვროთ საკუთარ შესაძლებლობებთან გათანაბრებული ცურვის მიზნები ისევე, როგორც უსაფრთხო თანამშრომლობის პირობები იმათთან, ვინც მზადაა, ერთად ვეძებოთ პოლიტიკური თუ სხვა გადარჩენისთვის ახალი შანსები.