კატა-თაგვობანა, ანუ ,,აივსო „სპალნა“ ფეხებით“

© public domainკატა-თაგვობანა
კატა-თაგვობანა - Sputnik საქართველო
გამოწერა

მერაბ ხაჩიძე

 უგულავასთან გამართულმა,,დაჭერობანამ“ ერთი კახური ანეკდოტი გამახსენა: მივლინებიდან,,უდროო დროს“ დაბრუნებულმა მიხომ თავის საწოლში ოთხი ფეხი რომ დათვალა, ჩაიბუზღუნა: თუ რამე ვთქვი, მეუბნებიან —ეჭვიანი ხარო, არადა, აივსო „სპალნა“ ფეხებითო?!

 უგულავას მომხრეებმა ნაადრევი ტაშ-ფანდურით აიკლეს ქვეყანა. გაღიზიანებულმა საზოგადოებამ კი, — დედის გინებით! (ასევე ნაჩქარევად).

 იმ წუთში გარეგნულად ერთიც მართალი იყო და მეორეც, მაგრამ ან იმათ რა უხაროდათ, ან დანარჩენებს რა გვწყინდა,- ამის ახსნა ცოტა ძნელია! ვის ვუბრაზდებით ბატონებო, ვის? საკუთარ თავს?!

 მახსოვს, როცა ქალბატონმა თინა ხიდაშელმა თქვა:  კოჰაბიტაცია ქართველი ხალხის ნების გამოხატულება იყოო, ლამის ტანსაცმლიდან ამოვხტით,- ხალხი რა შუაშიაო! იმ შუაშია, ჩემო ბატონო, რომ დუმილი თანხმობის ნიშანია და ეს ნათქვამიც გადავყლაპეთ, ბევრი მისი მსგავსი და ახლაც, ამ ბოლო აქტსაც დიდი ჭიქით ვაყოლებთ ცივ წყალს! თანაც თურმე ბედნიერები უნდა ვიყოთ და სულ „პოლიხროინიონ“ უნდა ვიმღეროთ იმიტომ, რომ უშველებელი დემოკრატიული ნაბიჯი გადავდგით და „ნაცების“ მიერ ადრე მიღებული დრაკონული კანონი მათივე საჩივრის მერე გავაუქმეთ.

 „ნაცებს“ რომ არ ეჩივლათ, რას ვაპირებდით მაშინ? ამ კანონს ძალაში ისევ ვტოვებდით? მაინც როდემდე?! 

 ფაქტია, დემოკრატია არც ერს ვნებს და არც სახელმწიფოს!

 …მაგრამ არც ასე მარტივადაა საქმე! „ნაცებს“ და მათ პატრონებს უგულავას გამოშვება სჭირდებოდათ, არც ხელისუფლებას აწყენდა დასავლეთის წინაშე ფაქტით გამყარებული დემოკრატის იმიჯი მაშინ, როცა ამ ორივე სურვილს ის ავადსახსენებელი კონსტიტუციური ნორმა უშლიდა ხელს! ამიტომაც წაუყრუეს კონსტიტუციური სასამართლოს თავმჯდომარეს. არადა, ყველამ მშვენივრად იცოდა, რომ 18 სექტემბერს უგულავას საბოლოო განაჩენით ციხე ელოდა.

 სიმართლე თუ გნებავთ,- ეს არის!

 ამ აქციით ხელისუფლებამ ერთი ძველი თავსატეხიც მოიგვარა!

 ჟურნალისტებთან მოდავეებს „არგუმენტებით საუბარი“ უყვართ!

 წარმოვიდგინოთ, რომ ხელისუფლებას მართლა უნდოდა „ნაცების“ მიღებული უაზრობის გაუქმება. წესით, ეს არც ისე უნდა გაძნელებოდათ, მაგრამ ისიც წარმოვიდგინოთ, რა რეაქცია შეიძლება ამას მოყოლოდა, როცა უგულავა უკვე თავისიანების „დახმარების“ გარეშე გამოვიდოდა ციხიდან! არადა, შეცვლილი კანონის ფონზე აუცილებლად გამოვიდოდა!

 ჰოდა, იოლად დახუჭა თვალი ნაცების „საჩივარზე“.

 იოლს იმიტომ ვამბობ, რომ უგულავასთვის ბრალეულობის დამძიმება (ობიექტურად) და მისთვის საკადრისის მისჯა აქამდე ან ვერ მოხერხდა, ან „ვიღაცებმა აკრძალეს“!

 აი, ყველაფერმა ამან გამახსენა, კახელების ის ხუმრობაც, დასაწყისში რომ მოგახსენეთ.

 აი, ასეთი შეგნებული თუ შეუგნებელი „შეხმატკბილების“ მსხვერპლია დღეს ქართული პოლიტიკაც, სახელმწიფოებრიობაც და კანონმდებლობაც!

 ბოროტი ენები იმასაც ამბობენ, რომ ქართულ, ნაცებისდროინდელ კანონმდებლობაში სხვა რამდენიმე „უხერხულობაცაა“.

 ის დროა, ახლა მართლა მოვიფიქროთ, როგორ ვაიძულოთ და შევაცვლევინოთ ეს „უხერხულობები“ ხელისუფლებას, თორემ თუ „ნაცებმა“ ისევ „იჩივლეს“ და პატრონებმა ეს ხელისუფლებაც დათმობისკენ წაიყვანეს, მერაბიშვილ-ახალაიას ტრიუმფალურ თაღში გატარებაც არ არის შორს! კი ბატონო, მაგრამ უგულავა რომ ისევ ციხეში შეაბრუნესო?!

 ასეთი კითხვა ჯობდა ამ პოლიტიკოსებისთვის დაგვესვა, ორიოდე მარტივი კომბინაციის გათვლა რომ უჭირთ და უგულავა გარეთ დარჩენილი ეგონათ. ახლა კი არიან ცოტათი დაბნეულები, მაგრამ იმედია, ორ-სამ დღეში აზრზე მოვლენ და ახალი ძალით შეეცდებიან ღია კარის შემტვრევას!

 უგულავას უკანვე შებრუნება მე პირადად დაწყებული აქტის მეორე ნაწილი მგონია. მისჯილი ოთხნახევარი წლიდან მას წელიწადზე მეტი უკვე მოხდილი აქვს, დანარჩენი გამოცდილ იურისტებს ჰკითხეთ!

 ერთიც არის,- ძალიან სერიოზულები თუ ვიქნებით, ჩვენნაირ სახელმწიფოს და მის ხელისუფლებას ბევრი რამის მიმართ უჭირს გამკლავებაც და ანგარიშის გაწევაც,- ესეც სიმართლე და დღევანდელი პოლიტიკური რეალობაა.

 მოყვარე საერთოდ არ გაგვაჩნია, მტერი კი – იცოცხლე, რამდენიც გინდა, იმდენია.

 ვიცი, ახლა სხვა რიტორიკული კითხვებიც დაისმება და მათ შორის ისიც – როდემდე უნდა გვატრიალოს დასავლეთმა და აღმოსავლეთმა თავის ჭკუაზე?!

 რა მოგახსენოთ, თუ წისქვილში გამართულ ბეგლარას და სოსოიას საუბრად არ მოგეჩვენათ ჩემი ნათქვამიც და ეჭვებიც, მაშინ ბევრ რამეზე გვმართებს ფიქრი! პირველ რიგში კი…

 ჩვენ სხვა სამშობლო არ გვაქვს და სანამ სხვას, თუნდაც სამართლიანად რაიმეს ვუსაყვედურებთ, იქნებ, ისიც გავიაზროთ, ნამდვილად ერი ვართ თუ სხვისი ხელის და ჭკუის შემყურე უნიათო პერსონების კრებული?! თავისუფლება მართლა ლომთა ხვედრია! მაგრამ ეს უკვე უგულავას არ ეხება…

 

 


ყველა ახალი ამბავი
0