თბილისი, 23 სექტემბერი — Sputnik. ქართველი მოფარიკავე ირმა ხეცურიანი პარაოლიმპიელთა შორის მოფარიკავეთა მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი გახდა. ჩემპიონატი უნგრეთის ქალაქ ეგერში ტარდებოდა.
„ბე“ ჯგუფში ყველა ორთაბრძოლის მოგების შემდეგ, ხეცურიანმა ფინალამდე პოლონეთის ორ წარმომადგენელს მოუგო — იოანა ჟეპვასა და პატრისია ხერეზას.
გადამწყვეტ ორთაბრძოლაში ხეცურიანის მოწინააღმდეგე ძალზე გამოცდილი ტატიანა პოზნაკი გახდა, რომელმაც 15:13 მოიგო.
აღსანიშნავია ასევე რომან აბაშიძის საკმაოდ კარგი გამოსვლა. მან მოუგო იტალიელ პარაოლიმპიელ ჩემპიონს პელეგრინს და 16 უძლიერეს მოფარიკავეთა შორის მოხვდა.
სულ ფარიკაობის პარაოლიმპიურ მსოფლიო ჩემპიონატში 300 სპორტსმენი იღებდა მონაწილეობას მსოფლიოს 50-ზე მეტი ქვეყნიდან.