თბილისი, 22 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს მთავარი პროკურორი წლის ბოლომდე შეიძლება ახალი წესის მიხედვით აირჩეს, განაცხადა სამშაბათს, 22 სექტემბერს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა.
საქართველოს პარლამენტმა „პროკურატურის შესახებ“ კანონში შესწორებები გასულ კვირას შეიტანა. მანამდე, ქვეყნის მთავარ პროკურორს პრემიერ-მინისტრი,იუსტიციის მინისტრის წარდგენით ნიშნავდა. ამიერიდან, მთავარ პროკურორს პარლამენტი ექვსი წლის ვადით, გადარჩევის უფლების გარეშე დაამტკიცებს.
„მალე ძალაში შევა რეფორმა პროკურატურის შესახებ. იმედი მაქვს, რომ პრეზიდენტი ამ პროგრესულ კანონს რაც შეიძლება, მალე მოაწერს ხელს, რათა უკვე წლის ბოლომდე ახალი წესებით ახალი პროკურორი ავირჩიოთ“, — განაცხადა წულუკიანმა.
მთავარი პროკურორის კანდიდატურას პროკურორთა საბჭო წარადგენს, რომელიც შესწორებების ამოქმედების შემდეგ ჩამოყალიბდება.
პრეზიდენტის ადმინისტრაცია შემუშავებული რეფორმის წინააღმდეგია. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ „პროკურატურის შესახებ“ კანონში შესწორებები მმართველი კოალიციის „ქართული ოცნების“ ინტერესებშია, რომელსაც პარლამენტში მანდატების უმრავლესობა აქვს.
პრეზიდენტის განმარტებით, საჭიროა ისეთი რეფორმა, რომელიც ხელისუფლების შტოებს შორის ბალანსის გათვალისწინებით, პროკურატურას ღირსეულ ადგილს მიუჩენს.