თბილისი, 22 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა მინსტრი, ვიცე–პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი ორდღიანი სამუშაო ვიზიტით საფრანგეთში გაემგზავრება, იუწყება საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური სამშაბათს, 22 სექტემბერს.
მინისტრს დაგეგმილი აქვს შეხვედრები საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ლორან ფაბიუსთან (Laurent Fabius), საფრანგეთის ბიზნეს კონფედერაციის საერთაშორისო ორგანიზაცია MEDEF International–ის პრეზიდენტ ჟან ბიურელთან და ასევე საფრანგეთის ბიზნესსაზოგადოებასთან.
"MEDEF International-ში საქართველოს შესახებ პრეზენტაცია გაიმართება. ორგანიზაციის წევრებს მიაწვდიან ინფორმაციას საქართველოში გატარებული რეფორმების, ბიზნეს და საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ“, — ნათქვამია პრესსამსახურის განცხადებაში.
გიორგი კვირიკაშვილთან ერთად დელეგაციაში არიან: საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ ჯანელიძე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილი, საქართველოს საინვესტიციო სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი პერტაია და საქართველოს ბიზნესასოციაციის ხელმძღვანელი ირაკლი ასლანიშვილი.
MEDEF International–ი — ეს სახელმწიფოსგან დამოუკიდებელი, კერძო ორგანიზაციაა, რომელშიც 800 ათასი საწარმოა გაერთიანებული. MEDEF International–ი საფრანგეთის მთავრობის აღიარებული პარტნიორია, როგორც სოციალურ, ისე ეკონომიკურ მოლაპარაკებებში.