თბილისი, 22 სექტემბერი — Sputnik. ეროვნული ბანკის სტრუქტურიდან ფინანსური ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფას ოპოზიციამ კონსტიტუციურ ნორმებთან შეუსაბამო უწოდა, იუწყება ქართული მედია.
ამასთან დაკავშირებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „თავისუფალი დემოკრატების“ ფრაქციების წევრებმა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში ერთობლივი სარჩელი შეიტანეს.
პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ეწინააღმდეგებოდა ფინანსური ზედამხედველობის სამსახურის ეროვნული ბანკის სტრუქტურიდან გამოყოფას, მაგრამ პარლამენტმა არ გაითვალისწინა მისი რეკომენდაციები. შესაბამისად, 2015 წლის 11 სექტემბერს „კანონი საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ძალაში შევიდა.
„ეს ცვლილებები საქრათველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება“, — განაცხადა ენმ–ს დეპუტატმა მიხეილ მაჭავარიანმა.
იმისათვის, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეეტანათ, ოპოზიციონერებმა 30–ზე მეტი დეპუტატის ხელმოწერა მოაგროვეს.
ოპოზიცია ირწმუნება, რომ ეროვნული ბანკის სტრუქტურიდან საზედამხედველო სამსახურის გამოყოფა პოლიტიკური მოტივებითაა ნაკარნახევი და არა ეკონომიკური აუცილებლობით.