თბილისი, 22 სექტემბერი — Sputnik. უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ უკრაინის ნატოსთან თავდაცვით-ტექნიკური თანამშრომლობის გაძლიერების შესახებ ერთობლივი დეკლარაციის ხელმოწერის შესახებ განცხადება გააკეთა.
„ახლახან მოეწერა ხელი ერთობლივ დეკლარაციას უკრაინის ნატოსთან თავდაცვით-ტექნიკური თანამშრომლობის გაძლიერების შესახებ“, — იუწყება უკრაინის პრეზიდენტის "ფეისბუქის" ოფიციალური ვებგვერდი.
როგორც უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს ვებგვერდზეა აღნიშნული, საბჭოს ხელმძღვანელმა და ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა სტრატეგიულ კომუნიკაციებზე პარტნიორობის პროგრამის საგზაო რუკას მოაწერეს ხელი. საბჭოს პრეს–სამსახური იუწყება, რომ პროგრამა „რუსული პროპაგანდის საწინააღმდეგოდ“ არის მიმართული.
„ხელმოწერილი დოკუმენტები ითვალისწინებს ჩვენი ურთიერთობების გაღრმავებას თანამედროვე გამოწვევებისადმი დაპირისპირების საკვანძო სფეროებში და ჩვენი თანამშრომლობის ახალი, ბევრად უფრო პრაქტიკული ეტაპის დაწყებაზე მეტყველებს“, — აღნიშნეს უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოში.
უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს განცხადებით, როგორც კი ქვეყანა აუცილებელ რეფორმებს გაატარებს, ნატოში გაწევრიანების შესახებ რეფერდუმის ჩატარებაზე გადაწყვეტილებას მაშინვე მიიღებს.
გასული წლის დეკემბრის თვეში უმაღლესმა რადამ ცვლილებები შეიტანა ორ კანონში და სახელმწიფოს ბლოკგარეშე სტატუსზე უარი განაცხადა. ცოტა ხნის წინ დამტკიცებული სამხედრო დოქტრინა ნატოსკენ სწრაფვის კურსს ითვალისწინებს: უკრაინამ 2020 წლისთვის თავისი შეიარაღებული ძალების ნატოს წევრი–ქვეყნების ძალებთან შეთავსებადობა უნდა უზრუნველყოს. თუმცა, ექსპერტები ვარაუდობენ, რომ უკრაინა ნატოს წევრობის პრეტენდენტი უახლოესი 20 წლის განმავლობაში ვერ გახდება.