თბილისი, 22 სექტემბერი — Sputnik. აშშ-ის მოსახლეობის თითქმის ნახევარი (49%) საკუთარ ფედერალურ მთავრობას „უშუალო საფრთხედ“ მიიჩნევს. ასეთი შედეგები აჩვენა საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელი ორგანიზაცია Gallup-ის მიერ ჩატარებულმა გამოკითხვამ.
ორგანიზაციის მონაცემებით, 2003 წელს „ჩვეულებრივი მოქალაქეების უფლებებისა და თავისუფლებებისთვის უშუალო საფრთხის“ შემცველად მთავრობას გამოკითხულთა მესამედზე ნაკლები მიიჩნევდა. მას შემდეგ კი ეს მონაცემი თანდათან იზრდებოდა (გარდა 2013 წლის მაჩვენებლისა).
Gallup–ი აღნიშნავს, რომ ამ პოზიციის მხარდამჭერები თავიანთ მოსაზრებას სხვადასხვა მიზეზებით ხსნიან. მათი 19% მიიჩნევს, რომ მთავრობის ძალაუფლება მეტისმეტად გაიზარდა და ის ძალიან ბევრ კანონს იღებს. 15% უკმაყოფილოა თავისუფლებებისა და სამოქალაქო უფლებების დარღვევით.
მთავრობის მცდელობით, გააკონტროლოს იარაღის ბრუნვა, უკმაყოფილოა 12%. ისინი ამას ქვეყნის კონსტიტუციის მეორე შესწორების დარღვევად აღიქვამენ. გამოკითხულთა 10%, ვინც მთავრობას საფრთხედ მიიჩნევს, მას ადამიანების კერძო ცხოვრებაში მეტისმეტად ჩარევაში ადანაშაულებს.
მთავრობით უკმაყოფილების სხვა მიზეზებს შორისაა: პოლიციის სისასტიკე, ძალიან მაღალი გადასახადები, ჯანდაცვასთან დაკავშირებული პრობლემები, სიტყვის თავისუფლებასთან და რელიგიის აღმსარებლობასთან დაკავშირებული დარღვევები, მოქალაქეების თვალთვალი და სხვა.
იმ ამერიკელთა 65%, ვინც თავის მთავრობას საფრთხედ მიიჩნევს, რესპუბლიკელების ხედვას იზიარებს, ხოლო დემოკრატებს მხოლოდ 32% უჭერს მხარს.